ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბარსელონას" ლამაზი გოლები "ტოტენჰემთან" და "ლივერპულის" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა და აბსოლუტურად ყველა საინტერესო იყო.

"ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია "ბრიუგეს". დუბლი გრიზმანმა შეასრულა. ის ტურნირზე მე - 8 000 გოლის ავტორი გახდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბელგიურმა გუნდმა სერიოზული წინაღმდეგობა გაუწია მადრიდელებს და საფინალო სასტვენამდე არ იყო გარკვეული გამარჯვებულის ვინაობა. გროენეველდის გოლიც საუცხოო გახლდათ.


"მონაკომ" პირთამდე სავსე "იდუნა პარკზე" მხოლოდ შესვენებამდე გაუძლო "დორტმუნდს", მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა იძალეს და დამსახურებულად
გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე ალკასერმა როისის გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (ბურთი ხარიხას გარტყა), სამ წუთში კი მაინც გაიტანა გოლი. როისმა უკანასკნელ 9 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. "მონაკომ" ზედიზედ 9 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება და ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ მოიგო.


"ბარსელონამ" "უემბლის" სტადიონის მოედნის საფარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა ამას გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია. ანგარიში დებიუტში კოუტინიომ მეკარე ლორისის შეცდომის შემდეგ გახსნა, 28-ე წუთზე კი რაკიტიჩმა დალაშქრა "ტოტენჰემის" კარი. შესვენების მერე კეინმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ მალე მესიმ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მაინც არ დანებდნენ "დეზები" და ლამელამ ანგარიში 2:3 გახადა. ბოლოს კი მესიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრა 2:4 დასრულდა. მესიმ კარიერაში ამ ტურნირის პირველ 2 მატჩში პირველად გაიტანა 5 გოლი."ბარსას" მცველმა პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩატარა.


"ინტერმა" ეინდჰოვენში თამაში შემოუტრიალა პსვ-ს, რომელიც როსარიომ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ კი მასპინძლებს გასახდელში გოლი ნაინგოლანმა გატანა, ხოლო მეორე ტაიმში ნერიაძურის ბომბარდირმა იკარდიმ დალაშქრა ჰოლანდიელთა კარი.


დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ნეაპოლში "ლივერპულის" სტუმრობას, ტიფოზები ინგლისელ ფანებს თავს დაესხნენ და ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არანაკლები ბრძოლა გაიმართა მოედანზეც და მასპინძლებმა ინსინიეს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. პირველად 13 წლის შემდეგ ოთხმა იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა ერთ ტურში. ხაზგასასმელია, რომ "წითლებმა" 90 წუთის განმავლობაში 4-ჯერ დაარტეს კარისკენ და ვერც ერთხელ კარში, რაც ბოლოს ამ ტურნირზე 2006 წელს მოხდა, როდესაც "ბენფიკასთან" 0:1 წააგეს.


"პორტუსა" და "გალათასარაის" მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვების გოლი მარეგამ თავურით გაიტანა. თურქულ გუნდს თამაშის გადასარჩენად საკმაო დრო ჰქონდა, ცდაც არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა და დამარცხდა.


A ჯგუფი
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 55 742 მაყურებელი
ატლეტიკო - ბრიუგე 3:1
1:0 გრიზმანი (28), 1:1 გროენეველდი (39), 2:1 გრიზმანი (67), 3:1 კოკე (90+3)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 65 000 მაყურებელი
დორტმუნდი - მონაკო 3:0
გოლები: 1:0 ლარსენი (54), 2:0 ალკასერი (72), 3:0 როისი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ალკასერი (69)

B ჯგუფი
ლონდონი. "უემბლი". 82 137 მაყურებელი
ტოტენჰემი - ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 კოუტინიო (2), 0:2 რაკიტიჩი (28), 1:2 კეინი (52), 1:3 მესი (56), 2:3 ლამელა (63), 2:4 მესი (90)

ეინდჰოვენი. "ფილიპსი". 34 750 მაყურებელი
პსვ - ინტერი 1:2
გოლები: 1:0 როსარიო (27), 1:1 ნაინგოლანი (44), 1:2 იკარდი (60)

C ჯგუფი
ნეაპოლი. "სან პაოლო". 37 057 მაყურებელი
ნაპოლი - ლივერპული 1:0
გოლი: ინსინიე (90)

D ჯგუფი
პორტუ. "დრაგაო". 42 711 მაყურებელი
პორტუ - გალათასარაი 1:0
გოლი: 1:0 მარეგა (49)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიზმანის 8000 გოლი შთამბეჭდავია :DDDD
ნათია
12:39 04-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული