მოჰამედ სალაჰმა კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" გააგრძელოს.
"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას შეტევითი ნაწილის გაძლიერება სურს. პრიორიტეტი "დორტმუნდის" ფორვარდი ერლინ ჰოლანია, სათადარიგო ვარიანტად კი ეგვიპტელი ვარსკვლავი მოგვევლინა. უნდა ითქვას, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ნორვეგიელის დამატება გაუჭირდება, რადგან ჰოლანის დასარწმუნებლად სხვა გუნდებიც იბრძვიან, როგორებიც არიან "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" (მცირე ჩამონათვალი).
ესპანური AS-ის ცნობით, "ბარსელონა" სალაჰის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა შემტევს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.
მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელი პოზიციით კლასიკური ცხრიანი არ არის, ხავი მასში დიდ შესაძლებლობებს ხედავს, გუნდის ბოსები
კი თვლიან, რომ მოჰამედის მოყვანა სეზონში, როგორც მინიმუმ, 30 შედეგიან მოქმედებას მოიტანს.
ამასთან ერთად, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 29 წლის ფეხბურთელის ყიდვა იმაზე ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე სკანდინავიელი ვუნდერკინდის.
"ბლაუგრანას" წარმომადგენლები აფრიკელი სპორტსმენის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. თავად ფეხბურთელი გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით