ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: დაუკრავს მუსიკა "ალიანც არენაზე"?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგ ტურში მთავარი თამაში მიუნხენის "ალიანც არენაზე" გაიმართება.

მართალია, "ვერდერის" წარსული დიდებიდან დღეს მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი, მაგრამ სწორედ ამ წარსულის ინერციიდან გამომდინარე, "ბაიერნთან" "ბრემენელი მუსიკოსების" დაპირისპირება მაინც დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა ხოლმე.

რა თქმა უნდა, ფავორიტი ამ მატჩში გამოკვეთილია. რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დარჩენილმა "ბაიერნმა" მაინც უნდა მოახერხოს მოწინააღმდეგის დამარცხება. ეგაა, მიუნხენურ გრანდზე გერმანული მედია ტრადიციულად ბევრს წერს. ამბობენ, რომ გუნდმა ზაფხულში შეიძლება ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გაუშვას.

ბარემ, კვირის მატჩებზე საუბარი აქვე მოვითაოთ. მესამეადგილოსანი "შალკე" "ჰანოვერს" დაუხვდება. რა
თქმა უნდა, "ხუმარები", 3 ქულის გარდა, სხვა შედეგს ვერ მიიღებენ. შესაძლოა, გუნდის ლიდერმა ლეონ გორეტცკამაც შეიტანოს წვლილი ამ მოსალოდნელ გამარჯვებაში.

მეორე ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" ეწვევა "ფრაიბურგს" და, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება წყვილში. სტუმართა რიგებში შეიძლება ვერ ვიხილოთ ფორსბერგი და ჰალსტენბერგერი. რაც შეეხება კეიტას, მისი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამორიცხულია და ეს "ლაიპციგისთვის" დიდი დანაკლისი იქნება. "ფრაიბურგს" კი ფრანცი და ნიდერლეხნერი დააკლდებიან. რამდენიმე ფეხბურთელის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის ზეიმს ველით შეხვედრაში, რომელშიც "ჰოფენჰაიმი" დაუპირისპირდება "ლევერკუზენს". თუ სტუმრები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, მასპინძლებს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ - აკპობუმა, ამირი, დემირბაი და კობელი.

"გლადბახი" ისტუმრებს "აუგსბურგს". ამ შეხვედრაში მასპინძლებს დააკლდებიან ბენეში, ჯანსონი და შტრობლი. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში გადაჭრით ვერავისზე იტყვი, რომ ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა მთელი რიგი ფეხბურთელების მინდორზე გასვლა.

ბოლოში მოვაქციეთ "დორტმუნდის" მატჩი, რომლითაც ეს ტური იხსნება. სტუმრებს "ჰერტასთან" მართლაც რომ საინტერესო ჯახი ელით. "ჰერტას" შემადგენლობაში ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის თამაშია საეჭვო. ასევეა "დორტმუნდში", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზუსტად ვიცით - არ იქნებიან ფილიპი და შმელცერი.

ფაქტები
  • ბუნდესლიგაში აღზევების შემდეგ "ლაიპციგმა" სამივე მატჩი მოუგო "ფრაიბურგს" და თითოეულ ამ მატჩში 4 გოლი გაიტანა - 4:1 და 4:0 შინ, ასევე 4:1 სტუმრად.
  • "შტუტგარტს" "მაინცი" სტუმრად არ დაუმარცხებია 2005 წლის 17 სექტემბრის შემდეგ.
  • "ვოლფსბურგს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია საშინაო მატჩი 2017 წლის 19 აგვისტოს ("დორტმუნდი", 0:3) შემდეგ.
  • "ვოლფსბურგმა" დაამარცხა "აინტრახტი" ბუნდესლიგის ბოლო 3 დაპირისპირებაში და ამ სამ თამაშში ერთი გოლიც არ გაუშვა.
  • "ბაიერნმა" "ვერდერს" ბოლო 12 ოფიციალური მატჩიდან ყველა მოუგო.
ბუნდესლიგა. XIX ტური
პარასკევი, 19 იანვარი
ჰერტა-დორტმუნდი 23:30

შაბათი, 20 იანვარი
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 18:30
ფრაიბურგი-ლაიპციგი 18:30
გლადბახი-აუგსბურგი 18:30
მაინცი-შტუტგარტი 18:30
ვოლფსბურგი-აინტრახტი 18:30
ჰამბურგი-კიოლნი 21:30

კვირა, 21 იანვარი
ბაიერნი-ვერდერი 18:30
შალკე-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული