ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I ტურები: რაღაც განსაკუთრებულის იმედად...

AutoSharing Option
სამშაბათის წყვილებში, თითქოს, საბოლოო გამარჯვებულთა ვინაობა გარკვეულია, "ბაიერნს" და, მით უმეტეს, "რეალს" სულ ცოტა აშორებთ ნახევარფინალამდე.

დღეს კიდევ ორი წყვილი ჩაერთვება ამ ორომტრიალში - ინგლისური დერბი "ლივერპულსა" და "სიტის" შორის და კიდევ ერთი ესპანურ-იტალიური დაპირისპირება, ამჯერად, "კამპ ნოუზე"...

ოთხშაბათი, 4 აპრილი
ბარსელონა-რომა 22:45

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - ლ. სუარესი, მესი

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი - ელ შაარავი,
ჯეკო, პეროტი

არ ითამაშებს: - კარსდორფი, იუნდერი
საეჭვოა: ბუსკეტსი - ნაინგოლანი, პელეგრინი

"ბარსელონას" და ამ დუელის ბედი დიდწილად, 30 წლის გენიოსის, ლეო მესის საზარდულზეა დამოკიდებული. წესით და რიგით, არგენტინელმა მტკივანი საზარდული მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის (თუ სრულად 90 წუთი არა, ნაწილობრივ მაინც). ასეთ შემთხვევაში კი "რომას" კარგი დღე არ უნდა ელოდეს.

არგენტინის ნაკრები და ბოლო დროს "ბარსელონაც" ლეოზე დიდად დამოკიდებული გუნდები არიან. ეს ახლახან ორჯერ დამტკიცდა - ჯერ მადრიდში ტრავმირებული მესის გარეშე მოთამაშე "ალბისელესტე" "როხასთან" 1:6 შერცხვა, შემდეგ კი "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" "ბარსას" ყველაფერში სჯობდა და 2:0-საც უგებდა, სანამ მოედანზე ტრავმამოშუშებული მესი შევიდოდა (2:2 სუარესისა და მესის გოლების წყალობით).

"ბარსელონას" ბანაკში მესის თამაში ეჭვს აღარ იწვევს, აი, სერხიო ბუსკეტსის გამოსვლა მოედანზე კი მართლაც სათუოა. გუშინ მან ვარჯიში შეძლო, მაგრამ აშკარად ვერ არის ფორმაში.

"რომასთვის" დიდი დანაკლისია თურქი იუნდერი, რომელმაც ამ სეზონში ხმამაღლა დაიქუხა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზეც. ცოტა არ იყოს, საეჭვოა რაჯა ნაინგოლანის თამაშიც, თუმცა ბელგიელის შემთხვევაში, პროგნოზი ოპტიმისტურია.

პრესკონფერენცია
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "რომას" მატჩებს ხშირად ვადევნებდი თვალს ჯგუფურ ეტაპზე და ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ეს კლუბი მეოთხედფინალში გავიდა.

"რომა" თავს ძალზე სოლიდურად იცავს, მაგრამ ეს არ არის მისი მთავარი იარაღი - გუნდი შეტევაშიც შესანიშნავია. არ მომწონს ის აზრი, თითქოს, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი პირველივე მატჩში გადავწყვიტოთ. არ არის ასე, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია და "რომას" დამარცხება ძალიან ძნელი იქნება.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფანები ისევე დაგვეხმარებიან, როგორც ამას აკეთებდნენ "ჩელსისთან" დაპირისპირებაში".

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ხვალ, როგორც არასდროს, ერთ გუნდად უნდა შევიკრათ. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენს ფანებსა და საფეხბურთო სამყაროს რაღაც განსაკუთრებული ვაჩვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "კამპ ნოუზე" თამაშს აზრი არა აქვს.

მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. მიმაჩნია, რომ ის საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ არ გვსურს, რომ ხვალ ჩვენი იმედი დასრულდეს. უკომპლექსოდ უნდა ვითამაშოთ და "ბარსელონას" რაც შეიძლება ნაკლები შანსი მივცეთ.

ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და, თუ საჭიროა, ბურთზე კონტროლიც უნდა დავაწესოთ. არ უნდა შეგვეშინდეს ამის".

ფაქტები
  • "ბარსელონა" ზედიზედ მე-11-დ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.
  • ლეო მესიმ (ბარსელონა) იტალიური კლუბების წინააღმდეგ 19 მატჩი ითამაშა და 12 გოლი გაიტანა.
  • "რომა" 1983/84 წლების სეზონის მერე არ გასულა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში.

ოთხშაბათი, 4 აპრილი
ლივერპული-სიტი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - სალაჰი, ფირმინო, მანე

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, კომპანი, ლაპორტი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დ. სილვა - სტერლინგი, ჟეზუში, სანე

არ ითამაშებს: მატიპი, გომესი, კლავანი, ლალანა, ვუდბერნი, ბრიუსტერი - მენდი, აგუერო
საეჭვოა: ჯანი - სტოუნსი

იურგენ კლოპისა და ხოსეპ გვარდიოლას დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. მართალია, დუელში უპირატესობას "მანჩესტერ სიტის" ანიჭებენ, მაგრამ დღეს თამაში "ენფილდზეა", იქ კი "ლივერპული" არც ერთ მეტოქესთან არ არის აუტსაიდერი.

ეს ორი კლუბი უამრავჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. უთამაშიათ პრემიერლიგაში, ასოციაციის თასზე, ლიგის თასზე... მაგრამ პირველად ხვდებიან ერთმანეთს ევროთასებზე.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ "ლივერპულმა" შეძლო "სიტის" დამარცხება. იანვარში "წითლებმა" 4:3 იმარჯვეს. ერთია, კლოპის გუნდის დაცვის ხაზი საშინლად თამაშობს და "სიტი" არ აპატიებს მეტოქეს დაცვაში შეცდომებს, თუნდაც, ტრავმირებული სერხიო აგუეროს გარეშე, რომლის ადგილსაც ბრაზილიელი გაბრიელ ჟეზუში დაიკავებს.

ამ მხრივ, მანჩესტერელებს უპირატესობა აქვთ. არგენტინელისა და ბენჟამინ მენდის გარდა, ყველა მწყობრშია, საეჭვო მხოლოდ ჯონ სტოუნსის თამაშია. კლოპს კი ნახევარი გუნდი არ ეყოლება.

პრესკონფერენცია
იურგენ კლოპი (ლივერპული): "ჩემპიონთა ლიგაზე მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ეთამაშები. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. "სიტი" ახლა ალბათ საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ჩვენც არ ვუჩივით რამეს.

მიყვარს რთულ ამოცანებთან შეჭიდება, ბევრი შრომა. მწვრთნელისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა, თითქმის გადაულახავი სიძნელეების დაძლევა. მთავარია, ბიჭები სრულ მზადყოფნაში მივიყვანო სასტარტო სასტვენამდე. ეს ძალიან დიდი შანსი და გამოწვევაა. ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "ყველა ლაპარაკობს, რომ "ლივერპული" ჩვენთვის რთული მეტოქეა, მაგრამ ასევე იქნებოდა, თუკი "სევილია", "ბარსელონა" ან "ბაიერნი" შეგვხვდებოდა.

მეოთხედფინალში მხოლოდ ასეთი გუნდები გადიან. ჩვენი სათამაშო სტილი ძალიან აწყობს "ლივერპულს". რა თქმა უნდა, ამ მომენტის გათვალისწინებას ვაპირებ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ საუკეთესო გზა ყოველთვის შენი ფეხბურთის თამაშია, სტილს არ უნდა უღალატო".

ფაქტები
  • ეს არის "ლივერპულისა" და "სიტის" პირველი დაპირისპირება ევროთასებზე.
  • ინგლისში "ლივერპული" უგებს "სიტის" - 87 მოგება, 46 ფრე, 45 წაგება.
  • "ლივერპული" ერთადერთია, რომელმაც "სიტის" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოუგო.
  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან "სიტიმ" 5 წააგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული