გთავაზობთ 23 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:
იენს ჰაუგემ კარიერა შესაძლოა ბუნდესლიგის გუნდში განაგრძოს. TuttoSport-ის ცნობით, ახალგაზრდა შემტევით ფრანკფურტის "აინტრახტი" და "ვოლსბურგია" დაინტერესებული. "როსონერი" ნორვეგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვს.
"ბარსელონას" ექსფეხბურთელი პაულინიო საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ-აჰლიში" გადავიდა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
როს ბარკლი, დიდი ალბათობით, "ჩელსის" დატოვებს და "ასტონ ვილაში" გადაბარგდება. ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ ასევე "ვესტ ჰემია" დაინტერესებული.
სიმონე ინძაგის გეგმებში არტურო ვიდალი აღარ შედის. ჩილელი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, "ბოკა ხუნიორსში" გადავა. როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხუან
რომან რიკელმემ განაცხადა, "ნერაძურის" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, ეს ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.
ევრო 2020-ის შემდეგ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდება. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მცველის თაობაზე მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონზე მეტს შეადგენს.
დავიდ ლუისი 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ბრაზილიელი მცველით "დემირსპორი" დაინტერესდა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ამ კლუბში სათამაშოდ მარიო ბალოტელი გადავიდა. როგორც ჩანს, ლუისი "არსენალში" აღარ დარჩება.
დემერაი გრეი კარიერას "ლევერკუზენიდან" "ევერტონში" 1.7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ განაგრძობს. შემტევი ახალ გუნდთან ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
ანდრე აიუ კარიერას ხავი ერნანდესის "ალ-სადში" განაგრძობს. შეგახსენებთ, განელი ფეხბურთელი გასულ სეზონში "სუონსიდან" "ფენერბაჰჩეში" იყო განათხოვრებული.
Talksport-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზის" ნახევარმცველის, რუბენ ნევესის საკუთარ კლუბში გადაყვანასთან ახლოსაა. პორტუგალიელი ფეხბურთელის სამსახურით "არსენალიცაა" დაინტერესებული.
ხოსე კალეხონი შესაძლოა "ფიორენტინიდან" მის ყოფილ მწვრთნელთან, მაურისიო სარისთან "ლაციოში" გადაბარგდეს. შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი 2013-20 წლებში "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, რა დროსაც მონაწილეობა 255 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 64 გოლით გამოიჩინა.
"მილანი" ტეო ერნანდესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება. "როსონერის" ხელმძღვანელობა ფრანგს წლიური ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს სთავაზობს. განაპირა მცველით "პარი სენ ჟერმენია" დაინტერესებული.
Tuttosport-ის ცნობით, პაულო დიბალა "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბიანკონერისა" და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ შესაძლოა არგენტინელი ფეხბურთელი და ანტუან გრიზმანი ერთმანეთში გაცვალონ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით