ტანჯვით, წამებით, ესპანეთმა კაცნაკლული შვეიცარია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა პენალტების სერიაში შვეიცარია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ესპანეთი სრულ უპირატესობას ფლობდა და დებიუტშივე წინ გაიჭრა, როდესაც ალბას დარტყმული ბურთი ზაკარიას მოხვდა და ზომერის კარში აღმოჩნდა. შვეიცარია კონტრიერიშებით პასუხობდა, მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, თუმცა მეტი საგოლე მომენტი არც ერთ გუნდს არ შეუქმნია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ფურია როხა“ ბურთს აკონტროლებდა, შვეიცარია კი უხიფათო შეტევებით პასუხობდა. მაინც გაათანაბრა ანგარიში - ლაპორტისა და ტორესის შეუთანხმებლობით ფროილერმა ისარგებლა, ბურთს დაეუფლა, შაქირის გადააწოდა და
მან მშვიდად დაამწუხრა უნაი სიმონი.

78-ე წუთზე ფროილერი მორენოს ეუხეშა, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, პეტკოვიჩის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა. თუმცა, ესპანეთი ერთფეროვნად უტევდა, „ნეიტრალები“ თავს ორგანიზებულად იცავდნენ, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმის დასაწყისიდანვე ესპანეთი შტურმზე გადავიდა: ალბას კარგი განივი გადაცემა მორენომ ვერ გამოიყენა, ალბას, მორენოსა და ოიარსაბალს ზომერმა არ დაანება გატანა. გაუძლო შვეიცარიამ, ხოლო პენალტების სერიაში "ფურია როხამ" იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ესპანეთი 1/2 ფინალში იტალიასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
შვეიცარია - ესპანეთი 1:1(დ.დ. 1:1, პენ. 1:3)
გოლები: 0:1 ალბა (8), 1:1 შაქირი (68)
გაძევება: ფროილერი (78)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უნაი სიმონი დაასახელეს. მან 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
. მიმდინარე ტურნირზე 10 ავტოგოლი გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ევროპირველობების ისტორიაში.
. ალბამ ნაკრებში 2017 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.
. ესპანეთი დიდი ტურნირის ნახევარფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
. ესპანეთის ნაკრები 13 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული