ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი შედგება ბერლინში, სადაც "ჰერტა" "ბაიერნს" უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა გერმანულ მატჩში, მიუნხენური გრანდი "ოლიმპიაშტადიონზეც" ფავორიტია, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი...

საქმე ისაა, რომ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის წინა ტურში შინ ვერ მოუგო "აუგსბურგს". ახლა "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. ეს არცაა გასაკვირი. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" მაინც შესწვდება "ვერცხლის სინს". აქ მოჩვენებითი კონკურენცია თუ იქნება "დორტმუნდის" მხრიდან, თორემ სხვები...

და მაინც, ზედიზედ ორჯერ ფეხის დაცდენა, თან ბუნდესლიგაში, "ბაიერნისთვის" ერთობ უსიამოვნო ფაქტი იქნება და
ქომაგთა მხრიდან მკაცრი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
შემადგენლობის მხრივ, პრობლემები უფრო "ჰერტას" აქვს. თავის მხრივ, ბერლინელებმა ძალიან კარგად დაიწყეს მიმდინარე გათამაშება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ "ვერდერთან" დამარცხდნენ და ახლა რეაბილიტაციისთვის ფავორიტის გამწარება სჭირდებათ...

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება ლევერკუზენში, სადაც ადგილობრივი გუნდი "დორტმუნდს" მიიღებს. დიდი ბრძოლისა და შედეგიანი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. ბოლოს და ბოლოს, რეგიონული (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია) დერბია. გასახსენებელია ისიც, რომ "დორტმუნდმა" ძლიერ ოპონენტს ბოლო 3 საშინაო მატჩი დიდი ანგარიშით (3:0, 6:2, 4:0) მოუგო.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ შუა კვირის ტურში "დორტმუნდმა" 7 უპასუხო გოლი გაუტანა "ნიურნბერგს", რაც იმის ნიშანია, რომ ლუსიენ ფავრის ბიჭები აშკარად საგოლე იშტაზე არიან.

ვნახოთ, რას იზამს "შალკე" "მაინცთან" შეხვედრაში. ფაქტია, "ხუმარებმა" კატასტროფულად დაიწყეს ბუნდესლიგა - მეორედ ბოლო სამ წელიწადში, სტარტზე ზედიზედ 5 მატჩი წააგეს.

ფანები ჯერჯერობით არ ითხოვენ დომენიკო ტედესკოს გადაყენებას და კლუბის ხელმძღვანელობაც თავს იკავებს ქირურგიული ჩარევისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და თუ "მაინცსაც" ვერ მოუგო, ახალგაზრდა სპეციალისტს, ალბათ, ვეღარაფერი უშველის. არადა, "შალკეს" ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ცხრილის ბოლოში არ იყოს დალექილი.

"ჰოფენჰაიმისა" და "ლაიპციგის" შეხვედრებს დიდი ხნის ისტორია არ აქვს, მაგრამ ყველა ეს თამაში გოლუხვი (18 გოლი 4 მატჩში!) და სანახაობრივი გამოდგა. სხვა მოლოდინი არც ამჯერად გვაქვს.

ძალიან საინტერესო თამაში უნდა იყოს "შტუტგარტი"-"ვერდერი". მასპინძელს ჯერ მოგება არ აქვს, სტუმარს - წაგება. ბრემენელები სტარტზე ყოჩაღად გამოიყურებიან და ეს თამაშიც სერიოზული ტესტი იქნება მათთვის.

საერთოდ, ამ წყვილში სტუმარი გუნდი იშვიათად იგებს. 2007 წლიდან მოყოლებული, "ვერდერმა" მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა შტუტგარტში გამარჯვება. შედარებისთვის - "შტუტგარტმა" ბრემენში ბოლოს 2006 წელს მოიგო.

ფაქტები
  • "ჰერტასა" და "ბაიერნის" ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ჰოფენჰაიმი" და "ლაიპციგი" სულ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეულ ამ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ვოლფსბურგსა" და "გლადბახს" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ბოლო სამი მატჩია, "ლევერკუზენი" ვერ ამარცხებს "დორტმუნდს".
  • "აინტრახტმა" ზედიზედ 5 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".

ბუნდესლიგა. VI ტური
პარასკევი, 28 სექტემბერი
ჰერტა-ბაიერნი 22:30

შაბათი, 29 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 17:30
ნიურნბერგი-ფორტუნა 17:30
შალკე-მაინცი 17:30
შტუტგარტი-ვერდერი 17:30
ვოლფსბურგი-გლადბახი 17:30
ლევერკუზენი-დორტმუნდი 20:30

კვირა, 30 სექტემბერი
აინტრახტი-ჰანოვერი 17:30
აუგსბურგი-ფრაიბურგი 20:00

ბომბარდირები: 4 - ანჯეი დუდა (ჰერტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული