ლა ლიგა. XXXV ტურის წინ: "კამპ ნოუზე" ზეიმის მოლოდინია

AutoSharing Option
წინა ტურში "ატლეტიკოს" შინ "ვალენსიასთან" რომ წაეგო, "ბარსა" ჩემპიონობას ინაღდებდა, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში დიეგო სიმეონეს გუნდმა იმარჯვა. ახლა კი საკითხი ასე დგას - საკმარისია, ამ ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა იმდენი ქულა აიღოს, რამდენიც "ატლეტიკომ" და "ბარსა" ჩემპიონია!

შაბათს "ატლეტიკო" "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, ხოლო "ბარსელონა" - "ლევანტეს".

"ვალიადოლიდს" გასავარდნ ზონამდე 1 ქულა აშორებს, ვალენსიელებს - 3. "ბარსას" კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, როცა "კამპ ნოუზე" თამაში დაიწყება, "ვანდაზე" სამი საათის მორჩენილი იქნება. თუმცა, არა გვგონია, ვალვერდეს და მის შეგირდებს, მადრიდული თამაში ადარდებდეთ, თუ
მოიგებენ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მათთვის, რა მოხდება "ვანდა მეტროპოლიტანოზე".

"ლევანტეს" ჯერ არ გაუნაღდებია ელიტაში დარჩენა, ცხრილში მე-14 ადგილზეა და ბოლო გუნდია, რომელსაც გავარდნა ემუქრება. მათემატიკურად გამოთვლილია, რომ "ეიბარს" (40 ქულა) გავარდნა აღარ ემუქრება. საჩემპიონოდ შემართულ "ბარსასთან" ვალენსიელებს რა გამოუვათ, ძნელი სათქმელია.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია და ლა ლიგა შაბათს გამარჯვებულის თასს არ გადასცემენ "ბარსას" ტიტულის განაღდების შემთხვევაში. ასე რომ, "კამპ ნოუზე" ზეიმი, რომელიც დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი, ჯილდოს გარეშე გაიმართება.

სხვათა შორის, "ლევანტეს" წლეულს მოგებული აქვს ვალვერდეს გუნდისთვის - იანვარში კოპა დელ რეიზე ერიკ კაბაკოსა და ბორხა მაიორალის გოლებით ვალენსიაში "გომბეშოებმა" იმარჯვეს (2:1), მაგრამ "კამპ ნოუზე" "ბარსამ" შური იძია - 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

საპასუხო მატჩში უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლეო მესის ანგარიშზეა. მესამეადგილოსან "რეალს" კვლავ მადრიდული დერბი აქვს - "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება.

ფაქტები
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 36-ში არ წაუგია.
  • "ატლეტიკომ" "ვალიადოლიდს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო (ყველა შეჯიბრება).
  • ამ მატჩებში მადრიდულმა გუნდმა, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
  • "რაიო ვალეკანომ" ბოლო 12 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.
  • "ბარსელონამ" ოფიციალურ მატჩებში "ლევანტეს" ბოლო 13 დაპირისპირება მოუგო "კამპ ნოუზე".
  • ბოლო 6 დაპირისპირებაში "ბარსელონას" "ლევანტეს" კარში სულ მცირე, 3 გოლი გაჰქონდა.
  • "ბარსელონა" 22 ტურია, რაც დაუმარცხებელია.
  • "ლევანტესთან" ბოლო 11 დაპირისპირებიდან 10-ში ორივე გუნდმა 2.5 გოლი და მეტი გაიტანა.

ლა ლიგა. XXXV ტური
შაბათი, 27 აპრილი
ბილბაო-ალავესი 15:00
ატლეტიკო-ვალიადოლიდი 18:15
ლეგანესი-სელტა 20:30
ბარსელონა-ლევანტე 22:45

კვირა, 28 აპრილი
ვალენსია-ეიბარი 14:00
ჟირონა-სევილია 16:00
სოსიედადი-ხეტაფე 18:15
ვილიარეალი-უესკა 20:30
რაიო ვალეკანო-რეალი 22:45
ბეტისი-ესპანიოლი 23:00

ბომბარდირები: 33 - მესი (ბარსელონა); 21 - ბენზემა (რეალი), სუარესი (ბარსელონა); 18 - სტუანი (ჟირონა); 17 - ბენ იედერი (სევილია); 16 - ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ლეო მესი! გამოხმაურებისთვის და ყურადღებისთვის!
giga
15:36 27-04-2019
0
ბარსას ვუსურვებ გამარჯვებას და გაჩემპიონობას! გელოდებით.
ნონა
12:11 27-04-2019
0

სიახლეები პოპულარული