ბუნდესლიგა. XIV ტური: რევანში გელზენკირხენში [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის მოყვარულებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ სეზონში რურის პირველი დერბი მიუახლოებული მაინც იქნებოდა სცენარით შარშანდელ საგიჟეთთან, როცა "შალკემ" 0:4-დან შეძლო 4:4-მდე მისვლა. სეზონის მეორე დერბი კი გელზენკირხენელებმა 2:0 მოიგეს და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს.

მაგრამ დღეს ძალთა სულ სხვა თანაფარდობაა და "დორტმუნდს" შარშანდელის გამო რევანშის რეალური შანსი ჰქონდა.

მართლაც, მატჩი გუნდების მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად დაიწყო და "დორტმუნდმა" ამ საუკუნეში რურის დერბის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. "შალკეს" დაცვას გამოეპარა დილეინი, რომელმაც გამოიყენა ჯარიმიდან როისის ჩაწოდება. მარკომ ბუნდესლიგაში თავისი 150-ე მატჩი
საგოლე პასით აღნიშნა.

მასპინძლებისთვის მეორე უსიამოვნება გახდა მათი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის, ბურგშტალერის ტრავმა. მოედანზე ბევრი იყო ხისტი ბრძოლა, არსებობდა ტრავმების საშიშროება და საბოლოოდ, სწორედ ბურგშტალერს არ გაუმართლა.

მეორე ტაიმში კი უკვე სტუმრებს არ გაუმართლათ, რადგან ვიდეოგამეორებამ საჯარიმოში როისის წესის დარღვევა დააფიქსირა და "შალკემ" პენალტით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, გაშვებულმა გოლმა მხოლოდ გააბრაზა "დორტმუნდი". სტუმრების ბრწყინვალე კომბინაციამ გააბრუა "შალკეს" დაცვა და სანჩომ ისე ჩასვა ბურთი კუთხეში, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყოს.

ლუსიენ ფავრის გუნდმა არანაირი შტურმის საშუალება არ მისცა მეტოქეს. პირიქით, ბოლოსკენ "დორტმუნდი" შეუჩერებლად უტევდა. ფერმანის რამდენიმე მოგერიებამ და რაფაელ გერეიროს ძელმა უფრო დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა "შალკე". "დორტმუნდის" შეჩერება ძალიან რთულია, 18 წლის, 8 თვისა და 13 დღის სანჩო კი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც რურის დერბიში გაუტანია. წინა რეკორდსმენი ლარს რიკენი გახლდათ - 1995 წელს, ის ინგლისელზე ერთი წლით უფროსი იყო.


* * *
ტურის მეორე დერბი "ბაიერნსა" და "ნიურნბერგს" შორის ნაკლებად დამაინტრიგებელი ჩანდა და ეს უკვე პირველ ტაიმში დაამტკიცა ლევანდოვსკიმ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. მან 50-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რომელშიც ორი ან მეტი გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი ასეთი მატჩი და ის დაეწევა იუპ ჰაინკესს. ხოლო გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი დუბლებისა და ჰეთ-თრიკების საერთო რაოდენობით გერდ მიულერია - 87 მატჩი.

საბოლოო ანგარიში რიბერიმ დააფიქსირა, რომელიც საოცრად სტაბილურია. ფრანგმა ამ გოლის წყალობით, ბუნდესლიგის ზედიზედ მე-12 გათამაშებაში შეძლო გოლის გატანა.


* * *
"ფრაიბურგმა" ნამდვილი კოშმარი მოუწყო "ლაიპციგს" და დააკარგვინა მას მეორე ადგილზე გადასვლის შანსი. ფრაიბურგელებმა უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე წინა 10 მატჩში ამავე მეტოქის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი გოლი იყო, რადგან პეტერსენმა ბუნდესლიგაში 37-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, პაპის სისეს.

"ლაიპციგი" სამეულიდან გავარდა, ხოლო TOP3-ში შესვლის შანსი დაკარგა "აინტრახტმა", რომელსაც 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი წაგება აქვს.

ფაქტები
  • "ვერდერმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ფორტუნას" სტუმრად 21 მატჩი არ მოუგია. ბუნდესლიგაში გასვლაზე ბოლო გამარჯვება გუნდს 2012 წლის 25 სექტემბერს ჰქონდა.
  • 18 წლის ჯოშუა სარჯენტი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა. მასზე უფრო ახალგაზრდა გოლის ავტორი ჯედონ სანჩოა "დორტმუნდიდან".
  • "ბაიერნმა" შეწყვიტა შინ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ნიურნბერგი" რვა ტურია ვერ იგებს.
  • "ნიურნბერგის" სტუმრად მოუგებელი სერია 13 მატჩს შეადგენს.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ შეწყვიტა 376-წუთიანი უგოლო სერია.
  • ლევანდოვსკის 50 ან მეტ მატჩში გაუტანია მინიმუმ ორი გოლი. მხოლოდ გერდ მიულერს (87 მატჩი) და იუპ ჰაინკესს (51) ჰქონიათ უფრო მეტი ასეთი მატჩი.
  • ლევანდოვსკიმ ბოლო ექვსი გოლიდან ხუთი თავით გაიტანა.
  • რიბერიმ პირველად გაიტანა 2018 წლის 31 მარტის შემდეგ. უგოლო სერია 13 მატჩს მოიცავდა.
  • "ბაიერნმა" პირველი შეინახა "მშრალად" კარი მეოთხე ტურის შემდეგ.
  • "დორტმუნდმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • მარკო როისს 9 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. "გოლი+პასი" სისტემით მას მხოლოდ სებასტიან ჰალერი ("აინტრახტი") უსწრებს.
  • როცა "დორტმუნდმა" 2012 წელს თავისი ბოლო ტიტული მოიგო, 14 ტურში 26 ქულა ჰქონდა. ახლა 36 ქულა აქვს.
  • "აუგსბურგმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა.
  • კევინ ფოლანდმა ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.
  • ნილს პეტერსენმა 37-ე გოლი გაიტანა "ფრაიბურგის" მაისურით, რითაც გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, პაპის სისეს. ამ სიაში მესამე ადგილზეა ალექსანდრე იაშვილი, რომელსაც 29 გოლი აქვს.
  • პეტერსენს ბუნდესლიგის 18-ივე გუნდისთვის გაუტანია.
  • "ლაიპციგს" ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი აქვს წაგებული სტუმრად.
  • "ჰოფენჰაიმის" წაუგებელი სერია შვიდ მატჩს უდრის.
  • "ჰოფენჰაიმი" სტუმრად ხუთი მატჩია არ აგებს.
  • "ჰოფენჰაიმი" ლიდერია სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობით - 17.
  • "ჰოფენჰაიმს" ამ სეზონში ყველა მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.
  • "ჰანოვერს" 20 მატჩია, სტუმრად არ მოუგია. ეს სერია 2017 წლის 4 ნოემბრიდან იღებს სათავეს.
  • "ჰანოვერმა" შვიდი გოლი გაიტანა ფლანგებიდან ჩაწოდების შემდეგ, რაც ამ სეზონის რეკორდია.
  • "მაინცს" ზედიზედ 22 პენალტი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში. რეკორდი 24 გატანილი პენალტია, რომელიც "ბოხუმს" ეკუთვნის.
  • "ჰანოვერის" მეკარე ესერს ყველაზე მეტი მოგერიება აქვს მიმდინარე სეზონში - 54. ამასთან, "ჰანოვერი" 29 გაშვებული გოლით, ბოლოდან მესამე ადგილზეა ბუნდესლიგაში.
  • "გლადბახმა" შინ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო და ზედიზედ მეთორმეტედ არ წააგო.
  • "გლადბახმა" შინ ბოლო ოთხი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო.

ბუნდესლიგა. XIV ტური
ვერდერი-ფორტუნა 3:1
გოლები: 1:0 მოვალდი (20), 1:1 ლუკებაკიო (43-პენ), 2:1 ჰარნიკი (71), 3:1 სარჯენტი (78)

ბაიერნი-ნიურნბერგი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8) 2:0 ლევანდოვსკი (27) 3:0 რიბერი (56)
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი, გორეტცკა (63. ტიაგო ალკანტარა) - გნაბრი (74. ვაგნერი), მიულერი, რიბერი (63. კომანი) - ლევანდოვსკი.

შალკე-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 დილეინი (7), 1:1 კალიჯური (61-პენ), 1:2 სანჩო (74)
შალკე: ფერმანი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა (76. კონოპლიანკა) - რუდი, მაკენი, ბენტალები (55. სერდარი) - ჰარითი, შიოპფი - ბუგრშტალერი (36. მენდილი).
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (89. პულიშიჩი), როისი, ბრუუნ ლარსენი - ალკასერი (77. გიოტცე ).

ლევერკუზენი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 ალარიო (75)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, ტა (64. ვენდელი), დრაგოვიჩი, იედვაი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (73. ალარიო) - ბელარაბი, ჰაფერცი, ბეილი (73. ბრანდტი) - ფოლანდი.

ფრაიბურგი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 პეტერსენი (12), 2:0 ვალდშმიდტი (45+1-პენ), 3:0 ფრანტცი (52)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი (84. სარაკი), დემე, კამპი (64. ლემერი), კუნია (74. ოგუსტენი) - ვერნერი, პოულსენი.

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 ბელფოდილი (4), 1:1 ბიჩაკჩიჩი (29-საკ. კარში), 2:1 გინჩეკი (32), 2:2 კრამარიჩი (71)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ჰიუბნერი, კადერჟაბეკი - ცუბერი (60. ნელსონი), დემირბაი (43. გრილიტში), შულცი - კრამარიჩი - ბელფოდილი, ჟოელინტონი.

ჰერტა-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 გრუიჩი (40)

მაინცი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ვეიდანდტი (12), 1:1 ბროსინსკი (86-პენ)
გაძევება: ზორგი (90+7. ჰანოვერი)

გლადბახი-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 რაფაელი (69), 2:0 ნოიჰაუსი (77), 3:0 პავარი (84-საკ. კარში)
გლადბახი: ზომერი - ლანგი, იანტჩკე, ელვედი, ვენდტი - შტრობლი, ზაკარია (61. ნოიჰაუსი), ტრაორე (80. ჯონსონი) - ტ. აზარი, შტინდლი, პლეა (61. რაფაელი).
გაძევება: ტომი (83. შტუტგარტი).

ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
14 დეკემბერი: ნიურნბერგი-ვოლფსბურგი
15 დეკემბერი: ჰოფენჰაიმი-გლადბახი, აუგსბურგი-შალკე, ფორტუნა-ფრაიბურგი, ჰანოვერი-ბაიერნი, შტუტგარტი-ჰერტა, დორტმუნდი-ვერდერი
16 დეკემბერი: ლაიპციგი-მაინცი, აინტრახტი-ლევერკუზენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული