2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი იმითაა გამორჩეული, რომ ისტორიაში გატანილი გოლების მიხედვით, მესამე პოზიცია უკავია.
სამშაბათს, 9 აპრილს "ტოტენჰემ ჰოთსფური" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, ხოლო "ლივერპული" "ენფილდზე" "პორტუს" მიიღებს.
ოთხშაბათს არანაკლებ საინტერესო მატჩები გველის: "მანჩესტერ იუნაიტედი" სახლში "ბარსელონას" დაუპირისპირდება, ხოლო "აიაქსი" კი - "იუვენტუსს". მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მეოთხედფინალის წინ საინტერესოა, გადავხედოთ ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებლებს.
ერთ-ერთი სენსაციის მომხდენი ამსტერდამის "აიაქსი", რომელმაც მერვედფინალიდან მადრიდის "რეალი" გამოაგდო, სასტარტო შემადგენლობით ყველაზე ახალგაზრდა გუნდია და საშუალო ასაკი 24 წელი და 202 დღეა.
ამ მონაცემით, დაახლოებით, 2 წლით უფრო ახალგაზრდა გუნდია სხვებთან შედარებით.
ჰოლანდიური კლუბის ფანებს, ალბათ, ეშინიათ ზაფხულის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს ის, რაც დაემართა "მონაკოს" 2017 წელს, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კლუბი კილიან მბაპემ, ბერნარდო სილვამ, ბენჟამინ მენდიმ დატოვეს. თან, "აიაქსის" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი "ბარსელონასთან".
ყველაზე ახალგაზრდა "აიაქსი" ყველაზე "მხცოვან" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 29 წელი და 79 დღეა. ყველაზე ასაკოვნები კრიშტიანო რონალდო და ჯორჯო კიელინი არიან - ორივე 34 წლისაა, თუმცა რომელი გუნდი არ ისურვებდა მათ საკუთარ რიგებში?!
ყველაზე მეტი გოლი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტიმ" გაიტანა - 26 გოლი. სხვა კლუბები მინიმუმ 7 გოლით ჩამორჩებიან. "მანჩესტერ სიტი" მეორეა დარტყმების რაოდენობით (147), პირველზე კი "ბარსელონაა", რომლის ფეხბურთელებმაც 161 დარტყმიდან 19 გოლი გაიტანეს. კარში დარტყმების მხრივაც ეს ორი კლუბია ლიდერი.
ყველაზე ცოტა გოლი კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიტანა. მათ მხოლოდ 10-ჯერ გამოიჩინეს თავი 8 შეხვედრაში. ამას გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი მეოთხედფინალისტია, რომელსაც 100-ზე ნაკლები დარტყმა აქვს, მხოლოდ 97, საიდანც 28 იყო ზუსტი. "მანჩესტერ სიტის" რომ შევადაროთ, "ქალაქელებს" ზუსტი 59 დარტყმა აქვთ.
ლიონელ მესი ბომბარდირთა სიაში პირველია 8 გატანილი გოლით. ამდენივე აქვს რობერტ ლევანდოვსკის, თუმცა მისი "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. შემდეგ მოდიან "აიქსის" და "პორტუს" შემტევები, დუშან ტადიჩი და მუსა მარეგა 6-6 გატანილი გოლით.
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე კრიშტიანო რონალდოს 4 გატანილი გოლი აქვს "ატლეტიკოსთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ.
ყველაზე მეტმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშა - 26.
ახალგაზრდა ტაით ჩონგმა და მეისონ გრინვუდმა პირველად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-თან ცნობილი "ქამბექის" დროს.
მაგალითად, "აიაქსმა" მხოლოდ 19 ფეხბურთელი ათამაშა საკვალიფიკაციო რაუნდის გამოკლებით. თუმცა, თუ საკვალიფიკაციო რაუნდის 6 თამაშსაც ჩავთვლით, ეს მონაცემი 1-ით გაიზრდება.
სხვადასხვა ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლებით პირველ ადგილზე არის "პორტუ". კლუბის მიერ გატანილი 19 გოლი 10 ფეხბურთელზე მოდის, ბოლო ადგილზე კი "იუვენტუსია", საიდანაც გოლები მხოლოდ დიბალამ, რონალდომ, პიანიჩმა და მანჯუკიჩმა გაიტანეს.
ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარი
"იუვენტუსმა" და "ბარსელონამ" ყველაზე ცოტა, 6-6 გოლი გაუშვეს, თუმცა "იუვენტუსმა" ჩატარებული 8 მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა. აქვე, აღსანიშნავია, როცა გოლი გაუშვეს, ის სამივე მატჩი წააგეს.
"ტოტენჰემმა"კი ყველაზე მეტი გოლი გაუშვა - 10. გაშვებული გოლების ნახევარი "ბარსელონასთან" თამაშებზე მოდის.
ყველაზე უხეშები
"აიაქსის" ფეხბურთელებმა 19 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც მეოთხედფინალისტებს შორის ყველაზე მეტია. 19 ყვითელს ამსტერდამელებმა ერთი წითელიც მიაყოლეს. მხოლოდ "პორტუსა" და "ლივერპულის" ფეხბურთელებს არ მიუღიათ წითელი ბარათები.
"აიაქსის" ფეხბურთელმა მაქს ვობერმა ამ დარღვევისთვის მიიღო წითელი ბარათი მიუნხენის "ბაიერნთან".
"პორტუს" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს თამაშის წესები (124), ხოლო "ბარსელონაზე" ყველაზე ცოტა ჯარიმა მოდის (82).
ვინ გაირბინა ყველაზე მეტი
ამ მაჩვენებლით "პორტუს" ფეხბურთელები ლიდერობენ. ნახევარმცველმა ექტორ ერერამ 94 კილომეტრი დაფარა. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი დანილოა, ხოლო მესამეზე - "აიაქსის" შემტევი დუშან ტადიჩი. შემდეგი სამიდან კი ორი "ლივერპულზე" მოდის, სადიო მანე და ჟორჟინიო ვეინალდუმი კლუბში ყველაზე ბევრს დარბიან.მეპასეები
ტურნირს შემორჩენილი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი პასის ავტორი მოულოდნელად "მანჩესტერ სიტის" მცველი ემერიკ ლაპორტი გახდა. მისი 664 გაკეთებული პასიდან 618 იყო ზუსტი (93%). მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ "საუკეთესო" პროცენტული მაჩვენებელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინს აქვს - შოტლანდიელმა 26-ვე პასი ზუსტად გააკეთა.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით