მართალია, ამ დროისთვის გერმანიის ჩემპიონის ვინაობა თითქმის გარკვეულია და "ბაიერნს" ოქროს მედლებში ვეღარავინ შეეცილება, მაგრამ ორი საუკეთესო გერმანული კლუბის შეხვედრას თან მაინც სდევს განსაკუთრებული შარმი.
რომელ ადგილზეც უნდა იყვნენ ეს გუნდები, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ყველა ფაქტორი, მათ შორის სატურნიროც კი, უკანა პლანზე ინაცვლებს. ასე იქნება ამჯერადაც. ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ფიცხელი უნდა გამოდგეს.
ტრადიცია არ ირღვევა და ტრავმების კუთხით არც "დორტმუნდს" ულხინს. ამ გუნდის ლაზარეთი ადრინდელივით გატენილი აღარ არის, მაგრამ მასში მაინც არიან კარგი ფეხბურთელები. ასე მაგალითად, გამორიცხულია მინდორზე შინჯი კაგავასა და ანდრეი იარმოლენკოს გასვლა. საეჭვოა მარკო როისის მდგომარეობაც, არადა, მან ახლახან განაახლა საფეხბურთო ცხოვრება და იმედი აქვს, რომ იოახიმ ლიოვის სამუნდიალო სიაშიც მოხვდება...
ეს გუნდები ბუნდესლიგაში ერთმანეთს პირველად 1965 წელს დაუპირისპირდნენ. თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ დღევანდელი ბაიერნელები რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი. მარიო გიოტცეც თავის დროზე "დორტმუნდიდან" "ბაიერნში გადავიდა, მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ბუნდესლიგური ბალანსი "რეკორდმაისტერის" სასარგებლოდაა. მათი გამარჯვებით დასრულდა 44 მატჩი, "დორტმუნდმა" კი 24 თამაში მოიგო.
სატურნირო თვალსაზრისით თუ მივუდგებით, მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების გარკვევაა. ამ მხრივ, ჯერ ძალიან ბევრი რამ არის ბურუსით მოცული. თანაც, სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ბუნდესლიგაში ყველა გუნდი, თითქოს უმოტივაციოც კი, ბოლომდე იბრძვის.
ასე რომ, იოლი შეხვედრა არცერთ მათგანს არ ელოდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ თვით მეშვი
დე ადგილზე მყოფ "ჰოფენჰაიმსაც" აქვს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი.
ფაქტები
- "აუგსბურგს" ბუნდესლიგაში არასოდეს მოუგია "ლევერკუზენისთვის".
- "ჰოფენჰაიმს" მიჯრით ოთხი ბუნდესლიგური მატჩი არ წაუგია.
- "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ თითო გოლი.
- "ვერდერისა" და "აინტრახტის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "მაინცმა" "გლადბახი" ბოლოს 2016 წელს დაამარცხა.
ბუნდესლიგა. XXVIII ტური
შაბათი, 31 მარტი
ჰოფენჰაიმი-კიოლნი 17:30
შალკე-ფრაიბურგი 17:30
ლევერკუზენი-აუგსბურგი 17:30
ჰანოვერი-ლაიპციგი 17:30
შტუტგარტი-ჰამბურგი 17:30
ბაიერნი-დორტმუნდი 20:30
ჰერტა-ვოლფსბურგი 22:30
კვირა, 1 აპრილი
ვერდერი-აინტრახტი 17:30
მაინცი-გლადბახი 20:00
ბომბარდირები: 23 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 პიერემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"