როგორც იცით, დორტმუნდის "ბორუსიის" ლიდერმა ტრავმის გამო ვერც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა და ახლა ევრო 2016-საც გამოტოვებს. მიზეზი ისევ ტრავმაა - მართალია, როისი არ არის სერიოზულად ტრავმირებული, მაგრამ გერმანიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ნაკრების მწვრთნელ იოახიმ ლიოვს როისთან დაკავშირებით გარანტია ვერ მისცა, რის გამოც იოგიმ
მარკო როისის გარდა, საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ ქარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი და სებასტიან რუდი. თუკი რუდის სიის მიღმა დარჩენა ბევრს არ გაუკვირდა, ბელარაბის და ბრანდტის განაცხადში მოხვედრას საკმაოდ ბევრი ქომაგი წინასწარმეტყველებდა. ბელარაბი ბუნდესგუნდში რეგულარულად თამაშობდა, ხოლო ბრანდტს კი შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. სამაგიეროდ, საბოლოო განაცხადშია კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი. ევროპის ჩემპიონატზე მიდიან ლუკას პოდოლსკი და მარიო გომესიც.
"სამწუხაროდ, ექიმებმა როისს მწვანე ვერ აუნთეს. ეს ძალიან საწყენია. მარკოს ახლა მხოლოდ წინ სირბილი შეუძლია, სხვა რამეს კი ვარჯიშებზე ვერ ახერხებს. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ გარისკვა არ ღირდა. საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში რომ ყოფილიყო, როისს საფრანგეთში აუცილებლად წავიყვანდი", - განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ როისს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა - მარკო 27 წლის გახდა. ლიოვის თქმით, ექიმებმა მწვანე აუნთეს ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებს. იგივე ეხება მატს ჰუმელსსაც.
გერმანიის ნაკრების საბოლოო სიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ყველაზე ბედნიერები ახალგაზრდა ფეხბურთელები, ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი) და ლეროი სანე (შალკე) არიან.
ბუნდესგუნდში სამივე მათგანს მხოლოდ 4-4 მატჩი აქვს ჩატარებული და ლიოვს საფრანგეთში სამივე მიჰყავს.
აღსანიშნავია, რომ პოდოლსკისა და შვაინშტაიგერისთვის ეს ზედიზედ მე-7 დიდი ტურნირი იქნება - პოლდის და შვაინის პირველი დიდი ტურნირი ევრო 2004 იყო. ამ მიღწევით ისინი ოლივერ კანს და მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდნენ, რომლებმაც ბუნდესგუნდის ფორმით ასევე 7 დიდ ტურნირზე იასპარეზეს. აქვე გავიხსენოთ, რომ ამ მხრივ გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია, რომელმაც 1980-დან 2000 წლის ჩათვლით 9 დიდ ტურნირზე იასპარეზა.
გერმანიის ნაკრები პარასკევამდე მზადებას შვეიცარიაში განაგრძობს. შაბათს ბუნდესგუნდი გელზენკირხენში უნგრეთს ამხანაგურად შეხვდება, რის შემდეგაც ლიოვი შეგირდებს ორ დღეს დაასვენებს, სამშაბათს კი გერმანელები საფრანგეთისკენ აიღებენ გეზს.
გერმანიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი).
მცველები: ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია), ემრე ჯანი (ლივერპული), ანტონიო რუდიგერი (რომა).
ნახევარმცველები: სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), მესუთ იოზილი (არსენალი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი), ლეროი სანე (შალკე), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი).
თავდამსხმელები: თომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გომესი (ბეშიქთაში), ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"