ბუნდესლიგა. XXVIII ტურის წინ: საჩემპიონო მატჩი მიუნხენში

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში ისეთი მატჩი გველოდება, თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სასწორზე საჩემპიონო სინი დევს. სატურნირო ცხრილს თუ ჩახედავთ, დარწმუნდებით: თუ "დორტმუნდმა" წარმატებით ითამაშა "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ, ნიკო კოვაჩის გუნდს ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდება.

სამაგიეროდ, ბუნდესლიგის ლიდერს ძალიან მოემატება თვითრწმენა, ეს კი ასეთ დროს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში "დორტმუნდი" შეუჩერებელი იქნება. მოკლედ, დიდი სანახაობის მოლოდინში ვართ.

რა თქმა უნდა, ორივე გუნდს ექნება დანაკლისი. ამ დროისთვის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ბაიერნის" შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ არიენ რობენს. ჰოლანდიელი ვარსკვლავი ტრავმირებულია და მინდორზე მისი გამოჩენა გამორიცხულია.

მსუბუქი
ტრავმები აწუხებთ კორენტენ ტოლისოსა და დავიდ ალაბას. მათი თამაშიც საეჭვოა. "რეკორდმაისტერისთვის" ორივე მოთამაშე სერიოზული ძალაა. განსაკუთრებით ეს ეხება ალაბას, რომელიც ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ისე როგორ იქნებოდა, "დორტმუნდის" ლაზარეთი ცარიელი ყოფილიყო? წინასწარი ინფორმაციით, ამ შეხვედრაში გუნდს ვერაფრით დაეხმარებიან მაქსიმილიან ფილიპი, კრისტიან პულიშიჩი და აშრაფ ჰაკიმი.

აქ განსაკუთრებით პულიშიჩის არყოფნა უნდა აღინიშნოს. ამერიკელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ასევე გამოსარჩევია მაროკოელი ჰაკიმი. მისი რეიდები ძალიან სახიფათოა ხოლმე.

ამ დროისთვის გაურკვეველია, შეძლებენ თუ ვერა მინდორზე გასვლას "დორტმუნდის" ფეხბურთელები - ლუკაშ პიშჩეკი და აბდუ დიალო. დაცვაში ეს ორივე მოთამაშე მნიშვნელოვანი ფიგურაა ლუსიენ ფავრის გუნდისთვის.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში დიდი ინტრიგა დევს, მაგრამ ცხადია, მთელი ტური ამ თამაშით არ ამოიწურება. ასე მაგალითად, ძალიან კარგი სანახაობა გველის "ლევერკუზენისა" და "ლაიპციგის" შეხვედრაში. ორივე გუნდი შემტევ სტილში თამაშობს და ვფიქრობთ, არც ამჯერად უღალატებენ სანახაობრივი ფეხბურთის ფილოსოფიას.

ფაქტები
  • "მაინცმა" ბოლო ორ შეხვედრაში მოუგო "ფრაიბურგს".
  • "ლევერკუზენისა" და "ლაიპციგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა, იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა "ჰერტასა" და "ფორტუნას" ბოლო 6 შეხვედრაში.
  • "შალკესა" და "აინტრახტის" ბოლო ორ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანა.
  • "შტუტგარტმა" ბოლო 3 შეხვედრაში დაჯაბნა "ნიურნბერგი".
  • "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰოფენჰაიმმა" უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში აჯობა "აუგსბურგს".
  • "გლადბახისა" და "ვერდერის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVIII ტური
პარასკევი, 5 აპრილი
მაინცი-ფრაიბურგი 22:30

შაბათი, 6 აპრილი
შალკე-აინტრახტი 17:30
ლევერკუზენი-ლაიპციგი 17:30
შტუტგარტი-ნიურნბერგი 17:30
ჰერტა-ფორტუნა 17:30
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
ბაიერნი-დორტმუნდი 20:30

კვირა, 7 აპრილი
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
გლადბახი-ვერდერი 20:00

ბომბარდირები: 19 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 16 - იოვიჩი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), როისი (დორტმუნდი); 14 - ჰალერი (აინტრახტი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული