ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: შეაჩერებენ "მუსიკოსები" ლიდერს?

AutoSharing Option
ბუნდესლიგას დამაჯერებლად და დამსახურებულად ლიდერობს "დორტმუნდი". თუ ლუსიენ ფავრის გუნდს ტემპი არ დაუვარდა, კონკურენტებს მისი დაწევა ძალიან გაუჭირდებათ.

"კონკურენტებს" კი ვწერთ, მაგრამ ცხადია, აქ უპირველეს ყოვლისა "ბაიერნს" ვგულისხმობთ.

"დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე ფავორიტია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ იშვიათად მაგრამ "ვერდერი" მაინც ახერხებს ხოლმე კარგად თამაშს. ასეა თუ ისე, მასპინძლებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში იოლად რომ მოუგეს "მონაკოს", ყველა შეხვედრა რთულია, რადგან ისინი გრძნობენ იმ დიდ წნეხს, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ლიდერი განიცდის, მით უმეტეს ისეთი, რომლისგანაც ლიდერობას არ ელოდნენ.

რა თქმა უნდა, "დორტმუნდი" ახალგამომცხვარი
გრანდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენი ლიდერი დაკარგა, ამადაც არ არის მისი ლიდერობა მოულოდნელი. სწორედ ამაშია მწვრთნელის დამსახურებაც. და მაინც, ვნახოთ რას მოახერხებენ "მუსიკოსები".

მას შემდეგ, რაც "ბაიერნში" ნიკო კოვაჩი მივიდა, "რეკორდმაისტერს" იოლ გამარჯვებას ვერავისთან ვუწინასწარმეტყველებთ. "ბაიერნი" სულ უგებს "ჰანოვერს" და ალბათ ასე იქნება ამ შეხვედრაშიც, თუმცა კოვაჩის გუნდს რას გაუგებ. თანაც "ბაიერნს" დააკლდებიან არიენ რობენი, ხამეს როდრიგესი და ტიაგო ალკანტარა.

ძალიან საინტერესო მატჩს ველით "ჰოფენჰაიმსა" და "გლადბახს" შორის". "ბაიერნისა" და "შალკეს" დარად, ჩემპიონთა ლიგაში "ჰოფენჰაიმმაც" ითამაშა, თუმცა "სიტისთან" მის მატჩს არანაირი დატვირთვა არ ჰქონია. გუნდები მუდამ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ერთგულობენ და გამონაკლისი არც ამჯერად უნდა იყოს. მასპინძლებს დააკლდებიან ამირი და ნორდტვეიტი, სტუმრებმა კი წინასწარი პროგნოზის მიხედვით მათიას გინტერი ვერ უნდა დაიხმარონ.

ასევე უაღრესად საინტერესო უნდა იყოს "აინტრახტისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. აქაც შემტევი და სანახაობრივი თამაში უნდა გაჩაღდეს.

ფაქტები
  • "ნიურნბერგსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "აუგსბურგისა" და "შალკეს" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "ფორტუნასა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 თამაშში.
  • "ბაიერნმა" ბოლო 13 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".
  • "ჰოფენჰაიმისა" და "გლადბახის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შტუტგარტისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "დორტმუნდისა" და "ვერდერის" უკანასკნელ 9 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "მაინცმა" ბოლო მატჩი მოუგო "ლაიპციგს".
  • "ლევერკუზენმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში აჯობა "აინტრახტს".

ბუნდესლიგა. XV ტური
პარასკევი, 14 დეკემბერი
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 დანიელ გინჟეკი (58), 0:2 იოსიპ ბრეკალო (90+3)

შაბათი, 15 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 18:30
აუგსბურგი-შალკე 18:30
ფორტუნა-ფრაიბურგი 18:30
ჰანოვერი-ბაიერნი 18:30
შტუტგარტი-ჰერტა 18:30
დორტმუნდი-ვერდერი 21:30

კვირა, 16 დეკემბერი
ლაიპციგი-მაინცი 18:30
აინტრახტი-ლევერკუზენი 21:00

ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული