ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: აბა, რურის დერბი ვნახოთ!..

AutoSharing Option
რურის დერბი განა მხოლოდ გერმანულ ფეხბურთში, მსოფლიოს მასშტაბითაც ფრიად საყურადღებო მოვლენაა.

ცხადია, მას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით - ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ "შალკესა" და "დორტმუნდის" ჯახი უნდა შევრაცხოთ.

"დორტმუნდს" ისევ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. საერთოდ, როცა საქმე ამ კლუბს ეხება, სულ ასეა და ამჯერადაც არ იქნება გამონაკლისი. მატჩის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

ვნახოთ, მორჩება თუ არა რურის დერბიში ფრეების ეპიდემია. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კი მთავარი ისაა, ლამაზი ფეხბურთი და გოლები ნახოს, როგორც ეს წინა ბუნდესლიგის
დაუვიწყარ მატჩში მოხდა: "დორტმუნდი" პირველი ტაიმის შემდეგ შინ 4:0-ს იგებდა, მაგრამ "ხუმარებმა" მეორე ნახევარში სასწაული მოახდინეს - ოთხი(!) უპასუხო გოლი გაიტანეს და თამაში 4:4 დასრულდა. შემსრულებლები დღესაც არ აკლიათ გუნდებს და, წესით, კარგ ფეხბურთს უნდა ველოდოთ.

"ბაიერნი" უკვე ჩემპიონის რანგში უმასპინძლებს "გლადბახს". უნდა ვივარაუდოთ, რომ "რეკორდმაისტერი" ამ შეხვედრაში ვერ მოდუნდება. საქმე ისაა, რომ იუპ ჰაინკესის გუნდს რევანში აქვს ასაღები პირველ წრეში დამარცხების (1:2) გამო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ჰაინკესმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენოს.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "ლევერკუზენსა" და "აინტრახტს" შორის გაიმართება. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გასვლაა და ორივეს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. გვაიმედებს ის გარემოება, რომ "ლევერკუზენიც" და "აინტრახტიც" შეტევაზე აკეთებენ აქცენტს და, წესით, არ უნდა მოვიწყინოთ.

"ლაიპციგს", რომელმაც წინა ტურში შინ 1:4 წააგო "ლევერკუზენთან", ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი აქვს "ვერდერთან". აღმოსავლეთგერმანელები, ბუნდესლიგის არ იყოს, ამ ბოლო დროს ევროპალიგაშიც გვარიანად დაიხარჯნენ. აქედან გამომდინარე, გუნდს უჭირს ორ ფრონტზე ძალების გადანაწილება. სწორედ ამის ბრალიც იყო "ლევერკუზენთან" ხსენებული მარცხი.

რა თქმა უნდა, "ლაიპციგს", თუნდაც შემადგენლობის გათვალისწინებით, შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება. ეგაა, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, თუმცა არც "ვერდერია" ოპტიმალური შემადგენლობით. და მაინც, თუ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდათ, სტუმრებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ.

ფაქტები
  • "აუგსბურგმა" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "ვოლფსბურგს".
  • "ლევერკუზენმა" ბოლოს ზედიზედ ორჯერ დაამარცხა "აინტრახტი".
  • "ჰოფენჰაიმმა" და "ჰამბურგმა" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "შტუტგარტს" 4 მატჩია, არ მოუგია "ჰანოვერისთვის".
  • "დორტმუნდსა" და "შალკეს" შორის ბოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. XXX ტური
პარასკევი, 13 აპრილი
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 22:30

შაბათი, 14 აპრილი
ლევერკუზენი-აინტრახტი 17:30
ჰერტა-კიოლნი 17:30
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 17:30
შტუტგარტი-ჰანოვერი 17:30
ბაიერნი-გლადბახი 20:30

კვირა, 15 აპრილი
შალკე-დორტმუნდი 17:30
ვერდერი-ლაიპციგი 20:00

ორშაბათი, 16 აპრილი
მაინცი-ფრაიბურგი 22:30

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული