ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: გამოვა სეირნობა აუგსბურგში?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, ქომაგის ინტერესი რომ არ უნდა მოაკლდეს. დავიწყოთ ლიდერით. იუპ ჰაინკესის "ბაიერნს" მოგება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მისთვის სასურველ მეტოქეს, "აუგსბურგს" ეთამაშება.

"ბაიერნის" ბანაკიდან კარგი ამბები ისმის. მართალია, იანვრამდე ვერ დაბრუნდება მანუელ ნოიერი, მაგრამ შეიძლება ითამაშოს ხუან ბერნატმა. ძირითად გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში ფრენკ რიბერიმ, მაგრამ დიდი ალბათობით, ექიმები არ გარისკავენ და ზეგამოცდილ ფრანგს უფრო სერიოზული ბრძოლებისთვის გაუფრთხილდებიან.

მეორე ადგილზე მყოფ "ლაიპციგს" რთული გასვლითი მატჩი ელის "ლევერკუზენთან". "ფარმაცევტები" არასტაბილურად კი თამაშობენ,
მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. გუნდები, პრაქტიკულად, ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ერთადერთი სერიოზული დანაკლისი "ლაიპციგს" აქვს - ვერ ითამაშებს ფრანგი ფორვარდი ჟან-კევინ ოგასტენი.

"დორტმუნდის" ლაზარეთი ისევ სავსეა. ბუნდესლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ჩემპიონთა ლიგაში შანსი აღარ აქვს და უკვე მთლიანად შიდა ასპარეზზე გადაერთვება. სხვა საქმეა, რომ დორტმუნდელებს ბევრი წამყვანი ფიგურა აკლიათ. ამის მიუხედავად, სტუმარს, მოგების გარდა, სხვა გზა არ დარჩენია, რადგან "ბაიერნი" უკვე დიდი სისწრაფით მიქრის საჩემპიონო გზაზე.

"ჰოფენჰაიმი" "აინტრახტს" მიიღებს. მასპინძლებს ჩეხი პაველ კარადაბეკი დააკლდებათ. ცხადია, ამ მატჩში გოლების სიმრავლეს ველით, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ეს ასე არ ხდება. ფაქტია, "ჰოფე" ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ამოდსაცქერი გუნდია.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "შალკე" შინ ფავორიტის რანგში ისტუმრებს "ჰამბურგს". გარდა იმისა, რომ ბოლო ტურებში კარგად გამოიყურებიან, "ხუმარებს" შემადგენლობაც კარგი ჰყავთ. მათ ამ შეხვედრაში პაბლო ინსუა დააკლდებათ.

ახლა "შალკეს" ქომაგების მთავარი საფიქრალი ის არის, შეძლებენ თუ არა თამაშს მატია ნასტასიჩი და ლეონ გორეტცკა. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გორეტცკაა. მასთან ერთად და მის გარეშე "შალკე" ორი სხვადასხვა გუნდია.

ტურის ერთ-ერთი ინტრიგაა ისიც, შეძლებენ თუ არა პირველი გამარჯვებების მოპოვებას "ვერდერი" და "კიოლნი". თუ ეს გუნდები ამ დროისთვის ჯერაც მოგებების გარეშე იქნებოდნენ, ამას, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. ფაქტია, ორი ტრადიციული ბუნდესლიგური კლუბი გავარდნის რეალური პერსპექტივის წინაშეა.

ფაქტები
  • "დორტმუნდი" ბოლო ოთხი მატჩია, "შტუტგარტს" ამარცხებს.
  • "კიოლნსა" და "ვერდერს" ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგიათ მიმდინარე ბუნდესლიგაში.
  • "ჰოფენჰაიმსა" და "აინტრახტს" შორის უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში ორივე გუნდს არ გაუტანია.
  • "გლადბახმა" ოთხი მატჩია, მარცხის სიმწარე არ იცის.

პარასკევი, 17 ნოემბერი
შტუტგარტი-დორტმუნდი 23:30

შაბათი, 18 ნოემბერი
ბაიერნი-აუგსბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 18:30
ლევერკუზენი-ლაიპციგი 18:30
მაინცი-კიოლნი 18:30
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 18:30
ჰერტა-გლადბახი 21:30

კვირა, 19 ნოემბერი
შალკე-ჰამბურგი 18:30
ვერდერი-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული