ტოტენჰემი VS ლივერპული - კულმინაციური მომენტი, ვის ეკუთვნის თასი?

AutoSharing Option
დადგა ევროპული საფეხბურთო სეზონის კულმინაციური მომენტი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან, რომელთა ფინალში გასვლასაც ნახევარფინალის პირველი მატჩების შემდეგ ბევრი არ ელოდა, თუმცა საპასუხო შეხვედრებში ინგლისურმა კლუბებმა, შესაბამისად, "აიაქსის" და "ბარსელონას" ძლევა მოახერხეს და ფინალში არიან.


დღევანდელ ფინალში ნომინალური მასპინძელი "ტოტენჰემია", ამიტომ ლონდონური კლუბით დავიწყოთ:

"ტოტენჰემისთვის" ეს სეზონი ისტორიულია. აქამდე ეს კლუბი არათუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, არამედ ნახევარფინალშიც არ გასულა, არადა ეს იმ ფონზე, როდესაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდში ზაფხულში ახალი ფეხბურთელები არ მოსულან.

გზა ფინალამდე

ჯგუფური ეტაპი "ტოტენჰემმა"
ძლივს დასძლია, მან "ინტერის" მსგავსად 8 ქულა დააგროვა და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა მერვედფინალში.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ბარსელონასთან" (1:1) "აიაქსთან" მატჩის გმირმა ლუკას მოურამ 85-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, "ინტერმა" კი უმოტივაციო პსვ-ს ვერ სძლია (1:1) და მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებიც სწორედ ამის ხარჯზე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

მერვედფინალში ინგლისელებმა ორმატჩიან დუელში მარტივად დაამარცხეს "დორტმუნდი", რომელსაც ლონდონში 3:0 სძლიეს, სტუმრად კი 1:0 გაიმარჯვეს.

შემდეგ ეტაპზე კი "ტოტენჰემის" მეტოქე ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული "მანჩესტერ სიტი" იყო. ლონდონში გამარჯვება პოჩეტინოს გუნდს დარჩა (1:0), მანჩესტერში კი 3:4 დამარცხდნენ, თუმცა სტუმრად გატანილი გოლების წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

არადა, 94-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა, "მანჩესტერ სიტიმ" გოლიც აღნიშნა, თუმცა VAR-მა ის გააუქმა და "ტოტენჰემი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში მათი მეტოქე "აიაქსი" იყო, კლუბი, რომელსაც ფეხბურთის ყველა ის გულშემატკივარი ქომაგობდა, ვისი კლუბიც ნახევარფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

ჰოლანდიელებმა მანამდე საოცარი "ქამბექები" შემოგვთავაზეს, ჯერ მადრიდის "რეალთან", შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსთან", ლონდონში პირველი შეხვედრა "აიაქსის" გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, რაც იმას მოასწავებდა, რომ ტენ ჰაგის შეგირდები კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას აპირებდნენ.

საპასუხო შეხვედრაც ჰოლანდიელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმის შემდეგ დე ლიხტისა და ჰაკიმ ზიეჩის გოლებით "აიაქსი" 2:0-ს იგებდა და "ტოტენჰემი" ფაქტობრივად უშანსოდ იყო, ამას ემატებოდა ისიც, რომ ტრავმის გამო ვერ თამაშობდა ლონდონელთა ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი.

თუმცა მეორე ტაიმს საკუთარი გმირი ჰყავდა და ეს გმირი - ლუკას მოურა იყო, რომელმაც "აიაქსის" კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მესამე გოლი კი მაშინ გაიტანა, როდესაც ყველას ეგონა, რომ ფინალში ჰოლანდიელებს ვიხილავდით, 95-ე წუთის ბოლო წამზე დელე ალის პასით მოურამ მესამე გოლი გაიტანა და "ტოტენჰემი" 1984 წლის შემდეგ პირველად არის ახლოს ევროპულ ტიტულთან.

შეიძლება ითქვას, რომ მერვედფინალში გასვლა "ლივერპულსაც" გაუჭირდა, "ტოტენჰემის" მსგავსად ჯგუფური ეტაპი მერსესაიდელებმაც მეორე პოზიციაზე დაასრულეს და შემდეგი ეტაპის საგზური ბოლო ტურში "ნაპოლისთან" მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ მოიპოვეს.

მერვედფინალში "ლივერპულის" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იყო, პირველი შეხვედრა ლივერპულში, ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი იურგენ კლოპის შეგირდებმა იმძლავრეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

მეოთხედფინალურ ეტაპზე მერსესაიდელთა მოწინააღმდეგე "პორტუ" იყო, რომლსაც "ლივერპულმა" მარტივად სძლია, ორი მატჩის ჯამში 6:1 დაამარცხა, თან ისე რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილა.

მთავარი მოვლენა კი ნახევარფინალში მოხდა, როდესაც იურგენ კლოპის გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა, "კამპ ნოუზე" ლიონელ მესის ბენეფისად იქცა, არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მათ შორის ერთი ულამაზესი ჯარიმა, რასაც სუარესის გოლიც დაემატა და "ბარსელონა" "ენფილდზე" სოლიდური უპირატესობით გაემგზავრა.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იურგენ კლოპს ძირითადი შემადგენლობის ორი უმთავრესი ფიგურა, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო დაემტვრა, არადა "ლივერპულს" აუცილებლად ბევრი გოლის გატანა ესაჭიროებოდა.

ლიდერების არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში დივოკ ორიჯი ვიხილეთ, რომელმაც ანგარიში მე-7 წუთზევე გახსნა, "ლივერპულმა" სწრაფი გოლი გაიტანა, თუმცა პირველ ტაიმში მეტის შეგდება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში მოედანზე ჯორჯინიო ვეინალდუმი შემოვიდა, რომელმაც 54-ე და 56-ე წუთებზე შეაგდო და ორმატჩიან დუელში ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოო წერტილი კი 79-ე წუთზე ორიჯიმ დასვა. კუთხურის დროს "ბარსას" მცველების უყურადღებობით ალექსანდერ-არნოლდმა ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი ორიჯის მიაწოდა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეძლო ტერ-შტეგენის კარის აღება, "ლივერპული" ფინალში გავიდა.

ვინ როგორ ფორმაშია

"ტოტენჰემისთვის" მთავარი სიახლე ჰარი კეინის დაბრუნებაა, რომელმაც ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მიიღო.

ცნობილი იყო, რომ ინგლისელი თავდამსხმელი ამ სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებდა, თუმცა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გუნდთან ერთადაა და სათამაშოდ ემზადება.

მის არყოფნაში "ტოტენჰემის" რიგებში დრო ფერნანდო ლორენტეს ერგო, რომელიც მაღალ ბურთებს იღებდა და სწრაფ სონს და ლუკას მოურას სივრცეს აძლევდა.

იმ შემთხვევაში, თუ პოჩეტინო ჰარი კეინს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს, მოედანზე იგივე ტაქტიკით გამოვა, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

კეინთან ერთად კი ძირითად შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, სონი ან მოურა ვერ უნდა ვიხილოთ, სავარაუდოდ სკამზე სონი დარჩება.

"ლივერპულსაც" უბრუნდება ორი ლიდერი - მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო, თუმცა "ტოტენჰემისგან" განსხვავებით, ისინი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნებიან და ორიჯი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

კლოპს ერთადერთი დანაკლისი აქვს - ნახევარდაცვაში ნაბი კეიტა ვერ ითამაშებს, თუმცა ის გერმანელი სპეციალისტის საყვარელი ფეხბურთელი არც არასდროს ყოფილა.

არ არის გამორიცხული, "ტოტენჰემმა" 5-მცველიანი ტაქტიკით ითამაშოს, როგორც ეს ამ კლუბებს შორის პრემიერლიგაში გამართულ მატჩში მოხდა.

ამას საკუთარი მიზეზიც აქვს, "ლივერპულს" შეტევაში 2 უსწრაფესი თავდამსხმელი - სალაჰი და მანე ჰყავს, რომელსაც დახმარებას ფლანგებზე ასევე სწრაფი მცველები - ალექსანდერ-არნოლდი და რობერტსონი გაუწევენ.

რა თქვეს მატჩის წინ

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): მთავარია, თავისუფლად ვიყოთ. ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ახალგაზრდები, ბავშვები ვართ, თითქოს 7,8, 9 წლისანი ვართ. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მილიარდი ადამიანი გვიყურებს. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ. გვსურს ისტორია დავწეროთ და ვიცით ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ. "ლივერპული" შესანიშნავი გუნდია, იურგენი ძალიან წარმატებული მწვრთვნელია, მას ვაღიარებ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გასვლა ურთულესია და ვულოცავ.

იურგენ კლოპი (ლივერპული): ფინალები ყოველთვის განსხვავებულია - სხვადასხვა გუნდით ჩამოდიხარ და სხვადასხვა პირობები გხვდება. თუ ექვსი ფინალის წაგების მიზეზი მე ვარ, ყველამ უნდა იდარდოს, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ბოლო შვიდ წელიწადში მგონი მსოფლიო რეკორდი მეკუთვნის ნახევარფინალში გამარჯვებებში, ამაზე რომ წიგნი დამეწერა, ალბათ, არავინ იყიდდა. ეს ნამდვილი საფეხბურთო ფინალია. ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ფაქტები
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ინგლისური კლუბები ისტორიაში მეორედ ხვდებიან, პირველად ეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის მოხდა 2008 წელს;
  • ამ კლუბებს შორის გამართულ ბოლო 8 მატჩიდან 7-ში გოლი ორივემ გაიტანა;
  • "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე წარმატებული ინგლისური კლუბია (5 თასი), "ტოტენჰემი" კი ჩემპიონობისთვის პირველად იბრძვის;
  • "ტოტენჰემი" ისტორიაში მე-40 კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ჩემპიონთა ლიგის/თასის მფლობელი კი ისტორიაში 22 გუნდი გამხდარა;
  • ეს კლუბები ერთმანეთს ისტორიაში 170-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 79 გამარჯვება "ლივერპულის" მხარესაა, 48 "ტოტენჰემის", 43 კი ფრედ დასრულდა;

1-ლი ივნისი. ვანდა მეტროპოლიტანო
ტოტენჰემი-ლივერპული 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვენტონგენი, როუზი, ვანიამა, სისოკო, ერიქსენი, ალი, მოურა, კეინი.
ლივერპული (4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი, ფირმინო, მანე.
არ იქნება: კეიტა (ლივერპული).
საეჭვოა: კეინი (ტოტენჰემი), ფირმინო (ლივერპული).

მკითხველის კომენტარები / 20 /
Totenhem
Rezo
22:27 01-06-2019
0
გადააშენეთ ვენდისი! ეს უკვე ანტირეკლამაა ყველა დაწკაპუნებაზე ჩნდება რა გჭირთ ხალხო?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული