ევროპის ჩემპიონატზე ზოგიერთი ფეხბურთელისა და მედიასაშუალების მიერ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლების მიმართ ერთგვარი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოიხატა. თითქოს არც მიგვიჩნევენ ევროპის ნაწილად. ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მათი ქედმაღლური ტონით აშკარად იგრძნობა.
მაგალითად, სატელევიზიო გადაცემა "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო"-ს წამყვანმა კეიტ გარავეიმ უკრაინის ნაკრების ფორმას სახალხოდ დასცინა და თქვა, რომ მასზე გამოსახული რუკა რაღაც ჭუჭყიან ლაქას ჰგავს.
ჩეხეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ დანიასთან მეოთხედფინალში თამაში ბაქოში მოუწიათ. ისინი შორ გზაზე მგზავრობის გამო ჩიოდნენ (გეგონება ავტობუსით ჩავიდნენ) და კიდევ
იმის გამო, რომ მათ ახლობლებს ბილეთების ფასი უფრო ძვირი დაუჯდებოდათ. ამ დროს აზერბაიჯანის დედაქალაქში შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა და მასპინძლობაც ჩინებული გაუწიეს.
ბრიტანულმა "სანმა" უკრაინის ნაკრებისადმი მიძღვნილ წერილში გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო რუსეთის ნაწილად ჩათვალა. შესაძლოა, ეს არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, მაგრამ გამოცემას, თუნდაც ყვითელს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა მეტი კვალიფიციურობა მოეთხოვება.
რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებიდან საუკეთესო შედეგს უკრაინამ მიაღწია, რომელიც 8 საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში უსახურად იასპარეზა და ინგლისს ფაქტიურად უბრძოლველად დანებდა. უკრაინამ ევრო 2020-ზე 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ჯგუფში ჩარჩენილმა რუსეთმა - 10.75 მლნ. თუმცა, აქ საქმე ფულში კი არა, არამედ პრესტიჟშია.
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ რადიმოვმა ვერ მოითმინა და უკრაინისა და ინგლისის შეხვედრის მიმდინარეობისას მეზობლებს ნიშნი მიუგო. "ჩვენები ამის უფლებას ინგლისელებს ნამდვილად არ მისცემდნენ! სჯობდა უკრაინა შვედეთთან დამარცხებულიყო და სახლში გამგზვრებულიყო. გამართლება დასრულდა!".
რუსეთის ფედერაციის სენატორმა ალექსეი პუშკოვმა უკრაინელებს დასცინა და თქვა, რომ მაისურზე გამოსახულმა კონტურმა ვერ უშველა.
რუსეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა განაცხადა, რომ უკრაინის ასეთ განადგურებას არ ელოდა, მაგრამ საერთო ჯამში ღირსეულად იასპარეზეს და მათ მაშინ უნდა შეედარონ, როდესაც მეოთხედფინალში თავად გავლენ.
უკვე ყველას მიერ მივიწყებულმა უკრაინის ექსპრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომაც კი დააფიქსირა თავისი აზრი, თანამემამულეებს გარჯა მოუწონა და წარმატებები უსურვა.
უკრაინაში ნაკრები გარდა მისი ყოფილი მწვრთნელის, ალექსანდრ ზავროვისა არავის გაუკრიტიკებია. მას მიაჩნია, რომ მათი ეროვნული გუნდი ინგლისელებთან საბრძოლოდ ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად, მოედანზე წინასწარ დამარცხებულები გავიდნენ, მწვრთნელებმა შეგირდები სათანადოდ ვერ განაწყეს და შვედეთთანაც ძალიან გაუმართლათ.
ძალიან ობიექტურად შეაფასა მარცხი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ. მისი აზრით, მეორე სართულზე მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევდნენ, რამეთუ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით მოკლე სათადარიგოთა სკამი გააჩნიათ და ვიდრე კარგი ჩემპიონატი არ ექნებათ, სულ უფრო და უფრო იშვიათად გავლენ დიდი ტურნირების დასკვნით სტადიებში. ანდრეი კიდევ ერთ გამოსავლად უკრაინელ ფეხბურთელთა ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში ასპარეზობას მიიჩნევს.