ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მცველი, 21 წლის გიორგი თევზაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.

თევზაძემ "ჟილინასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ჟილინამ" გასულ სეზონში ფორტუნა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

გიორგი "დინამოს" ამ წერილით დაემშვიდობა:

"დინამოში" 3 წელიწადზე მეტი გავატარე და ამ პერიოდში საქართველოში არსებული ყველა ტიტული მოვიგე. იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიმდიოდა კლუბში და იყო მომენტები, როდესაც ტრავმებმა და შემდეგ აღდგენითმა პერიოდმა გამაწვალა. საბოლოო ჯამში, მე "დინამოში" დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და
ახლა კი ვემშვიდობები ამ კლუბს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს, "დინამოში" მომუშავე პერსონალს, ჩემს კოლეგებს, სამწვრთნელო შტაბს და პრეზიდენტს. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც სლოვაკური "ჟილინა" ჰქვია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პერიოდი წარმატებული მექნება. "დინამო" კი სამუდამოდ ჩემს გულშია".

თევზაძემ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2017 წლის სეზონში 18 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა. მან "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე წარადგინა თავად სლოვაკურმა კლუბმა. "ჟილინამ" ოფიციალურ ვებგვერდზე ფეხბურთელის კომენტარიც გამოაქვეყნა.

"პირველი შთაბეჭდილებები კარგია, სტადიონი მშვენიერია. ვგრძნობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. საკმაოდ მოტივირებული ვარ. მინდა, ჩემი კარგი თვისებები, თამაში და ნიჭი გამოვავლინო", - განაცხადა თევზაძემ.

Sportall.Geთევზაძე მეორე ქართველი ფეხბურთელი იქნება, ვისაც "ჟილინას" ღირსებას დაუცავს. პირველი გიორგი ციმაკურიძე იყო, რომელიც სლოვაკურ გუნდში 2009 წელს თამაშობდა. ციმაკურიძემ "ჟილინას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

"რა თქმა უნდა, მინდა, რომ ძირითადში ვითამაშო და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ჩემი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი სლოვაკეთში მუშაობდნენ. ამიტომ ვიცი, რომ "ჟილინა" სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. "ჟილინა" აგრესიულად თამაშობს და მუდმივად დომინირებს. გუნდი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია", - აღნიშნა თევზაძემ.

ქართველი ახალწვეულის შესახებ კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კაროლ ბელანიკმაც გააკეთა.

"დიდი ხანი ვაკვირდებოდით გიორგის და როცა მისი დამატების შანსი გამოჩნდა, ის გამოვიყენეთ. გიორგი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის საჭირონი არიან. მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიციაზე კონკურენციას გავაძლიერებთ. გიორგის დრო დასჭირდება, რომ ახალ პირობებს მიეჩვიოს, აკლიმატიზაცია გაიაროს. ეს მისთვის პირველი უცხოური კლუბია, თუმცა მას აქვს პოტენციალი", - თქვა ბელანიკმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი დიდ წარმატებებს გისურვებ, გაიხარე და გაგვახარე ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.
გაიოზ გოშაძე
13:07 13-06-2018
1
ჰოპ ჟილინა, ჟილინა
კი ეგრეა
12:45 13-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული