ბუნდესლიგა. XXXII ტურის წინ: დანდობა არ იქნება!

AutoSharing Option
გერმანული ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა იმ გუნდების გამოკვეთაა, რომლებიც ამ ქვეყანას ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარადგენენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ლიგის საგზურის მაძიებელი კლუბების შეხვედრები იპყრობს.

შედარებით იოლი გამოცდა უნდა ჰქონდეს "ჰოფენჰაიმს". წესით, მასპინძლებს "ჰანოვერის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. ჯერ ერთი, სტუმრებს გასვლაზე თამაში უჭირთ, და მეორეც - მათი მოტივაცია უდიდესია.

"ჰოფენჰაიმს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი აქვს, რაც ამ ახალგაზრდული გუნდისთვის მართლაც რომ უდიდესი წარმატება იქნება. სტატისტიკა კი "ჰანოვერის" სასარგებლოდ მეტყველებს - მათ ბოლო ორი თამაში მოუგეს "ჰოფეს".

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება
გელზენკირხენში, სადაც "გლადბახი" ჩადის. სტუმრებს თუ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სურთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. შანსი ამის გათვალისწინებითაც კი ძალიან მცირეა, მაგრამ შანსი მაინც შანსია.

ორივე გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ეს შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს. უპირატესობას, როგორც მასპინძელს, მაინც "შალკეს" მივანიჭებდით.

"ბაიერნი" "აინტრახტს" დავიდ ალაბას, არტურო ვიდალის, კინგსლი კომანის, არიენ რობენისა და ჟერომ ბოატენგის გარეშე დაუხვდება. სტუმრები, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა გუნდი, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. სხვა საქმეა, რომ "რეალთან" საშინაო მარცხით "დაჭრილი" "რეკორდმაისტერი" არაფრის დამთმობს არ ჰგავს.

"ლევერკუზენის" რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლა საეჭვოა. ამის მიუხედავად, "შტუტგარტთან" საშინაო მატჩში ფავორიტის სტატუსი "ფარმაცევტებს" აქვთ. ჰაიკო ჰერლიხის გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, ალბათ, იმსახურებს კიდეც ამას. ისიც გავიხსენოთ, რომ ბოლო ორ დაპირისპირებაში ("დორტმუნდთან" ჩემპიონატში, "ბაიერნთან" თასზე) "ფარმაცევტებმა" 10 (!) გოლი გაუშვეს...

თვალსასეირო უნდა გამოდგეს ძველი მეტოქეების - "ვერდერისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა. ფინიში ახლოვდება და "დორტმუნდმა" ჯერაც ვერ მიაღწია სტაბილურობას. თუმცა იმის ძალა კი უნდა ჰქონდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და მომავალ სეზონში ახალმა მწვრთნელმა (რომლის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის) ასე თუ ისე ნორმალური მემკვიდრეობა მიიღოს.

რაც შეეხება "ვერდერს", ბრემენელებს ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებიათ ბუნდესლიგაში დარჩენა და, დიდი ალბათობით, საკუთარ კედლებში არაფერს დათმობენ.

ფაქტები
  • "ჰანოვერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ჰოფენჰაიმს".
  • "ჰერტასა" და "აუგსბურგს" შორის ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ბაიერნმა" ბოლო 2 მატჩში სძლია "აინტრახტს".
  • "შალკესა" და "გლადბახს" შორის ბოლო 4 დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ლევერკუზენი" ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაში "შტუტგარტზე" ძლიერი აღმოჩნდა.
  • "მაინცი" და "ლაიპციგი" ბუნდესლიგაში სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე შემთხვევაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ვერდერსა" და "დორტმუნდს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXXII ტური
პარასკევი, 27 აპრილი
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 22:30

შაბათი, 28 აპრილი
ბაიერნი-აინტრახტი 17:30
ჰერტა-აუგსბურგი 17:30
ფრაიბურგი-კიოლნი 17:30
შალკე-გლადბახი 17:30
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 17:30
ლევერკუზენი-შტუტგარტი 20:30

კვირა, 29 აპრილი
მაინცი-ლაიპციგი 17:30
ვერდერი-დორტმუნდი 20:00

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული