რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ფინალი შეიძლება სანქტ-პეტერბურგიდან ლონდონში გადაიტანონ, - ამის შესახებ "მირორი" და "დეილი სტარი" იტყობინებიან.
ასეთ შემთხვევაში მატჩი "უემბლიზე" გაიმართება და მისი ჩატარება 70 მილიონი ევრო დაჯდება.
ლონდონის მერმა სადიკ ხანმა განაცხადა, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის სამასპინძლოდ მზად არიან.
"ლონდონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის სამასპინძლოდ მზადაა. ამ მატჩის ჩატარება პრივილეგიაა. თუ უეფა შეხვედრას სანქტ-პეტერბურგში გამართავს, ეს პუტინის რუსეთის აგრესიას წაახალისებს", - თქვა ლონდონის მერმა რადიო LBC-ის ეთერში.
უეფამ განაცხადა, რომ სიტუაციას მუდმივად და ყურადღებით აკვირდებიან და ნებისმიერი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული.