კახა ჩხეტიანი: საქართველო კარგად ჯერ სლოვაკეთში უნდა წარმოვაჩინოთ
წილისყრის შედეგს გამოეხმაურა "ტრენჩინის" თავკაცი მარტინ შეველა:
"ქართული კლუბი ჩვენთვის თითქმის უცნობია. ვიცით, რომ ქუთაისი ტრენჩინიდან საკმაოდ დაშორებულია, 3000 კილომეტრზეა. ინფორმაციას გიორგი ბერიძისგან და იოჟკა კონტირასგან ვაგროვებთ, რომელიც საქართველოს ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისის ასისტენტია.
ვიცით, რომ "ტორპედო" ძირითადად საკუთარ აღზრდილებს ეყრდნობა. 3-4 წლის წინათ მახსოვს, "ჟილინას" ხვდებოდნენ და მაშინ "ჟილინას" ფეხბურთელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჰქონდათ.
"ტორპედოსთან" თამაშში შეტევაში ეფექტურები და დაცვაში ფრთხილები უნდა ვიყოთ".
ასევე ვიტყვით, რომ ახლახან გიორგი ბერიძემ საბოლოოდ გააფორმა ხელშეკრულება "ტრენჩინთან" და კიდევ ერთი სეზონით დარჩა იჯარით აღნიშნულ კლუბში, ისე კი ბელგიური "გენტის" საკუთრებაა.