ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: გადარჩება ბოში?

AutoSharing Option
გერმანული ბუნდესლიგის მორიგ ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია.

რა თქმა უნდა, თხრობა უნდა დავიწყოთ ლიდერით. ლიდერი კი, გასაკვირი არ არის, რომ მიუნხენის "ბაიერნია". იუპ ჰაინკესის გაწვრთნილი "რეკორდმაისტერი" "ჰანოვერს" მიიღებს და ბუნებრივია, ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლება, სტატისტიკასაც რომ დავანებოთ თავი. ამ ბოლო დროს სადაც კი გადაეყარნენ "ჰანოვერს", მიუნხენელებმა ყველგან მოიგეს.

როგორც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება, "ბაიერნს" რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეიძლება დააკლდეს. და მაინც, "რეკორდმაისტერი" უკვე შეეჩვია წამყვანი მოთამაშეების გარეშე გარჯას.

ძალიან თვალსასეირო შეხვედრის მოლოდინი გვაქვს ლევერკუზენში, სადაც "დორტმუნდი" ჩადის. ყველამ
კარგად ვიცით, თუ რა შეემთხვა "დორტმუნდს" რურის დერბიში. ამ ეტაპზე პეტერ ბოში მთავარი მწვრთნელის პოსტს ინარჩუნებს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დორტმუნდელები ისევ ბევრ შეცდომას დაუშვებენ და შედეგიც არ იქნება მისაღები. ყოველ შემთხვევაში, სამწვრთნელო ცვლილება გუნდში არამც და არამც არ უნდა გამოვრიცხოთ.

სტუმართა ლაზარეთი ისევ სავსეა. ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომელი ფეხბურთელები იმყოფებიან დორტმუნდელი დასტაქრების მეთვალყურეობის ქვეშ. ტრავმების ეპიდემია ამ გუნდში უკვე კარგა ხანია, გრძელდება და მას ბოლო არა და არ უჩანს...

თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში არათანაბრად მოასპარეზე "ლევერკუზენი" ყველანაირად ეცდება, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები სათავისოდ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, დღევანდელი "დორტმუნდი" სულაც არ ტოვებს დაუმარცხებლის შთაბეჭდილებას.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "შალკე" რურის დერბიში წყალწაღებულ "კიოლნს" ეთამაშება და ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტადაც ითვლება. მას მერე, რაც "დორტმუნდს" ოთხბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მაღალია ახლა "ხუმარების" საბრძოლო სულისკვეთება. დავამატოთ ამას ისიც, რომ "თხები" მართლაც საშინელ ფორმაში არიან. "კიოლნი" ერთადერთია მიმდინარე ბუნდესლიგაში, გამარჯვების გემო ჯერაც რომ არ დაუჭაშნიკებია.

ფაქტები
  • "ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა.
  • 7 მატჩია, "აუგსბურგი" ვერ უგებს "მაინცს".
  • "დორტმუნდისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • 10 მატჩია, "ბაიერნი" ყველა ტურნირში ამარცხებს "ჰანოვერს".
  • "ვოლფსბურგისა"და "გლადბახის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XIV ტური
პარასკევი, 1-ლი დეკემბერი
ფრაიბურგი-ჰამბურგი 23:30

შაბათი, 2 დეკემბერი
ბაიერნი-ჰანოვერი 18:30
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 18:30
ვერდერი-შტუტგარტი 18:30
ლევერკუზენი-დორტმუნდი 18:30
მაინცი-აუგსბურგი 18:30
შალკე-კიოლნი 21:30

კვირა, 3 დეკემბერი
ჰერტა-აინტრახტი 18:30
ვოლფსბურგი-გლადბახი 21:00

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 8 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული