ევრო 2016-ის ამბები: ცვლილება "ფურია როხაში"

AutoSharing Option
კარვახალს ბელერინი ჩაანაცვლებს?
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო "რეალის" მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ თუ კარვახალის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, მას ევრო 2016-ზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში "არსენალის" მცველი ექტორ ბელერინი შეცვლის.

"კიდევ ორი დღე მრჩება, სანამ განაცხადს ჩავაბარებ. ჯერ კიდევ ველი ნაკრების ექიმის პროგნოზს და იმის მიხედვით ვიმოქმედებ", - განაცხადა დელ ბოსკემ.

მსოფლიოს ჩემპიონთა მარცხი
მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა სლოვაკეთის ნაკრებთან და 1:3 დათმო. მართალია, აუგსბურგში მასპინძლები დაწინაურდნენ - გოლი პენალტით მარიო გომესმა გაიტანა, მაგრამ
შემდეგ იან კოზაკის ბიჭებმა იყოჩაღეს. პირველი ტაიმის მიწურულს მარეკ ჰამშიკმა გაათანაბრა, სამ წუთში კი მანვე დააწინაურა სლოვაკეთი. მეორე ტაიმში გოლი იურაი კუცკამ გაიტანა.

პოლონეთს რიბუსი დააკლდა
პოლონეთის ნაკრებს ნახევარმცველი მაცეი რიბუსი დააკლდა. 27 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მხარი დაიშავა და მისი თამაში ევრო 2016-ზე გამოირიცხა. რიბუსმა ეს ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მიიღო "როსტოვთან" თამაშში.

მატიო ევროზე ვერ მიდის
საფრანგეთის ნაკრებს "ბარსელონას" მცველი ჟერემი მატიო დააკლდა. 32 წლის უნივერსალური მცველის სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კუნთი დაზიანებულია და მის მორჩენას გარკვეული დრო ესაჭიროება. დიდიე დეშამმაც აღარ დაახანა და მატიო ევრო 2016-ის განაცხადში სამუელ უმტიტით შეცვალა, რომელიც "ლიონში" თამაშობს.

ჩრდილოირლანდიელთა განაცხადი
ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის "ტვიტერზე" გამოქვეყნდა ნაკრების 23-კაციანი საბოლოო შემადგენლობა. შეგახსენებთ, რომ საბოლოო განაცხადების მიღების ვადა 31 მაისია, თუმცა ჩრდილოირლანდიელებმა აღარ დაიცადეს.

მეკარეები: როი კეროლი, ალან მანუსი, მაიკლ მაკჰოვერნი
მცველები: კრის ბეირდი, კრეიგ კეტკარტი, ჯოვანი ევანსი, გარეთ მაკაული, ლი ჰოდსონი, აარონ ჰიუზი, ლუკ მაკკალოჰი, კონორ მაკლაფლინი, პატრიკ მაკნეირი
ნახევარმცველები: სტიუარტ დალასი, სტივენ დევისი, კორი ევანსი, შეინ ფერგიუსონი, ნილ მაკგინი, ოლივერ ნორვუდი
თავდამსხმელები: უილიამ გრიგი, კეილ ლაფერტი, ჯოშ მაჯენისი, ჯეიმი უორდი, კონორ ვაშინგტონი.

პროფკავშირი ევრო 2016-ის ჩაშლით იმუქრება
შრომის საყოველთაო კონფედერაციამ, რომელიც საფრანგეთში ყველაზე მსხვილი პროფკავშირია, დაიმუქრა, რომ ევროპის ჩემპიონატს ჩაშლის. მიზეზი კი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელიც შრომის კანონში რეფორმებს აპირებს, პროფკავშირი კი ამ რეფორმების წინააღმდეგ ილაშქრებს.

"თუკი სახელმწიფომ გადაწყვიტა, დაარტყას მშრომელი ადამიანების ჯიბეს, ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა - შეგვიძლია ევრო 2016-ის მასპინძელ ყველა ქალაქში მოვაწყოთ გაფიცვები", - განაცხადეს პროფკავშირში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული