შაბათს, ნაშუადღევს, მადრიდული დერბია - "ატლეტიკო" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ლეგანესს" იღებს. დიეგო სიმეონეს მთავარი კონცეფცია იმაში გამოიხატება, რომ ის არასდროს არ ფიქრობს სხვა მატჩებზე და ამას უკრძალავს თავის ფეხბურთელებსაც, სამიზნე ყოველთვის მომდევნო თამაშია. თუმცა, ძნელია, არ იფიქრო "იუვენტუსთან" გადამწყვეტ დაპირისპირებაზე და მომავალ ტურინულ მატჩზე.
გუნდებს დიამეტრულად განსხვავებული მიზნები
აქვთ, "ლეგანესი", რა თქმა უნდა, ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. 33 ქულა უკვე აქვს და გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს. პირველი წრის მატჩში დერბი 1:1 დასრულდა - ანტუან გრიზმანის გოლით "ატლეტიკო" იგებდა, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა სიმეონეს გუნდმა მისთვის კომფორტული 1:0 ვერ შეინარჩუნა - გვიდო კარილიომ 82-ე წუთზე გაიტანა და ახლა "ატლეტიკო" "ბარსას" 7 ქულით ჩამორჩება და არა 5-ით.
ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, სავიჩი, ხუანფრანი - საულ ნიგესი, თომასი, როდრი ერნანდესი, ლემარი - მორატა, გრიზმანი.
შაბათსვე ერნესტო ვალვერდეს გუნდი "რაიო ვალეკანოს" მიიღებს. "ელვების" საქმე ცუდაა - ვალეკასის მკვიდრნი 23 ქულით გასავარდნ ზონაში არიან და საშინლად თამაშობენ - ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩი წააგეს.
"რაიო ვალეკანომ" ნოემბერში დიდი ბრძოლა გადაატანინა კატალონიურ გრანდს და 2:3 დამარცხდა. მეტიც, 87-ე წუთამდე "ბარსა" 1:2 მარცხდებოდა, როცა ჯერ უსმან დემბელემ გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი ლუის სუარესმა სულაც გაამარჯვებინა სტუმრებს.
ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე.
უმოტივაციოდ დარჩენილი "რეალი", რომელსაც ალბათ, გაუჭირდება მე-2 ადგილისთვის ბრძოლა ("ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება), არც მესამეს უნდა ჩამოსცდეს. კვირას "რეალი" "ვალიადოლიდს" სტუმრობს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.
ყველაზე დიდი ინტრიგა ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-4 საგზურისთვის არის შემორჩენილი. ამჟამად ეს ადგილი "ხეტაფეს" (!) უკავია. მადრიდული კლუბი ბოლოადგილოსან "უესკას" მასპინძლობს და მე-4 ადგილზე დარჩენის კარგი შანსიც აქვს. მე-5 ადგილზე მყოფ "ალავესს" ბასკური დერბი აქვს "ეიბართან", ხოლო "სევილია" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს.
მეოთხეზე გასვლის შანსი ბასკებსაც აქვთ შემორჩენილი. "ვალენსია" კატალონიაში მიემგზავრება "ჟირონასთან" სათამაშოდ, ხოლო "ბეტისი" ვიგოში "სელტას" სტუმრობს.
ფაქტები
- "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 34 მატჩიდან 32 არ წააგო.
- "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 42 მატჩიდან 35 მოიგო.
- "ბილბაოს" ბოლო 8 საშინაო მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა (ლა ლიგა).
- "ლეგანესს" ლა ლიგაში ბოლო 28 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება აქვს.
- "ატლეტიკომ" ლა ლიგის მატჩებში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბოლო 8 თამაშიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
- "ატლეტიკოსა" და "ლეგანესს" შორის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
- "ბარსამ" "რაიო ვალეკანოსთან" ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა.
- "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე მთლიანად მატჩი.
- "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 4 საგარეო მატჩში პირველი ტაიმებიც მოიგო და მთლიანად თამაშებიც.
- "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 5 საგარეო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
- "რეალ სოსიედადმა" ლა ლიგაში ბოლო 3 საგარეო მატჩი ფრედ ითამაშა.
- "სევილიას" ლა ლიგაში 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
- "ჟირონამ" ლა ლიგაში ბოლო სამ საშინაო მატჩში გოლი ვერ გაიტანა.
- "ვალენსია" 8 ტურია, რაც დაუმარცხებელია.
ლა ლიგა. XXVII ტური
პარასკევი, 8 მარტი
ბილბაო-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 ფერეირა (9), 1:1 გარსია (8)
შაბათი, 9 მარტი
ალავესი-ეიბარი 16:00ატლეტიკო-ლეგანესი 19:15
ბარსელონა-რაიო ვალეკანო 21:30
ხეტაფე-უესკა 23:45
კვირა, 10 მარტი
სელტა-ბეტისი 15:00ჟირონა-ვალენსია 19:15
ლევანტე-ვილიარეალი 21:30
სევილია-სოსიედადი 21:30
ვალიადოლიდი-რეალი 23:45
ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), შარლესი (ეიბარი).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"