კორეელი ფეხბურთელი, რომელიც თავის ხელფასს მთავრობას უხდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" ჩრდილოკორეელი ამომავალი ვარსკვლავის, ჰან კვანგ სონგის გადაბირება სურს.

იგი იჯარით იტალიის სერია ბ-ს ბინადარ "პერუჯაში" ასპარეზობს და პირველ წრეში კარგი თამაშით გამოირჩა.

ფეხბურთელი ამჟამად "კალიარის" საკუთრებაა.

სონგი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში დაიბადა და 13 წლის ასაკში, ქვეყნის მთავრობის ინიციატივით, "ბარსელონას" აკადემიაში გაგზავნეს.

მან 2015 წელს, ჩილეში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინა.

ამის შემდეგ კიმ ჯონგ უნთან დაახლოებულმა იტალიელმა სენატორმა ანტონიო რაციმ სონგი იტალიაში პრესტიჟულ, აისიემის აკადემიაში მიიწვია.

მას სერია ა-ში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და თავი კარგი თამაშით
გამოიჩინა.

თუმცა, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკამ ფეხბურთელს კარიერა შეიძლება დაუნგრიოს.

ცოტა ხნის წინ იგი პოპულარულ შოუ "ლა დომენიკა სპორტივაში" მიიწვიეს, რათა იტალიელ ტიფოზებს იგი უკეთესად გაეცნოთ.

თუმცა, შოუს დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე მას კორეიდან დაურეკეს და გადაცემაში მონაწილეობა აუკრძალეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნებით დაემუქრნენ.

ასევე კითხვებს ბადებს, უნდა უხდიდეს თუ არა "კალიარი" მას ხელფასს, რადგან ჩრდილოეთ კორეის კანონების თანახმად, ქვეყნის მოქალაქის ხელფასი, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ მუშაობს, კორეის მთავრობას ეკუთვნის.

შესაბამისად, ფეხბურთელისთვის გადახდილი თანხის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ერიცხება.

გამოდის, რომ "კალიარი" ჩრდილოეთ კორეის მთავრობას აფინანსებს.

გასულ წელს იტალია გახდა მეხუთე ქვეყანა, რომელმაც ქვეყანაში არსებული დიქტატურისა და ბირთვული პროგრამის გამო, ქვეყნიდან ჩრდილოეთ კორეის ელჩი გააძევა.

"კალიარის" წარმომადგენლების თქმით, ხელფასი ფეხბურთელს ერიცხება, თუმცა არ იციან, თუ რას უშვრება იგი ამ თანხას.

თუკი "იუვენტუსი" მას გადაიბირებს და ხელფასს გაუორმაგებს ან გაუსამმაგებს, ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდება.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული