სერბეთის პრეზიდენტი: მაგის მილიონებზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხის ჯანმრთელობაა - "რეალის" ფეხბურთელს პატიმრობა ელის

AutoSharing Option
სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი და პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი მადრიდის "რეალის" ფორვარდ ლუკა იოვიჩის მისამართით კრიტიკული გამონათქვამებით გამოვიდნენ.

იოვიჩი ბელგრადში მადრიდიდან ლა ლიგის შეჩერების გამო დაბრუნდა. თავდამსხმელი ბელგრადის ქუჩებში შეამჩნიეს. ლუკა შეყვარებულის დაბადების დღის წვეულებასაც ესწრებოდა.

სერბეთში მოქმედი კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეცვალეს, ამბობს, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში 28 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნეგატიური მაგალითები, რომლის სუბიექტებად საფეხბურთო ვარსკვლავები გვევლინებიან. ისინი მილიონებს გამოიმუშავებენ და სახლში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის წესების
დაცვაზეც უარს ამბობენ", - განაცხადა ბრნაბიჩმა.

"იოვიჩი კიდევ ერთხელ გამოვა ქუჩაში და დააპატიმრებენ. ვფიქრობ, ნანობს საქციელს, თუმცა მე მაგას ავუხსნი, რომ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა მის მილიონებზე უფრო მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

თავად იოვიჩმა კი თავი იმართლა და თქვა, რომ მისთვის არავის მიუცია ზუსტი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსით დაინფიცირების 118 შემთხვევაა დაფიქსირებული. 18 მარტიდან სახელმწიფოში კომენდანტის საათი შემოიღეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული