ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: ...ისეთი, "დორტმუნდს" რომ ეკადრება

AutoSharing Option
"ბაიერნი", რომელიც უკვე ჩემპიონია, "ჰანოვერს" ეთამაშება. "რეკორდმაისტერი" სულ უგებს ამ გუნდს და ძნელი წარმოსადგენია, ამჯერად სხვანაირად მოხდეს.

მეორე მხრივ, "ჰანოვერს" ჯერ არ გადაუჭრია ბუნდესლიგაში დარჩენის ამოცანა და ძალიან მოტივირებულია, მით უმეტეს, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ...

ერთადერთი, რაც "ჰანოვერს" შეიძლება, შეეშველოს, ის არის, რომ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის "რეალთან" და აქედან გამომდინარე, ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ იუპ ჰაინკესი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს გაუფრთხილდება.
ტრავმის გამო ისედაც ვერ ითამაშებს არტურო ვიდალი, ვისთვისაც სეზონი დასრულებულია, შესაბამისად, "ბაიერნს" მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა
"სამეფო კლუბთან" უპრინციპულეს დაპირისპირებაშიც.

უდიდეს ინტერესს იწვევს "დორტმუნდისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრა. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ასე რომ, სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს.

მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" არასტაბილურობის მიზეზი ისიცაა, რომ გუნდის ლაზარეთში მუდამ არიან გამორჩეული ფეხბურთელები (შინჯი კაგავა, ანდრე შიურლე...), რომელთა არყოფნა განაპირობებს კიდეც ხშირ ჩავარდნებს. ამას ემატება ისიც, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ შტიოგერი, საყოველთაო აზრით, ვერ არის იმ დონის სპეციალისტი, "დორტმუნდს" რომ ეკადრება.

გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. სებასტიან როდეს გარდა, დორტმუნდელებს ვერც ბელგიელი მიში ბატშუაი დაეხმარება. ეს უკანასკნელი "შალკესთან" წინა ტურის მატჩში სერიოზულად დაშავდა და სეზონი დაასრულა. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის "ჩელსის" დაუბრუნდება. ამის შემდეგ "არისტოკრატები" მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრისთვის მონდომებით ემზადება "ლევერკუზენიც". "ფარმაცევტების" ბანაკში იმედიანი განწყობაა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალ შეხვედრას გამოტოვებს, ბრაზილიელი ვენდელია.

ასეა თუ ისე, ტური ყველა ვარიანტში საინტერესო იქნება, რადგან ბუნდესლიგაში ბევრი რამ არის გასარკვევი - ვინ მოხვდება ევროზონაში და ვინ დატოვებს ელიტას. აქ "ჰამბურგი" და "კიოლნი" განწირულები ჩანან, მე-16 ადგილზე (აქედან პირდაპირ არ ვარდებიან) გასვლის ყველაზე მეტი "შანსი" კი 3 კლუბს აქვს.

ფაქტები
  • "ჰამბურგსა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ვოლფსბურგს" ზედიზედ 3 თამაში არ წაუგია.
  • "ბაიერნმა" ბოლო 14 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".
  • "ლაიპციგი" და "ჰოფენჰაიმი" ბუნდესლიგაში სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე შემთხვევაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მაინცს" ბოლო 3 მატჩია, არ წაუგია.
  • ბოლო 4 მატჩია, "დორტმუნდი" ან ვერ იტანს გოლს, ან არ უშვებს.

ბუნდესლიგა. XXXI ტური
პარასკევი, 20 აპრილი
გლადბახი-ვოლფსბურგი 3:0

შაბათი, 21 აპრილი
აინტრახტი-ჰერტა 17:30
ჰამბურგი-ფრაიბურგი 17:30
ჰანოვერი-ბაიერნი 17:30
ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 17:30
შტუტგარტი-ვერდერი 17:30
დორტმუნდი-ლევერკუზენი 20:30

კვირა, 22 აპრილი
აუგსბურგი-მაინცი 17:30
კიოლნი-შალკე 20:00

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული