როტერდამელი პოლიციელი, რომელმაც დანია სახლში გაუშვა - მაკელეს მეორე დიდი სკანდალი ერთ წელში

AutoSharing Option
ნიდერლანდელმა რეფერი დანი მაკელემ კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი გუშინ, 7 ივლისს იმსაჯა და ინგლისის ნაკრებს დანიასთან, ფაქტობრივად, მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ მაკელემ ინგლისის ნაკრების ზედიზედ მეორე შეხვედრაზე იმუშავა მთავარი მსაჯის სტატუსით (იქამდე გერმანიასთან, 1/8-ფინალში).

ჯერ არ გამოჩენილა საფეხბურთო პერსონა, რომელიც იტყოდა, რომ მაკელეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დანიის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი სამართლიანი იყო. VAR-ის სისტემის არსებობამ კი შეთქმულების თეორია გააძლიერა, როგორ შეიძლებოდა არ დაენახათ, რომ მელესა და სტერლინგს შორის შეხება სრულად უმნიშვნელო იყო და ინგლისელთა შემტევმა ვარდნა დანიელ მცველთან შეხებამდე
დაიწყო.

ვინ არის დანი მაკელე?

ნიდერლანდელი, რომელმაც სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, პოლიციელია და ფეხბურთთან შეთავსების გამო სამართლდამცველის მოვალეობას ამჟამად ნახევარ განაკვეთზე ასრულებს.

მაკელე ნიდერლანდურ სამხედრო გემზე კურასაოში, კარიბის ზღვაში დაიბადა და ჰოლანდიაში მაშინ დაბრუნდა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. 10 წლის ასაკამდე აქტიურად თამაშობდა კალათბურთს და მატჩების განსჯა თინეიჯერის ასაკიდან დაიწყო.

მას შემდეგაც კი, როცა მსაჯთა ელიტაში შეაბიჯა, პოლიცია არ დაუტოვებია. მაკელე დღემდე როტერდამის პოლიციაში ინსპექტორად მუშაობს - ხან ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მსაჯობს, ხან კი დამნაშავეებს დასდევს.

მაკელეს აქამდეც ჰქონდა გამოცდილება, ემსაჯა ინგლისის ნაკრების მატჩები. 2015 წელს ნიდერლანდელმა გარეთ საუთგეითის გაწვრთნილი ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების პირველი შეხვედრა განსაჯა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც გუნდი დამარცხდა.

აი, ჰარი კეინს კი დანის მიერ ნამსაჯ მატჩებზე კარგი მოგონება აკავშირებდა - 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემმა“ „დორტმუნდს“ სწორედ კეინის გოლით მოუგო.

რომელი იყო ყველაზე დიდი მატჩები ნიდერლანდელის კარიერაში?

მაკელე იყო მსაჯი იმ შეხვედრისა, როცა 2 წლის წინ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან „ლიონმა“ გამოაგდო. ეს ¼-ფინალური ეტაპი გახლდათ და იმ მატჩში კაილი უოქერმა ითამაშა.

აქამდე კი, აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონთა ლიგის სეზონში „რეალისა“ და „ჩელსის“ შორის გამართული მადრიდული ნახევარფინალი განსაჯა. ეს მაკელეს კარიერაში გუშინდელ დღემდე ყველაზე დიდი შეხვედრა იყო.

38 წლის ნიდერლანდელი უეფას ახალგაზრდა რეფერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და ევრო 2020-ის ერთ-ერთი გახსნითი მატჩი მიანდეს (იტალიასა და თურქეთს შორის).

აღსანიშნავია, რომ უეფაში აღიძრა საქმე, რომელიც ჰარი კეინის დარტყმის დროს კასპერ შმეიხელისათვის თვალებში ლაზერის შენათების ფაქტის გამოძიებას ეხება, მაგრამ VAR-ის მსაჯსაც ლაზერს ანათებდნენ თვალებში, როცა პენალტის ეპიზოდის გამეორებებს უყურებდა?

იყო საუბარი, მეორე ბურთის მოედანზე ყოფნის გამო უნდა შეჩერებულიყო თამაში ან პენალტი არ უნდა დანიშნულიყოო. ეს მცდარი აზრია, რადგან ის ბურთი ფეხბურთელებს ხელს არ უშლიდა და წესების მიხედვით, ამ ნაწილში მაკელემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერესო გარემოება მაკელეს გარშემო ბევრია... სწორედ დანი მაკელემ არ ჩაუთვალა აშკარა გოლი პორტუგალიის ნაკრებს სერბეთთან შეხვედრაში. იმდენად აშკარა შეცდომა იყო, ბოდიში მოიხადა. თუმცა ბოდიშიც ასეთი უნდა, მალევე ანდეს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის განსჯა.

გარდა ამისა, მაკელე პოლიციელია, ხოლო სამართალდამცველები ამბოხებულობით არ გამოირჩევიან. ის ახალგაზრდა, დამჯერი ნიდერლანდელია. უეფა ყველანაირად ცდილობს ასიამოვნოს ინგლისურ ფეხბურთს. სწორედ ამის გამო ითამაშა ნაკრებმა ყველა მატჩი სამშობლოში. ბელგიელებს უეფამ რამდენიმე დღე არ აპატია (წესით, იქ უნდა ეთამაშა ჯგუფური ეტაპი და 1/8-ფინალი). ამის შემდეგ, რატომ არ შეიძლება დაენიშნა ის მსაჯი, რომელიც დაელოდებოდა შესაბამის მომენტს და საჭირო დროს ინგლისელებს მცირედით წაეხმარებოდა?

რასაკვირველია, ინგლისს პენალტების სერიაში ან იქამდე რომ მოეგო, ვერავინ იტყოდა, რომ არ იმსახურებდნენ. მეორე ტაიმიდან მოყოლებული, დანელებს აშკარად სჯობდნენ, თუმცა ერთია, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

ამ მატჩზე მსაჯად დანიშვნის კიდევ ორი კანდიდატი იყო - რუსი სერგეი კარასიოვი და გერმანელი ფელიქს ბრიხი. კარასოვის სტილით თუ ვიმსჯელებთ, რუსი აქ პენალტს არ დადებდა, ცხადია, თუ ზევიდან არ ეტყოდნენ... აი, ფელიქს ბრიხი კი, დიდი ალბათობით, ყვითელ ბარათს რაჰიმ სტერლინგს მისცემდა.

მაკელე ახალგაზრდა მსაჯია, ამბიციური, რომელსაც შეცდომები უხვად აქვს... რა უნდა გააკეთო, როცა ამბიცია და შეცდომები თანაბრად მოგდევს? "ჭკვიანი" ბიჭი უნდა იყო. მაკელე კი ზუსტად ასეთია... რა გააკეთა, როცა პორტუგალიის თამაშისას კატასტროფული შეცდომა დაუშვა? უკანმოუხედავად, მეორე დღესვე ის ლაინსმენი გაათავისუფლა, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი მსაჯობდა, პორტუგალიელებს კი ბოდიში მოუხადა.

მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, უფრო მარტივი... დანიელებმა გატანილი ჯარიმის დროს წესები დაარღვიეს და ინგლისელთა კედელთან მივიდნენ... არაა გამორიცხული, რომ ნიდერლანდელმა ეს მომენტი ნახა და ინგლისელებს ხურდა დაუბრუნა. მსგავსი რამ მსაჯების შემთხვევაში ხშირად ხდება.

თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, ფინალიც მაკელემ განსაჯოს. რატომაც არა? თუ არა, ეს შესაძლოა, უეფას მხრიდან იმის ირიბად აღიარებას ნიშნავდეს, რომ დანიმ შეცდომა დაუშვა...

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაბშე როგორ შეიძლება პოლიციელი მსაჯი იყოს! ეს მატჩი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. ვფიქრობ შმეიხელი აჯობებდა პიკფორდს. თუმცა ეგ არავინ იცის რა მოხდებოდა. აბსურდული პენალტი რომ არა
დავით67
00:20 10-07-2021
1
ეს ყველაფერი ანტიპიარი და მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანის მცდელობაა,მაგრამ მაგაზე არავინ წამოეგება.ინგლისი იტალიას მოუგებს თავისივე კოზირ(ებ)-ით,ძირითად დროში.იტალიამ იმდენად მძლავრად დაიწყო ტურნირი და ყველაფერი აჩვენა ისიც საკითხავია რაიმე კოზირი თუ შემორჩათ.აი,ინგლისის ნამდვილად კარგი თამაში კიდე არავის უნახავს,იმედია ფინალში ვნახავთ.
alex
22:05 09-07-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული