ბუნდესლიგა. XXX ტური: ინტრიგა თითქმის აღარ არის [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებას თითქმის აღარ რჩება ინტრიგა.

ჩემპიონი წინა ტურში გაირკვა; 30-ე ტურში "შალკემ" რურის დერბი მოიგო და თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი; ასევე გამოკვეთილია ჩემპიონთა ლიგის ოთხეული; ახლოს არიან გავარდნასთან "ჰამბურგი" და "კიოლნი". ამიტომაც ბუნდესლიგურ პერიპეტიებზე ბევრი მოსაყოლი აღარ არის...

შაბათის მატჩი 50-ე იყო "ლევერკუზენის" ნახევარმცველ ჰაფერცისთვის, რომელიც 18 წლისა და 307 დღის ასაკში ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. იუბილე ჰაფერცმა ორი შედეგიანი პასით აღნიშნა. ამდენივე ჰქონდა ბელარაბის. და სწორედ ეს ტანდემი გახდა კევინ ფოლანდის ჰეთ-თრიკის
თანაავტორი.

ფორვარდს სამი გოლის გასატანად 17 წუთი ეყო, რის წყალობითაც, მან გაუსწრო ზამთარში ინგლისში გადაბარგებულ ობამეიანგს და მეორე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში.

მთავარი კი ამ მატჩის შემდეგ ის არის, რომ "ლევერკუზენმა" გაიმყარა პოზიციები საჩემპიონთალიგო ოთხეულში. რაც შეეხება "აინტრახტს", რომელსაც "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ავარჯიშებს, ის უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის ზონას.

* * *

იუპ ჰანკესმა ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიგო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ამდენივე "გლადბახის" ფეხბურთელობისას. ახლა კი "გლადბახი" გახდა გუნდი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაუტანია "ბაიერნის" კარში - დრმიჩის ეფექტური გოლი რიგით 124-ე იყო.

ჩემპიონი ლევანდოვსკის გარეშე თამაშობდა და მის არყოფნაში "გლადბახის" დაცვას სანდრო ვაგნერი აწიოკებდა. მან უკვე შესვენებამდე მოახერხა დუბლის შესრულება და კარიერაში პირველად აქვს ბუნდესლიგაში ოთხი მატჩისგან შემდგარი შედეგიანი სერია.

"ბაიერნმა" კი, პირველად 1984 წლის შემდეგ, ზედიზედ სამ საშინაო მატჩში გაიტანა მინიმუმ ხუთი გოლი. ამასთან, ბოლო 13 წლის განმავლობაში პასების სიზუსტის სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა - 93.9 პროცენტი. შესანიშნავი სტატისტიკაა შინ ჩემპიონობის აღნიშვნის დღეს.


* * *
ტურის მთავარი მატჩი კვირას გაიმართა - რურის დერბი "ფელტინს-არენაზე". პირველ წრეში გუნდებმა "წლის მატჩი" ჩაატარეს და 4:4 ითამაშეს. ამჯერად, ყველაფერმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მატჩი მეორე ადგილისთვის.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილი "შალკე" უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა და მეტ მომენტს ქმნიდა, "დორტმუნდს" კი კონტრშეტევაზე ჰქონდა ორი კარგი იერიში. საერთოდ კი, ორივე გუნდი ზედმეტ რისკს ერიდებოდა.

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. "შალკე" ისევ აქტიური იყო და ამან 50-ე წუთზე გამოიღო შედეგი, როცა კალიჯურიმ კონოპლიანკას გაატანინა. შიურლესა და სხვა შემტევების გამოსვლამ "დორტმუნდს" არ უშველა, პირიქით, სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს, ამჯერად, ნალდოსგან, რომელიც პირველი წრის მატჩის გმირი იყო.


ფაქტები
  • "ვოლფსბურგმა" ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც კლუბის რეკორდია.
  • "აუგსბურგს" 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია სტუმრად ვოლფსბურგში.
  • ზელკეს გოლი მე-1000 იყო "ჰერტასთვის" ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში.
  • ზელკემ შეწყვიტა "ჰერტას" 350-წუთიანი უგოლო სერია საკუთარ მოედანზე.
  • ზელკემ პირველად გაიტანა ბოლო სამი თვის განმავლობაში.
  • 18 წლისა და 307 დღის ჰაფერცი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 50 მატჩი დაუგროვდა.
  • ბერნდ ლენომ "ლევერკუზენის" რიგებში მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
  • ფოლანდმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • გნაბრიმ კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში გოლი.
  • ზამთრის პაუზის შემდეგ გნაბრის შვიდი გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს (11).
  • "ჰოფენჰაიმი" შვიდი ტურია არ მარცხდება.
  • აარონ ჰანტმა ბუნდესლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა.
  • იუპ ჰაინკესი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა მატჩების რაოდენობით მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში - 1044.
  • ვაგნერმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ გაიტანა.
  • "შალკემ" პირველად მოიგო რურის დერბი 2014 წლის აგვისტოს შემდეგ.
  • ნალდო შვიდი გოლით საუკეთესო ბომბარდირია ამ სეზონში მცველებს შორის.
  • კონოპლიანკამ ბუნდესლიგაში "შალკეს" მე-2500 გოლი გაიტანა.
  • მარკო როისმა მე-200 მატჩი ჩაატარა "დორტმუნდის" რიგებში.
  • ლუკაშ პიშჩეკმა ბუნდესლიგაში მე-200 შეხვედრა ითამაშა.

ბუნდელისგა. XXX ტური
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 0:0

ლევერკუზენი-აინტრახტი 4:1
გოლები: 1:0 ბრანდტი (20), 1:1 ფაბიანი (23), 2:1 ფოლანდი (71), 3:1 ფოლანდი (78), 4:1 ფოლანდი (88)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, რეტსოსი, ს. ბენდერი, ჰენრიხსი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ბრანდტი, ჰაფერცი (87. კორი), ბეილი (75. ბელარაბი) - ფოლანდი.

ჰერტა-კიოლნი 2:1
გოლები: 0:1 ბიტენკურტი (29), 1:1 ზელკე (49), 2:1 ზელკე (52)

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 2:0
გოლები: 1:0 გნაბრი (18), 2:0 შალაი (27)

შტუტგარტი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 1:0 ტომი (53), 1:1 ფიულკრუგი (90+1)

ბაიერნი-გლადბახი 5:1
გოლები: 0:1 დრმიჩი (8), 1:1 ვაგნერი (37), 2:1 ვაგნერი (41), 3:1 ტიაგო ალკანტარა (51), 4:1 ალაბა (67), 5:1 ლევანდოვსკი (82)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა (72. რაფინია) - რუდი - მიულერი (46. ხამეს როდრიგესი), ტოლისო, ტიაგო ალკანტანა, ბერნატი - ვაგნერი (70. ლევანდოვსკი).

შალკე-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 კონოპლიანკა (50), 2:0 ნალდო (82)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - შიოპფი, გორეტცკა (71. მაკენი), ბენტალები, კალიჯური - ჰარიტი (87. დი სანტო), კონოპლიანკა (74. პიაცა), ბურგშტალერი.
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (86. გიოტცე) - დაუდი (79. სანჩო), შაჰინი - პულიშიჩი, როისი, ფილიპი (46. შიურლე) - ბატშუაი.

ვერდერი-ლაიპციგი 1:1
გოლები: 1:0 მოისანდერი (28), 1:1 ლუკმანი (50)
ლაიპციგი: გულაში - ილსანკერი, ორბანი, კონატე, ბერნარდო - დემე, კამპლი (76. კეიტა) - კაიზერი (46. ლუკმანი), ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი.

მაინცი-ფრაიბურგი დღეს

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), სალომონ კალუ (ჰერტა), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
20 აპრილი: გლადბახი-ვოლფსბურგი.
21 აპრილი: აინტრახტი-ჰერტა, ჰამბურგი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-ბაიერნი, ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ვერდერი, დორტმუნდი-ლევერკუზენი.
22 აპრილი: აუგსბურგი-მაინცი, კიოლნი-შალკე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული