ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: "კლასიკო" "კლასიკოს" შემდეგ, შეხვედრის ადგილი უცვლელია

AutoSharing Option
ოთხშაბათს მადრიდის "რეალი" კარგად თამაშობდა, გოლები კი "ბარსელონას" გაჰქონდა.

საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" საკუთარ მოედანზე ძალზე მტკივნეული 0:3 და კოპა დელ რეიდან გამოვარდნა იწვნია. სანტიაგო სოლარის შურისძიებისთვის შესანიშნავი შანსი აქვს - "ბარსელონა" ისევ "ბერნაბეუზე" მოდის...

ეს უკვე ლა ლიგის მატჩი იქნება, სადაც "რეალს" ისედაც ცუდად აქვს საქმე და "ბარსამდე" ბევრი უკლია. "სამეფო კლუბი" ჯერ მხოლოდ მე-2 ადგილისთვის იბრძვის (და ამ ბრძოლას ჯერ აგებს "ატლეტიკოსთან"), თუმცა ლიდერის გამწარება ნამდვილად შეუძლია. ოთხშაბათის მატჩმა ანახა, რომ "რეალს" საკმაოდ ინტენსიური ფეხბურთის შეთავაზება შეუძლია მეტოქისთვის,
თუმცა თუ ამას გოლები კიდევ არ მოჰყვა... დიდი შანსია, ისევ ის სურათი მიიღოს და მაშინ სოლარის დღეები მადრიდულ გრანდში დათვლილია.

"რეალი" 9 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას" და თუკი ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, ეს კლასიკო აუცილებლად უნდა მოიგოს და ლიდერთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამციროს. "სამეფო კლუბმა" წინა ტურში "ლევანტე" კი დაამარცხა (სტუმრად 2:1), მაგრამ ამ თამაშმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ორი პენალტიდან ერთი მაინც ვალენსიელთა კარში საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა. "რეალს" 26-ე ტურისთვის უკვე 7 მარცხი აქვს, ასეთი სტატისტიკით კი ძნელია, საჩემპიონო ამბიციები გქონდეს.

"ბარსელონამ" წინა ტურში ორჯერ შემოუტრიალა თამაში "სევილიას" მისსავე "სანჩეს პისხუანზე" და 4:2 მოუგო. ეს ყველაფერი ლეო მესის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ თრიკი (კარიერაში 50-ე) შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

"ბარსელონასთვის" შაბათს გამარჯვება შესაძლოა, გადამწყვეტიც კი გამოდგეს ტიტულისთვის ბრძოლაში, წაგება კი საჩემპიონო საკითხს ღიად დატოვებს. ამით შეიძლება, დიეგო სიმეონეს გუნდმა ისარგებლოს.

"რეალის" კარში ველით ტიბო კურტუას დაბრუნებას. სოლარი მეკარეების როტაციას მიმართავს - ლა ლიგა "კურტუასია", ასე რომ, კეილორ ნავასი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდება. კუნთის ტრავმის გამო ამ შეხვედრაში ვერ ვიხილავთ ნახევარმცველ მარკოს ლორენტეს. რაფაელ ვარანს ცუდი დღე ჰქონდა ოთხშაბათს, სწორედ მისი ავტოგოლით გადაწყდა ფინალისტის ვინაობა. იმავე ეპიზოდში ფრანგმა მუხლის მიდამოებში საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიიღო, თუმცა, დიდი ალბათობით, შაბათს ის ისევ შეუწყვილდება დაცვის ცენტრში კაპიტან სერხიო რამოსს.

თუმცა მეკარის გარდა კიდევ უნდა ველოდოთ ცვლილებებს, გარეთ ბეილი და მარკო ასენსიო მოწადინებულნი არიან, თავიდანვე დაიწყონ თამაში. ასეთივე ამბიცია აქვთ დანი სებალიოსსა და მარსელოს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდში ტრავმა არავის მიუღია - კვლავ ვერ ითამაშებენ სილესენი და რაფინია. შესაძლოა, სამუელ უმტიტიმ კლემან ლონგლე შეცვალოს, თუმცა ამ უკანასკნელს პირველ კლასიკოზე, სამი დღის წინ ურიგოდ არ უთამაშია. ოთხშაბათს მოედანს არტური დაუბრუნდა, რომელსაც ვალვერდე ძალიან აფასებს. არ არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელი შაბათს უკვე სასტარტო 11-ეულში ვიხილოთ. ფილიპე კოუტინიოს სასტარტოში მოხვედრის ამბიცია კი აქვს, მაგრამ მისი კონკურენტი უსმან დემბელე შესანიშნავად თამაშობს და ალბათ შემტევი სამეული "ბარსას" უცვლელი ეყოლება.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, სებალიოსი, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლუის სუარესი, დემბელე

ტურის მთავარი მატჩი უდავოდ, "სანტიაგო ბერნაბეუზეა", თუმცა არც "მესტალიაზე" გასამართავ შეხვედრას დაეწუნება - "ვალენსია" "ბილბაოს" მასპინძლობს.

მადრიდის "ატლეტიკო" კი სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ ჩადის, ანტუან გრიზმანი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. "ბეტისისა" და "ხეტაფეს" ბრძოლა კი, გაგიკვირდებათ და, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დუელია. მე-5 ადგილზე დაქვეითებული "სევილია" აუტსაიდერ "უესკას" ესტუმრება.

ფაქტები
  • "რეალს" ლა ლიგაში კლასიკო "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2014 წლის ოქტომბრის მერე არ მოუგია.
  • ამ გუნდების პირველი წრის მატჩში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "რეალი" 5:1 გაანადგურა.
  • სამი კლასიკო ამ სეზონში. ორი "ბარსამ" მოიგო (5:1, 3:0), ერთი ფრე (1:1).
  • ლიონელ მესის ამ სეზონში 33 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.
  • ეს ყველა შეჯიბრებაში 241-ე კლასიკო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში "ბარსა" "რეალს" მოგებებით გაუთანაბრდება - ახლა 95:94-ია "რეალის" სასარგებლოდ.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 12 ტურიდან 10-ში იმარჯვა.

ლა ლიგა. XXVI ტური
პარასკევი, 1 მარტი
რაიო ვალეკანო-ჟირონა 0:2
გოლები: 0:1, 0:2 სტუანი (30, 85)

შაბათი, 2 მარტი
ესპანიოლი-ვალიადოლიდი 16:00
ვილიარეალი-ალავესი 19:15
უესკა-სევილია 21:30
რეალი-ბარსელონა 23:45

კვირა, 3 მარტი
ეიბარი-სელტა 15:00
ბეტისი-ხეტაფე 18:15
სოსიედადი-ატლეტიკო 21:30
ვალენსია-ბილბაო 23:45
ორშაბათი, 4 მარტი
ლეგანესი-ლევანტე 23:59

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), შარლესი (ეიბარი); 11 - ვისამ ბენ იედერი (სევილია), ქარიმ ბენზემა (რეალი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული