ლა ლიგა. გამოტოვებული ტური: თამაშით სევილიაში, ფიქრებით კიევში

AutoSharing Option
ლა ლიგაში ორი გამოტოვებული მატჩია. "ბარსელონა" "ვილიარეალს" უმასპინძლებს და ეცდება, დაუმარცხებელი სერია (სულ 42 მატჩი წინა სეზონიდან მოყოლებული) გააგრძელოს.

არ ითამაშებს "ელ კლასიკოს" დროს გაძევებული სერხი რობერტო. ჭარბი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია "ვილიარეალის" მცველი ანტონიო რუკავინაც.

ამ გუნდის მოტივაცია ევროპალიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, რაც არ უნდა გაუჭირდეს სატურნირო მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარეც, რომ ზედიზედ 3 თამაში მოიგო და კარგ ფორმაშია.

ამას გარდა, "ბარსელონას" დაცვას მკაცრი მეურვეობის ქვეშ უნდა ჰყავდეს კარლოს ბაკა, ვინც ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"რეალის"ფიქრები ახლა
მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის კიევურ ფინალს დასტრიალებს. მართალია, იქამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ზინედინ ზიდანის მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შეგირდები ფორმის პიკზე აიყვანოს და თან ტრავმებიც აიცილოს.

"ელ კლასიკოს" დროს დაშავდა კრიშტიანო რონალდო, თუმცა გუშინ გაცხადდა, რომ "რეალის" ფანებს სადარდებელი არ აქვთ - "თეთრების" უმთავრესი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ კვირას დაისვენებს.

თუმცა ტრავმირებულთა სია ამით არ შემოიფარგლება - მხარი აწუხებს ისკოს, დანი კარვახალს კი კუნთი აქვს დაჭიმული. ეს ფეხბურთელები არ იქნებიან "სანჩეს პისხუანის" დღევანდელ დაპირისპირებაში, ისევე, როგორც გარეთ ბეილი, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

"რეალისგან" განსხვავებით, "სევილია" მოტივირებულია - ანდალუსიელები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან. ხოაკინ კაპაროსის თავკაცობით, "სევილიამ" პირველივე თამაში მოიგო (1:0 "სოსიედადთან") და ეჭვი არ არის, "რეალთანაც" თავს გადადებს.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ბოლო 29 საშინაო მატჩიდან 27-ში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის "კამპ ნოუზე" ბოლო 7 დაპირისპირებიდან თითოეულში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ბარსელონა" დაუმარცხებელია "ვილიარეალთან" ბოლო 19 დაპირისპირებაში.
  • "სევილიამ" "რეალი" შინ უკანასკნელად წინა ჩემპიონატში, 2017 წლის 15 იანვარს დაამარცხა (2:1).
  • "რეალმა" "სევილიას" წინა ორი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 9:1 მოუგო.
  • "სევილიასა" და "რეალს" შორის " ბოლო 10 დაპირისპირებიდან თითოეულში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა (საშუალოდ 4.8 გოლი მატჩში).

ლა ლიგა. გამოტოვებული ტური
ოთხშაბათი, 9 მაისი
ბარსელონა-ვილიარეალი 22:00
სევილია-რეალი 23:30

ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული