ოქტომბერში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა თომას მიულერმა თავისი სახელი ჩაწერა "ბაიერნის" ისტორიაში - მან 410-ედ ითამაშა მიუნხენური კლუბის მაისურით, რითაც გაუთანაბრდა ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს.
თავდაპირველად, იუბილარსა და მის პარტნიორებს ყველაფერი კარგად ჰქონდათ - ვიდალმა კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ სამ მატჩში გატანა. ამის შემდეგ ვიდეორეფერიმ ლევანდოვსკის გოლი გააუქმა და დაიწყო კიდეც ჩემპიონის პრობლემები. "ჰანოვერმა" ჯერ პენალტი ვერ გაუტანა ბოლო დროს ბრწყინვალედ ათამაშებულ ულრაიხს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწია, თანაც კუთხურიდან, საიდანაც "ბაიერნს" ბუნდესლიგაში გოლს 2015 წლის შემდეგ ვერავინ უტანდა!
მაგრამ ჩემპიონისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა კომანის წყალობით, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლევანდოვსკიმ გამოიყენა. მატჩის შემდეგ მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გამოაცხადა, რომ "ბაიერნი" ახალ მთავარ მწვრთნელს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში წარადგენს.
* * *
პრობლემები არ ელევა "დორტმუნდს", რომელმაც ლევერკუზენში სტარტზევე დაკარგა ტრავმირებული ფილიპი. პირველ ტაიმში სტუმრებისთვის უსიამოვნებები გრძელდებოდა.
გარკვეული ხანი "დორტმუნდს", რომელიც ობამეიანგის გარეშე თამაშობდა, მეკარე ბიურკი შველოდა, ერთხელ კი ძელმა მოიგერია ბურთი. მაგრამ 30-ე წუთზე დაცვაში ტრადიციული შეცდომა გოლად გადაიქცა - ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფორვარდი ფოლანდი ცენტრიდან (!) გაიქცა ერთი-ერთზე მეკარესთან და გახსნა ანგარიში.
დორტმუნდელთა სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს "ლევერკუზენს" ვენდელი გაუძევეს. სტუმრებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად - 73-ე წუთზე იარმოლენკომ შიურლეს პასით გაიტანა.
"დორტმუნდს" მოგებაც შეეძლო, მაგრამ, ამჯერად, შიურლე მეტოქეს დაეხმარა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ფორვარდი საჰაერო ორთაბრძოლისას მინდორზე დაეცა, ბურთი რაფაელ გერეიროს მიუვიდა, რომელმაც რამდენიმე მეტრიდან დაარტყა, მაგრამ წაქცეულ პარტნიორს გაარტყა ფეხში...
* * *
"ლაიპციგმა" ვერ შეძლო "ბაიერნთან" სამქულიანი სხვაობის შენარჩუნება. იულიან ნაგელსმანმა, რომელსაც "ბაიერნის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ, როგორც ჩანს, მომავალი დამქირავებლებისთვის თავის მოწონება გადაწყვიტა და მისმა "ჰოფენჰაიმმა" გაანადგურა "ლაიპციგის" დაცვა.
განსაკუთრებით კარგი იყო გნაბრი, რომლის ერთ-ერთი გოლი ნამდვილი შედევრი გამოდგა. ფორვარდმა დაინახა წინ გამოსული მეკარე და თითქმის ცენტრალური წრიდან გაუშვა ბადეში ბურთი.
"ჰოფემ" შეწყვიტა სამმატჩიანი მოუგებელი სერია და დაბრუნდა ევროტურნირების ზონაში, ლაიპციგი" კი ბუნდესლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა.
* * *
მას შემდეგ, რაც "ლაიპციგი" "ჰოფენჰაიმთან" შერცხვა, "შალკე" უნდა გამხდარიყო "ბაიერნის" უახლოესი მდევარი, მაგრამ გელზენკირხენელებმა სენსაციურად დაკარგეს ქულები შინ უიმედო "კიოლნთან".
სტუმრები ხშირ შემთხვევაში ვერ უმკლავდებოდნენ "შალკეს" ზეწოლას და დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მხოლოდ ორჯერ იხეირეს ასეთი მომენტებისგან - გოლები ბურგშტალერმა და გელზენკირხენელთა ამომავალმა ვარსკვლავმა ჰარიტმა გაიტანეს, თუმცა, "კიოლნმა" ორივეჯერ შეძლო პასუხის გაცემა მეტად მონდომებული სერუ გირასის წყალობით.
მეორე გოლი ფრანგმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ვიდეოგამეორებით დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა. ბოლოს იყო "კიოლნის" ძალიან სახიფათო შეტევა, რომელიც ოსაკოს სიმულაციითა და მისი გაძევებით დასრულდა. თუმცა ეს ფრე "კიოლნისთვის" მორალურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს. ხოლო წინა ტურში "დორტმუნდთან" მოგების ტოლფასი 4:4-ის შემდეგ, "შალკესთვის" ეს აშკარა ჩავარდნა იყო.
ასევე გაუშვა მეორე ადგილზე გადასვლის შანსი "გლადბახმა", რომელმაც უშანსოდ წააგო "ვოლფსბურგთან" სტუმრად. როგორც ჩანს, "ბაიერნის" დამარცხება დიდ მსხვერპლს მოითხოვს - ბუნდესლიგაში ბოლო რვა გუნდმა, რომელმაც "რეკორდმაისტერის" დამარცხება შეძლო, მომდევნო ტურში ვეღარ მოახერხა გამარჯვება. მათი ბედი "გლადბახმაც" გაიზიარა.
ფაქტები
- ჰამბურგელმა ფილიპ კოსტიჩმა ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.
- "ფრაიბურგმა" და "ჰამბურგმა" მეექვსედ ითამაშეს 0:0 ფრაიბურგში.
- "ჰამბურგს" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული "ფრაიბურგი".
- არტურო ვიდალმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩილელის კარიერაში.
- "ბაიერნი" წელს შინ დაუმარცხებელია. გერმანიის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ხუთიდან ხუთი ოფიციალური მატჩი (ბურთების შეფარდება - 16:1) მოიგო მწვრთნელად იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ.
- "ჰანოვერს" მიუნხენში ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული.
- რობერტ ლევანდოვსკიმ 13 მატჩში 11-ჯერ გაუტანა "ჰანოვერს".
- ლევანდოვსკი პირველი მოთამაშეა "ბაიერნის" ისტორიაში, ვინც სეზონის პირველ შვიდივე საშინაო მატჩში შეძლო გატანა.
- სერჟ გნაბრიმ ბუნდესლიგაში მეორე დუბლი შეასრულა.
- "შტუტგარტს" 2016 წლის 6 თებერვლის შემდეგ არ მოუგია სტუმრად ბუნდესლიგაში.
- "შტუტგარტის" ბოლო გამარჯვება ბრემენში 2006 წლის 16 სექტემბრით თარიღდება.
- კევინ ფოლანდმა ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა გოლი, რაც მეორედ მოხდა მის კარიერაში.
- ფოლანდმა ამ სეზონში მეხუთედ გახსნა ანგარიში.
- "ლევერკუზენი" 9 მატჩია არ მარცხდება, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.
- "ლევერკუზენმა" ამ სეზონში ყველა მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.
- "დორტმუნდი" 7 მატჩია ბუნდესლიგაში ვერ იგებს - გუნდმა 21 შესაძლებლიდან 3 ქულა აიღო.
- აუგსბურგელ ფილიპ მაქსს 7 შედეგიანი პასი აქვს სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში.
- შეწყდა "მაინცის" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია. ასევე შეწყდა ამ გუნდის შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია "აუგსბურგთან".
- "კიოლნის" მეკარე ტიმო ჰორნმა ბუნდესლიგაში მეასედ ითამაშა.
- "აინტრახტს" ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული სტუმრად - 15.
- "აინტრახტმა" შეწყვიტა "ჰერტასთან" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
- "ვოლფსბურგმა" 2017 წელს პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი შინ.
ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0
ბაიერნი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 1:1 ბენშოპი (35), 2:1 კომანი (67), 3:1 ლევანდოვსკი (87-პენ)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია - ხავი მარტინესი, ვიდალი - მიულერი (79. ალაბა), ხამეს როდრიგესი, კომანი (89. რიბერი) - ლევანდოვსკი.
გამოუყენებელი პენალტი: ფიულკრუგი (28. ჰანოვერი)
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 4:0
გოლები: 1:0 ამირი (13), 2:0 გნაბრი (52), 3:0 გნაბრი (62), 4:0 უტი (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, აკპოგუმა, პოში, ჰიუბნერი (76. ნორდტვეიტი) - გაიგერი - რუპი, ამირი (70. დემირბაი), ცუბერი - უტი, გნაბრი (65. კრამარიჩი).
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი (46. ბრუმა), უპამეკანო (46. ილსანკერი), კონატე, ჰალშტენბერგი - დემე, კეიტა - კამპლი, ფორსბერგი - პოულსენი (70. ოგუსტენი), ვერნერი.
ვერდერი-შტუტგარტი 1:0
გოლი: 1:0 კრუზე (45)
ლევერკუზენი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (30), 1:1 იარმოლენკო (73)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი - ჰენრიხსი (46. რეტსოსი), არანგისი (62. ბაუმგარტლინგერი), ჰაფერცი, ვენდელი - ბრანდტი, ბეილი - ფოლანდი (78. ბელარაბი).
დორტმუნდი: ბიურკი - სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი - პულიშიჩი, შაჰინი, ვაიგლი (65. დაუდი), გონსალო კასტრო (44. კაგავა), რაფაელ გერეირო - იარმოლენკო, ფილიპი (8. შიურლე).
გაძევება: ვენდელი (41. ლევერკუზენი)
მაინცი-აუგსბურგი 1:3
გოლები: 0:1 გრეგორიტში (22), 0:2 ფინბოგასონი (43-პენ), 1:2 ჰოლტმანი (85), 1:3 ფინბოგასონი (86)
შალკე-კიოლნი 2:2
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (36), 1:1 გირასი (50), 2:1 ჰარიტი (72), 2:2 გირასი (78)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი (82. შიოპფი) - მ. მაიერი - კალიჯური, ოშჩიპკა - ჰარიტი, მაკკენი (56. გორეტცკა), კონოპლიანკა (70. ემბოლო), ბურგშტალერი.
გაძევება: ოსაკო (90+3)
ჰერტა-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 ზელკე (15), 1:1 მ. ვოლფი (26), 1:2 კ-პ. ბოატენგი (80)
ვოლფსბურგი-გლადბახი 3:0
გოლები: 1:0 მალი (4), 2:0 დიდავი (25), 3:0 გილავოგი (71)
გლადბახი: ზომერი - იანტჩკე (31. კუიზანსი), ვესტერგაარდი, ელვედი, ვენდტი - გინტერი, ზაკარია - ტ. აზარი (83. დრმიჩი), გრიფო - შტინდლი, რაფაელი (83. ბობადილია).
ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 7 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი).
მომდევნო ტური
8 დეკემბერი: შტუტგარტი-ლევერკუზენი.
9 დეკემბერი: დორტმუნდი-ვერდერი, ლაიპციგი-მაინცი, აინტრახტი-ბაიერნი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი, გლადბახი-შალკე.
10 დეკემბერი: კიოლნი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, აუგსბურგი-ჰერტა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"