ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "ტოტენჰემი" კეინის გარეშე, "პორტუ" თითქმის უშანსოდ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში დაძაბულობა პიკს აღწევს. დღეს, 17 აპრილს კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ამსტერდამის "აიაქსი" და "ბარსელონა" საკუთარ მეტოქეებს ელოდებიან.

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი
"მანჩესტერ სიტის" აქვს შანსი, ისტორიაში მეორედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველად ეს მან 2015-16 წლების სეზონში მოახერხა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ლონდონში გაიმართა, უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. მეტიც, პირველი ტაიმის დასაწყისში სერხიო აგუეროს თერთმეტმეტრიანი დარტყმით მისი გუნდის წინ გაყვანაც შეეძლო, თუმცა უგო ლორისმა იყოჩაღა
და პენალტი აიღო.

საბოლოოდ, მატჩის ბოლოს სონმა გაიტანა და გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ მინიმალური, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

უმთავრესი დანაკლისი, რომელიც "ტოტენჰემმა" გასულ შეხვედრაში განიცადა, ჰარი კეინია. ინგლისელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და გუნდს, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.

საეჭვოა დელე ალის თამაშიც, რომელიც კეინის მსგავსად, "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერია.

ამ მხრივ უპრობლემოა "მანჩესტერ სიტი". ერთადერთი, ვინც "ქალაქელებს" დანამდვილებით არ ეყოლებათ, მეკარე კლაუდიო ბრავოა. საეჭვოა ფერნანდინიოს თამაშიც, თუმცა ის გუნდთან ერთადაა და შესაძლოა, ვიხილოთ.

ეს კლუბები ერთმანეთს 3 დღეში კვლავ დაუპირისპირდებიან, ამჯერად პრემიერლიგაში, სადაც გამარჯვება ორივეს ჰაერივით სჭირდება. "ტოტენჰემი" ოთხეულისთვის იბრძვის, "სიტი" კი - ჩემპიონობისთვის.

ამ წყვილში გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის "აიაქსი" ელოდება.

ფაქტები
  • "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 8 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • ამ სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" 4 საშინაო შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა;
  • სამი მატჩია "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუშვია
  • ეს პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს მე-15 დაპირისპირება იქნება მწვრთნელის რანგში, სადაც არგენტინელი გამარჯვებული მხოლოდ 3-ჯერ გამოვიდა (4 ფრე, 8 მარცხი).

17 აპრილი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 23:00 (0:1)
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, ვოქერი, სტოუნსი, ლაპორტე, მენდი, გუნდოგანი, დავიდ სილვა, დე ბრუინი, ბერნანდო სილვა, სტერლინგი, აგუერო.
ტოტენჰემი (4-2-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვანიამა, ერიქსენი, ლუკასი, სონი, ლორენტე.
არ ითამაშებენ: ბრავო (სიტი), ორიე, კეინი, დაიერი, ვინქსი (ყველა - ტოტენჰემი)
საეჭვოა: ზინჩენკო, ფერნანდინიო (ორივე - სიტი), დელე ალი, ერიკ ლამელა (ორივე - ტოტენჰემი).

პორტუ-ლივერპული
"ლივერპულს" რომ მეოთხედფინალში ყველაზე მარტივი ოპონენტი შეხვდა, ამაზე ყველა თავიდანვე შეთანხმდა.

რა თქმა უნდა, "პორტუ" ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, ნამდვილად სასურველი მოწინააღმდეგეა.

"ლივერპული" "დრაგაოს" სერიოზული უპირატესობით ეწვევა. პირველ შეხვედრაში "მერსისაიდელებმა" ძალიან კომფორტული სხვაობით - 2:0 გაიმარჯვეს.

პორტუგალიელებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები - პეპე და ერერა დაუბრუნდნენ და დიდი ალბათობით, მათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

"პორტუს" კამერუნელი თავდამსხმელი ვინსენტ აბუბაქარი არ ეყოლება, რომელიც გასულ სეზონებში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა ის სექტემბრის შემდეგ ტრავმირებულია.

"ლივერპულს" კი შოტლანდიელი ენდრიუ რობერტსონი დაუბრუნდა.

"ლივერპულმა" გასულ ტურში პრემიერლიგის "ჩელსის" სძლია (2:0) და ორ ფრონტზე იბრძვის. იგივე მიზანი აქვს "პორტუს" საკუთარ ჩემპიონატშიც და 13 აპრილს "პორტიმონენსე" დაამარცხა.

ფაქტები
  • ამ სტადიონზე გასული სეზონის მერვედფინალში "ლივერპულმა" "პორტუ" 5:0 დაამარცხა;
  • "პორტუს" "ლივერპული" არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 4 მარცხი);
  • ბოლო 36 შემთხვევიდან "ლივერპული" მხოლოდ 5-ჯერ გამოეთიშა ევროტურნირს, როდესაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მოიგო
17 აპრილი. "ესტადიო დო დრაგაო"
პორტუ-ლივერპული 23:00 (0:2)
პორტუ (4-4-2): კასილასი, პეპე, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში, დანილო, ერერა, ოტავიო, ბრაჰიმი, მარეგა, სოარესი.
ლივერპული (4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, კეიტა, ჰენდერსონი, მანე, სალაჰი, ფირმინო.
არ ითამაშებენ: ლოვრენი, ოქლეიდ ჩემბერლეინი, ლალანა (სამივე - ლივერპული).
საეჭვოა: ჯო გომესი (ლივერპული), კორონა (პორტუ).

მკითხველის კომენტარები / 1 /
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული