ბუნდესლიგა. IX ტური: კრიზისი ლიდერსაც მიადგა [VIDEO]

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესის მისვლიდან ორი კვირის თავზე, "ბაიერნი" უკვე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

"რეკორდმაისტერის" წინსვლა "დორტმუნდის" დამსახურებაცაა, რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო, შუა კვირას კი კვიპროსში ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვა.

დორტმუნდელთა წაფორხილებით "ლაიპციგმაც" ისარგებლა, რომელიც ორ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება...

აინტრახტი-დორტმუნდი
წინა ტურში ბუნდესლიგაში საშინაო მარცხისა (პირველი ბოლო ორი წლის განმავლობაში) და ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსში ფრის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი "დორტმუნდის" კრიზისის შესახებ. ფრანკფურტში "აინტრახტის" წინააღმდეგ მატჩს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე - რამდენად მძიმე მდგომარეობაა ჩემპიონატის ლიდერის ბანაკში. თან ამისთვის მეტოქეც შესაფერისი
იყო - "აინტრახტი" წელს სერიოზულად იბრძვის ევროსაგზურისთვის.

თავდაპირველად, "დორტმუნდისთვის" ცუდს არაფერი მოასწავებდა - სტუმრებმა ორივე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს და 2:0 წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში სტუმრებს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ - ჯერ პენალტი მიიღეს საკუთარ კარში, შემდეგ კი, ტრადიციულად, დაცვაში აურიეს და ვოლფს მეტად კომფორტული სიტუაციიდან გაატანინეს.

როცა საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, გაირკვა, რომ "ბორუსიას" ერთ-ერთი კონკურენტი - "ლაიპციგი" გათამაშების ცხრილში მაქსიმალურად ახლოს მივიდა ლიდერთან "შტუტგარტის" დამარცხების შემდეგ. თან წინ იყო "ბაიერნის" მატჩი და ჩემპიონს შეეძლო "დორტმუნდთან" ქულებით გათანაბრება.

ჰამბურგი-ბაიერნი
როგორც მოსალოდნელი იყო, იუპ ჰაინკესის გუნდი დაეწია ლიდერს, თუმცა, ტრადიციულად იოლ მეტოქესთან და ბოლო წლების ტრადიციულ აუტსაიდერ - "ჰამბურგთან" გამარჯვება იოლი არ ყოფილა. არადა, მასპინძლები 39-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდნენ იუნგის გაძევების გამო, ხოლო ერთადერთი გოლი სტუმრებს, ფაქტობრივად, "ჰამბურგის" სამმა ცენტრალურმა მცველმა აჩუქა, როცა მარტივ სიტუაციაში საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს.

საგოლე კომბინაცია დავიდ ალაბამ დაიწყო, რომელიც "ბაიერნში" 273-ე მატჩს ატარებდა და ამით გაუთანაბრდა მიუნხენელთა ფრანგ ლეგენდა ბიქსენტ ლიზარაზუს. მცველების წამიერი დაბნეულობა საკმარისი აღმოჩნდა თომას მიულერისთვის - საგოლე პასი შეესრულებინა კორენტენ ტოლისოს მისამართით.

მიულერმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა - შესვენებაზე მან ხამეს როდრიგესი შეცვალა, შემდეგ კი ადგილი დაუთმო ტიაგო ალკანტარას. თომასი ზურგმა შეაწუხა.

"ბაიერნს" იმ მხრივ არ გაუმართლა, რომ ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი და ამ სეზონში ასეთი გაფუჭებული დარტყმები უკვე რვა დაუგროვდა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონს საწუწუნო აღარაფერი აქვს, რადგან ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ სამიდან სამი მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საერთოდაც, "ბაიერნს" ძალიან უხდება მწვრთნელის შეცვლა - ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ბოლო 19 მატჩში ამ გუნდმა 18 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა!

გლადბახი-ლევერკუზენი
ეს ტური "ბორუსიებისთვის" უიღბლო გამოდგა. "გლადბახმა", რომელსაც ბოლო ოთხი მატჩიდან სამი ჰქონდა მოგებული, ასევე ჩააგდო მეორე ტაიმი, თანაც, კატასტროფულად! "ლევერკუზენმა" შეგვახსენა, რომ "გლადბახს" თავის მოედანზე ხუთი ან მეტი გოლი 1998 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გაშვებული.

"ლევერკუზენის" რიგებში ბრწყინვალე იყო 19 წლის ჰაფერცი, რომელმაც სამი საგოლე პასი შეასრულა, მის გუნდს კი სერიოზული განწყობა აქვს - ჩაგდებული შარშანდელი სეზონის შემდეგ ძველი პოზიციები დაიბრუნოს.

"ბაიერი" ხუთი ტურია არ აგებს და ბუნდესლიგაში 14 მატჩი უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა. "ფარმაცევტებს" ევროთასების ზონამდე ერთი მოგება აშორებთ.

ფაქტები
  • "შალკეს" არ წაუგია შინ "მაინცთან" ზედიზედ ხუთი მატჩი.
  • ლეონ გორეტცკას ოთხი გოლი დაუგროვდა და ერთი აკლია იმისთვის, რომ შარშანდელი შედეგი გაიმეოროს.
  • "მაინცის" ფეხბურთელმა დანიელ ბროსინსკიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • "გლადბახმა" 1978 წლის მარტის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ ტაიმში 5 გოლი.
  • კევინ ფოლანდმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა გასვლაზე.
  • "გლადბახისა" და "ლევერკუზენის" მატჩი 2004 წლის შემდეგ უგოლო ფრით არ დასრულებულა.
  • "გლადბახმა" ბუნდესლიგის ბოლო 17 მატჩიდან 16-ში გაიტანა გოლი, "ლევერკუზენი" კი 14 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • სვენ ბენდერმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში 2014 წლის იანვრის შემდეგ.
  • "ლაიპციგს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • "შტუტგარტს" აქამდე ორჯერ ჰქონია ხუთი წაგება ცხრა ტურის შემდეგ - 1974-75 და 2007-08 წლების სეზონში.
  • "ლაიპციგის" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი "შტუტგარტთან" მატჩში იყო - 23 წელი და 9 თვე. ამ სეზონში ეს ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობაა.
  • მარიო გიოტცემ ბუნდესლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
  • "დორტმუნდი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც სტუმრად არ წაუგია.
  • "აინტრახტმა" ცხრა ტურის შემდეგ მოპოვებული 14 ქულიდან მხოლოდ ოთხი აიღო შინ.
  • "აინტრახტს" მთელი კალენდარული წელი არ მოუგია ზედიზედ ორი მატჩი საკუთარ მოედანზე.
  • "ჰანოვერის" შემადგენლობაში დუბლის ავტორ ფიულკრუგს 2012 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.
  • "ჰანოვერს" ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული სტუმრად.
  • "ჰამბურგს" "ბაიერნთან" ბოლო 16 მატჩში 64 გოლი (4.0 საშუალოდ!) აქვს გაშვებული.
  • "ჰამბურგს" 2009 წლის სექტემბრის შემდეგ არ დაუმარცხებია "ბაიერნი".
  • "ჰამბურგს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი საკუთარ მოედანზე.

ბუნდესლიგა. IX ტური
შალკე-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 გორეტცკა (13), 2:0 ბურგშტალერი (74)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - დ. კალიჯური, მ. მაიერი, ოშჩიპკა - გორეტცკა, ჰარიტი (89. კოკი) - დი სანტო (68. კონოპლიანკა), ბურგშტალერი (84. რესე).

ლაიპციგი-შტუტგარტი 1:0
გოლი: 1:0 ზაბიტცერი (23)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი, ბერნარდო - კეიტა (63. კამპლი), დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი (73. ლაიმერი) - პოულსენი, ვერნერი (61. ოგუსტენი).

გლადბახი-ლევერკუზენი 1:5
გოლები: 1:0 ფ. ჯონსონი (7), 1:1 ს. ბენდერი (48), 1:2 ბეილი (59), 1:3 ბრანდტი (61), 1:4 ფოლანდი (69), 1:5 პოიანპალო (81)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ლ. ბენდერი, ბაუმგარტლინგერი - ფოლანდი (79. პოიანპალო), ბეილი (84. ბელარაბი) - ჰაფერცი - ალარიო (46. ბრანდტი).

აინტრახტი-დორტმუნდი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 შაჰინი (19), 0:2 ფილიპი (57), 1:2 ჰალერი (64-პენ), 2:2 მ. ვოლფი (68)
დორტმუნდი: ბიურკი - ბარტრა, ვაიგლი (58. ზაგადუ), სუბოტიჩი, ტოლიანი - შაჰინი - გონსალო კასტრო (58. კაგავა), გიოტცე - პულიშიჩი, ფილიპი (84. სანჩო) - ობამეიანგი.

აუგსბურგი-ჰანოვერი 1:2
გოლები: 1:0 გრეგორშიტცი (33), 1:1 ფიულკრუგი (77), 1:2 ფიულკრუგი (89)

ჰამბურგი-ბაიერნი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 ტოლისო (52)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტოლისო, ვიდალი - რობენი, ხამეს როდრიგესი (46. მიულერი/55. ტიაგო ალკანტარა), კომანი (90+3. კიმიხი) - ლევანდოვსკი.
გაძევება: იუნგი (39. ჰამბურგი)

კიოლნი-ვერდერი 0:0

ფრაიბურგი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 ჰაბერერი (57-პენ), 1:1 კალუ (81-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: კალუ (78. ჰერტა)

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 დემირბაი (73-პენ), 1:1 უდუოხაი (90)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში (46. აკროგუმა), ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერჟაბეკი, ცუბერი (69. შულცი) - დემირბაი, გრილიტში (82. პოლანსკი) - უტი, კრამარიჩი - ვაგნერი.
გამოუყენებელი პენალტი: არნოლდი (12. ვოლფსბურგი)

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: მაინცი-აინტრახტი
28 ოქტომბერი: ჰოფენჰაიმი-გლადბახი, ჰერტა-ჰამბურგი, შალკე-ვოლფსბურგი, ლევერკუზენი-კიოლნი, ჰანოვერი-დორტმუნდი, ბაიერნი-ლაპციგი
29 ოქტომბერი: ვერდერი-აუგსბურგი, შტუტგარტი-ფრაიბურგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული