13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:0 დაამარცხა "ატლეტიკო" და მეოთხედფინალში გავიდა.
მადრიდში 0:2 დამარცხების შემდეგ "იუვე" ლამის გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა, რადგან როხიბლანკო ასეთ უპირატესობას იშვიათად ანიავებს და მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ტურინული გუნდის ფეხბურთელები.
ბიანკონერის მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული ალეკს სანდროს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სპინაცოლა დააყენა, რომელსაც ამ ტურნირზე აქამდე არ უთამაშია.
მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, სტუმრები თავს ჩვეულად, უნარიანად იცავდნენ, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და მაინც გახსნა რონალდომ ანგარიში. მან ბერნარდესკის აწეულ ბურთზე ხუანფრანი დაჯაბნა და ობლაკის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
შესვენების შემდეგ რონალდომ ისე გაიტანა გოლი, ისევ თავურით და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე კი მან ბერნარდესკის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
პირველი შეხვედრის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ "ბებერი ქალბატონი" ამ ტურნირზე პირველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.
კრიშტიანომ კარიერაში "ატლეტიკოს" 25 გოლი გაუტანა. ყველაზე მეტი გოლი მას "სევილიას" კარში აქვს გატანილი - 27. მან ჩემპიონთა ლიგაზე მე-8 ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დაეწია.
ის ამ შეხვედრის წინ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს 3 გოლის გატანას დაპირდა.
კიელინიმ "იუვენტუსში" მე-500 მატჩი ჩაატარა.
"იუვემ" ამ შეხვედრაზე კლუბისთვის სარეკორდო 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 488 მაყურებელი
იუვენტუსი - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (27), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (86, პენ)
იუვენტუსი: შესნი, კიელინი, ბონუჩი, კანსელუ, ჩანი, სპინაცოლა (დიბალა 67), მატიუიდი, პიანიჩი. ბარნერდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდო
ატლეტიკო: ობლაკი, ხიმენესი, ხუანფრანი, არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, კოკე, ერნანდესი, საული, ლემარი (კორეა 57), მორატა, გრიზმანი
რონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს
მასიმილიანო ალეგრი: შევეცდებით ფინალში გავიდეთ და ჯიჯი ბუფონი თან წავიყვანოთ
დიეგო სიმეონე: როდესაც მეტოქე ასეთ შეხვედრას ჩაატარებს, ისღა დაგრჩენია, მიულოცო
ანტუან გრიზმანი: რონალდო დიადი ფეხბურთელია - სამი მომენტი ჰქონდა და სამივე გამოიყენა