ბუნდესლიგა. XI ტურის წინ: ხომ არ გაწითლდება დორტმუნდი?

AutoSharing Option
შაბათ საღამოს "სიგნალ იდუნა პარკზე" გვარიანად დაცხება - "დორტმუნდი" "ბაიერნს" მიიღებს.

ბუნდესლიგის "კლასიკა" ყოველთვის განსაკუთრებული ამბავია. დაპირისპირების მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ "დორტმუნდისთვის" უკან დასახევი გზა მოჭრილია. ჩემპიონთა ლიგაში პიტერ ბოშის გაწვრთნილი გუნდი გვარიანად შერცხვა - შინ ვერ მოუგო კვიპროსულ აპოელ-ს და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. კვიპროსელებთან ბოლო ორი წაფორხილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ბოშისთვის, მაგრამ, დიდი ალბათობით, მას "რეკორდმაისტერთან" მატჩსაც აცლიან.

"დორტმუნდის" ლაზარეთი კვლავ სავსეა. იქ არიან დურმი, პიშჩეკი, როისი... თამაშამდე მათ შეიძლება ვინმე კიდევ მიემატოს, ისეთი ტემპით გამოდიან მწყობრიდან ფეხბურთელები.

"ყვითელი"
"დორტმუნდი" შეიძლება მართლაც "გაწითლდეს" სირცხვილისგან. თანაც, "ბაიერნის" ფერი ხომ წითელია...

ამასობაში, უკვე ძალიან ბევრი იწერება "დორტმუნდის" გაბონელი ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ცუდ სათამაშო ფორმაზე. ბევრის აზრით, "ობა" შეგნებულად აღარ თამაშობს, რადგან გუნდიდან წასვლა უნდა. ყოველ შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელები უკვე ღიად მოუწოდებენ მას გააქტიურებისკენ. მან რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა აპოელ-თან შეხვედრაშიც.

პრობლემები არც "ბაიერნს" აკლია. ვერ უნდა ითამაშოს რობერტ ლევანდოვსკიმ. მის გარდა, ლაზარეთში არიან რიბერი, მიულერი, ნოიერი და ბერნატი. ვნახოთ, რომელიმე მათგანი თუ დაუბრუნდება მინდორს...

საკადრო პრობლემების მიუხედავად, იუპ ჰაინკესის გაწვრთნილი გუნდი მაინც იგებს. კი, "ბაიერნის" თამაში იდეალური ვერ არის, მაგრამ "დონ იუპს" დრო სჭირდება ისეთი "ბაიერნის" გამოსაძერწად, რომელიც მას ადრე ჰყავდა და რომელმაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ფავორიტის გამორჩევა ცოტა რთულია, მაგრამ თუ "დორტმუნდმა" დაცვაში არ მოუმატა, სავარაუდოდ, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი გაილაღებს. რაინვესტფალიელთა უკანა ხაზის გარჯა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ დორტმუნდელებს დაცვა საერთოდ არ ჰყავთ.

არადა, თუ ვინმე საჩემპიონო რბოლაში უნდა აჰყვეს "ბაიერნს", ეს "დორტმუნდია", თუნდაც მოჩვენებით. თუ შაბათს "ბაიერნმა" გასვლაზე მოიგო, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ფაქტები
  • ბუნდესლიგის სტარტის შემდეგ "ვერდერი" მეორე გუნდია "კიოლნთან" ერთად, რომელსაც ჯერ არ მოუგია.
  • "აუგსბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 5 მატჩიდან ოთხი ფრედ დასრულდა.
  • "ჰამბურგისა" და "შტუტგარტის" ბოლოს სამ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ოთხი მატჩია, "შალკეს" "ფრაიბურგისთვის" არ მოუგია.
  • "დორტმუნდი" და "ბაიერნი" უგოლოდ ბოლოს 2016 წელს გაიყარნენ.
ბუნდესლიგა. XI ტური
პარასკევი. 3 ნოემბერი
აინტრახტი-ვერდერი 23:30

შაბათი. 4 ნოემბერი
ლაიპციგი-ჰანოვერი 18:30
ფრაიბურგი-შალკე 18:30
გლადბახი-მაინცი 18:30
აუგსბურგი-ლევერკუზენი 18:30
ჰამბურგი-შტუტგარტი 18:30
დორტმუნდი-ბაიერნი 21:30

კვირა. 5 ნოემბერი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 18:30
ვოლფსბურგი-ჰერტა 21:00

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული