ბუნდესლიგა. IX ტურის წინ: სერიოზული გამომცდელი

AutoSharing Option
"დორტმუნდი" ამ დროისთვის სავსებით დამსახურებულად ლიდერობს ბუნდესლიგას. ერთია მოგროვებული ქულები და მეორე ის, თუ როგორი თამაშით არის პირველ ადგილზე ლუსიენ ფავრის დამოძღვრილი გუნდი.

ლიდერს ამ ტურში რთული თამაში ელის. მას გამომცდელად ეყოლება "ჰერტა". ბერლინური კლუბი მიმდინარე ბუნდესლიგაში ძალიან კარგად თამაშობს. მისი დამარცხება ყველასთვის ძალიან რთულია. ორივე გუნდს ამ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება. მაგალითად, "დორტმუნდს" არ ეყოლებიან შმელცერი და აკანჯი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დუეტის არყოფნა მასპინძლებს დაცვაში გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

მიუნხენის "ბაიერნს" "მაინცთან" შეხვედრაში ფრანკ რიბერი არ ეყოლება. მიუნხენელებმა
ჩემპიონთა ლიგის მატჩი კი მოიგეს ათენში, მაგრამ ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიკო კოვაჩის გუნდი შორსაა იდეალური ფორმისგან.

რიბერის გარდა, მიუნხენური კლუბის ლაზარეთში რჩებიან კომანი და ტოლისოც. ყველაფრის მიუხედავად, "ბაიერნი" გამოკვეთილი ფავორიტია. თუნდაც მეტოქის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

საინტერესო მატჩი უნდა გამოუვიდეთ "ლაიპციგსა" და "შალკეს". ორივე გუნდმა ითამაშა ევროთასებზე. მცირე უპირატესობა მაინც მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ. მათ მოწინააღმდეგეზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ.

ვნახოთ, როგორ ითამაშებს "ჰოფენჰაიმი" "შტუტგარტთან" შეხვედრაში. "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ნამდვილი საფეხბურთო ომი გადაიტანა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. ის კი არა, დაუმსახურებელ მარცხს ბოლო წამსღა გაექცა.

შესანიშნავ ფორმაშია "აინტრახტი", რომელიც ბუნდესლიგაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. რა თქმა უნდა, "ნიურნბერგთან" გასვლითი თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ წარმატებული სვლის გაგრძელება შესაძლებელია.

ფაქტები
  • "ფრაიბურგმა" ზედიზედ 2 ფრე ითამაშა ბუნდესლიგაში.
  • "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.
  • "ჰანოვერისა" და "აუგსბურგის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ბაიერნი" უკანასკნელ 2 მატჩში "მაინცზე" ძლიერი აღმოჩნდა.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "შტუტგარტის" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "აინტრახტმა" ბუნდესლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება.
  • "ლაიპციგმა" ბოლო მატჩში 3:1 მოუგო "შალკეს".

ბუნდესლიგა. IX ტური
პარასკევი, 26 ოქტომბერი
ფრაიბურგი-გლადბახი 3:1
გოლები: 1:0 ნილს პეტერსენი (პენ. 1), 1:1 თორგან ჰაზარდი (პენ. 20), 2:1 ჯან-ლუკა უოლდშმიდტი (57), 3:1 ლუკას ჰოლერი (90+4)

შაბათი, 27 ოქტომბერი
დორტმუნდი-ჰერტა 17:30
ჰანოვერი-აუგსბურგი 17:30
მაინცი-ბაიერნი 17:30
ფორტუნა-ვოლფსბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 20:30

კვირა, 28 ოქტომბერი
ნიურნბერგი-აინტრახტი 16:30
ლაიპციგი-შალკე 18:30
ვერდერი-ლევერკუზენი 21:00

ბომბარდირები: 7 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), იოვიჩი (აინტრახტა); 6 - დუდა (ჰერტა); 5 - პლეა (გლადბახი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), ჰალერი (აინტრახტი), როისი (დორტმუნდი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული