ფეხბურთი ღირებულებებს უწყვეტად კარგავს - "ვალენსიამ" კაპიტანი უღირსად გააგდო და პარეხო პირდაპირ ეთერში ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიას" ექსკაპიტანი დანი პარეხო ონლაინრეჟიმში კლუბის ფანებთან საუბრისას ატირდა, რისი საფუძველიც კი "ღამურების" ადმინისტრაციის უღირსი საქციელი გახლავთ.

ესპანურ ფეხბურთში მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი "ვილიარეალმა" განახორციელა დანი პარეხოს შეძენით, რომელსაც "ვალენსიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა, თუმცა კლუბმა კაპიტანს ხელშეკრულება გაუწყვიტა.

"ვალენსიას" ლეგენდამ ფანებთან ონლაინრეჟიმში ისაუბრა და მისთვის ბევრ მტკივნეულ საკითხზე ისაუბრა, შვილებზე ლაპარაკისას კი ატირდა.

"ძალიან რთული მომენტია. ჩემი შვილები ვალენსიაში დაიბადნენ, გაიზარდნენ, მეც უკვე 9 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ. ბოლო 2 დღის განმავლობაში შექმნილი ვითარების გამო გული ძალიან
მეტკინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის "ვალენსიაში" დასრულება მინდოდა. მიმაჩნია, რომ ფანებისგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღე, ისინი საუკეთესოები არიან. არცერთ გუნდთან ასეთი კონტაქტი არასდროს მქონია.

კლუბის მფლობელ პეტერ ლიმთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია. ერთხელ შევხვდი სინგაპურში, როცა გუნდი შეიძინეს და ეგ იყო სულ. თუმცა, მე ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რასაც ვხედავ და შესაძლოა, სწორედ ეს არ მოსწონდათ მათ.

"ვალენსიას" მომავალი ბუნდოვანია, თუმცა კლუბს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, აქაურობასთან ხომ უამრავი დაუვიწყარი მომენტი მაკავშირებს. ვოცნებობდი, ფანებს "მესტალიაზე" დავმშვიდობებოდი, მაგრამ არ გამოვა. "ვალენსიას" მხოლოდ მადლობას გადავუხდი.

გუნდის ყველა წევრს სჯეროდა მარსელინიოსი. გულწრფელად ვამბობ ყველაფერს და გუნდს თავაწეული ვტოვებ. არ ვიცი, ახალ მფლობელებს, შესაძლოა, ჩემი ქცევა არ მოსწონდათ ან ჩემი ხელფასი, ან ის, როგორც ვსაუბრობდი. წარმოდგენა არ მაქვს, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, არავის არაფერი აუხსნია. თუმცა ხშირად ხდება, რომ სიმართლეს მედიის საშუალებით ვიგებთ ხოლმე", - თქვა ფეხბურთელმა.

დანი პარეხო მადრიდის "რეალის" აღზრდილია და "ვალენსიაში" 2011 წლიდან თამაშობდა. კლუბის მაისურით ჯამში 384 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. პარეხო ესპანეთის ნაკრების წევრიც გახლავთ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაროხო! რას იზამ ესეთი სასტიკია ფეხბურთი უფრო სწორად მისი გაქსუებული "მესვეურები" კარგი ფეხბურთელების მიმართ! ვინც თავდადებულია გუნდის მიმართ იმას უშვებენ და ვინც ისე რა? ტოვებენ ხოლმე.ამიტომ მიებაძეთ ბეილს, რომელიც არც თამაშით იკლავს თავს და კარგ ხელფასაც იღებს.
გია
13:29 13-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული