პრემიერლიგა. V ტური: "ლივერპულის" კრიზისი და შეუჩერებელი მანჩესტერელები [VIDEO]

AutoSharing Option
  • როი ჰოჯსონის მარცხიანი დებიუტი "კრისტალ პალასის" მწვრთნელის რანგში, პრემიერლიგის ანტირეკორდით...
  • "ტოტენჰემი" "უემბლიზე" მნიშვნელოვან ქულებს კარგავს...
  • "ლივერპულში" კრიზისის ნიშნებია...
  • "მანჩესტერ სიტი" შეუჩერებელი ხდება...
  • და ტურის მთავარი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე"...

ჩელსი-არსენალი
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში, "არსენალმა" "სტემფორდ ბრიჯიდან" ქულა წაიღო და უნდა ითქვას, მეტის ღირსიც იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში "მეთოფეთა" გარჯა უკეთესი გახლდათ, თუნდაც რეალური საგოლე მომენტების მხრივ. ბრწყინვალე შანსები გაანიავეს დენი უელბეკმა, აარონ რემზიმ (ძელი) და ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელიც ახლო მანძილიდან ამატებდა უკუგდებულ ბურთს, მაგრამ... კარს გადააცილა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ "ჩელსის"
გარი კეჰილი კი დაუბრუნდა, მაგრამ ახლა მეორე ცენტრალურ მცველს მოისაკლისებს - დავიდ ლუიზმა ძალიან უხეშად ითამაშა სეად კოლაშინაცის წინააღმდეგ და უმალ წითელი ბარათი იხილა...

კომენტარი
ანტონიო კონტე (ჩელსი): "ძალიან კარგი, გახსნილი თამაში იყო. "არსენალი" ყოველთვის რთული მეტოქეა, ყოველთვის იცი, რომ მის წინააღმდეგ ძალიან გაგიჭირდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ფრე არ არის ცუდი შედეგი. რაც შეეხება დავიდ ლუიზის გაძევებას, თქვენ იცით, რომ არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ უცნაურია, რომ ზედიზედ მესამე მატჩია, "არსენალთან" თამაშს 10 ფეხბურთელით ვამთავრებთ".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩვენი დღევანდელი თამაში იყო კარგი პასუხი და რეაქცია ბოლო გასვლით მატჩზე. დღეს გამარჯვებაც შეგვეძლო. მიმაჩნია, რომ მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით. როცა სეზონში 55 მატჩს თამაშობ, არ შეიძლება, სადმე ჩავარდნა არ გქონდეს".

ფაქტები
  • ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო 27 საშინაო მატჩში (იგულისხმება ყველა ოფიციალური ტურნირი) პირველად მოხდა, რომ "ჩელსიმ" გოლი ვერ გაიტანა.
  • 2005 წლის აპრილის შემდეგ ეს არის პირველი 0:0 "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "არსენალს" შორის გამართულ მატჩებში. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა იმავე თარიღის შემდეგ, "ჩელსიმ" "არსენალს" საკუთარ მოედანზე რომ ვერ გაუტანა.
  • "არსენალმა" "ჩელსის" ბოლო 14 გასვლითი მატჩიდან 8 შემთხვევაში ვერ გაუტანა გოლი.
  • "ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში იმაზე მეტი (3) წითელი ბარათი მიიღო, ვიდრე წინა 73 შეხვედრაში.

უოტფორდი-მანჩესტერ სიტი
დღის გმირი
"მანჩესტერ სიტი" სასწაულ ფორმაშია. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ბოლო სამ მატჩში (თუ "ფეიენოორდთან" საჩემპიონთალიგო მატჩსაც მივათვლით) 15 გოლი გაიტანეს და ერთიც არ გაუშვეს.

"უოტფორდთან" მატჩი პერსონალურად სერხიო აგუეროს ბენეფისად იქცა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში "კუნმა" დუბლიც შეასრულა და გაბრიელ ჟეზუშსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი, მატჩის მიწურულს კი პატარა სოლო-რეიდი ჰეთ-თრიკით დააგვირგვინა.

ეს მისი მეექვსე ჰეთ-თრიკია პრემიერლიგაში, თუმცა ამ მხრივ ჯერ საუკეთესო ვერ არის - ალან შირერს (11), რობი ფაულერს (9), მაიკლ ოუენსა და ტიერი ანრის (8-8) უფრო მეტჯერ აქვთ გატანილი ერთ მატჩში 3 გოლი.

საინტერესოა, რომ უშუალოდ "უოტფორდის" წინააღმდეგ აგეუროს ხელი 11 გოლში (9 გაიტანა, 2 სხვას გაატანინა) ურევია და ეს ყველაფერი ამ გუნდებს შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში მოხდა.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" "უოტფორდის" "ვიკარიჯ როუდზე" უფრო მეტი (11) გოლი გაიტანა ბოლო 2 მატჩში, ვიდრე თავად "უოტფორდმა" (10) თავის ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში.
  • გაბრიელ ჟეზუშმა პრემიერლიგის ბოლო 15 მატჩში "მანჩესტერ სიტის" 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - 11 გოლი, 4 საგოლე პასი.
  • დავიდ სილვამ ერთ პრემიერლიგურ მატჩში 2 საგოლე პასი პირველად გააკეთა 2016 წლის მარტის შემდეგ.

ლივერპული-ბარნლი
ბოლო სამ მატჩში "ლივერპულს" კრიზისის ნიშნები ეტყობა. შესაძლოა, "სევილიასთან" საშინაო ფრე (2:2) ტრაგედია არ იყოს, მაგრამ "მანჩესტერ სიტისთან" (0:5) და "ბარნლისთან" (1:1) შეხვედრებში ეს არ იყო ის "ლივერპული", რომელმაც ცოტა ხნის წინ "არსენალს" კუდით ქვა ასროლინა (4:0).

სადიო მანეს დისკვალიფიკაციის ფონზე, მნიშვნელოვანი იყო ძირითად შემადგენლობაში ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება, მაგრამ გაუგებარია, როგორ ვერ მოიგო გუნდმა, რომელმაც 35-ჯერ დაარტყა კარისკენ და 12 კუთხური მოაწოდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს "ბარნლის" მეკარე ნიკ პოუპის რამდენიმე "სეივიც"...

ისე, "ლივერპულის" მოგების რა გითხრათ და, მასპინძელი სულაც დამარცხდებოდა, თამაშის ბოლოს ჟოელ მატიპს კარის ხაზიდან რომ არ გამოეტანა ბურთი. უცნაური იყო იურგენ კლოპის მატჩისშემდგომი შეფასებაც - რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კარგად კი ვითამაშეთო...

ფაქტები
  • 1969 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "ბარნლის" ზედიზედ მეორე სეზონში გააქვს გოლი ლივერპულის "ენფილდ როუდზე".
  • 1974 წლის შემდეგ "ბარნლიმ" პირველად მოიპოვა ქულა "ლივერპულის" მოედანზე.
  • ემრე ჩანმა "ლივერპულის" ბოლო 4 მატჩში იმაზე მეტი საგოლე პასი შეასრულა, ვიდრე წინა 89-ში (2).
  • "ბარნლის" წინააღმდეგ ბოლო 3 მატჩში "ლივერპულს" ბურთის ფლობის საშუალოდ 72-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ამ 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი).

მანჩესტერ იუნ-ევერტონი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სეზონში მეოთხე თამაში მოიგო და აქედან სამი - 4:0. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო უეინ რუნის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე", ახლა უკვე იმ კლუბის მაისურით, საიდანაც 2004 წელს "წითელ ეშმაკებში" გადავიდა და 393 მატჩში 183-ჯერ დაამწუხრა მეკარეები.

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა რომელუ ლუკაკუმაც. გასულ სეზონში ის "ევერტონის" მთავარი მეგოლე იყო და დიდხანს პირველობდა კიდეც ბომბარდირთა საერთო დავაში. ამჯერად, მას "იუნაიტედისთვის" გააქვს და, მათ შორის, ყოფილი თანაგუნდელების კარშიც.

ფაქტები
  • ჟოზე მოურინიომ მეექვსე ცდიდან პირველად შეძლო "ევერტონის" მწვრთნელ რონალდ კუმანისთვის უშუალო დუელის მოგება. აქამდე, ამ ორ სპეციალისტს შორის 4 ზავი იყო, ხოლო ერთი თამაში კუმანს ჰქონდა მოგებული.
  • "ევერტონს" არ მოუგია ბოლო 11 პრემიერლიგური მატჩი - 5 ფრე, 6 წაგება.
  • რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პირველ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლუის საას და რობინ ვან პერსის გაუთანაბრდა.
  • "ევერტონს" არ გაუტანია გოლი ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში, რაც პირველი შემთხვევაა 2006 წლის აპრილის შემდეგ.

ტოტენჰემი-სუონსი
"ლივერპულის" არ იყოს, დაგეგმილი 3 ქულა ვერც "ტოტენჰემმა" აიღო. აქ სხვა შედარებების მოყვანაც შეიძლება, რაც იმას მოწმობს რომ ორივე მატჩი ერთნაირი სცენარით წარიმართა - ბურთის ფლობასა (75%) და კარში დარტყმებში (26) მასპინძელს აქაც კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა დისციპლინირებული "სუონსის" წინააღმდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყველაზე რეალური შანსი 58-ე წუთზე ჰარი კეინს ჰქონდა, როცა "ტოტენჰემის" ბომბარდირის მიერ დარტყმული თავური ხარიხამ მოიგერია. შედეგად, ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 30 პრემიერლიგურ მატჩში, როცა "ტოტენჰემმა" შინ გოლი ვერ გაიტანა.

ფაქტები
  • პრემიერლიგის 5 მატჩში მესამედ მოხდა, რომ "სუონსიმ" ერთხელაც ვერ დაარტყა კარის მიმართულებით.
  • 2013/14 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "სუონსის" მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ "ტოტენჰემთან" მატჩი მშრალად ჩაატარა. მანამდე, 5 მატჩში პოლონელ მეკარეს 15 გოლი ჰქონდა გაშვებული.
  • 2011 წლის შემდეგ "სუონსის" ბურთის ფლობის ასეთ დაბალი (25%) მაჩვენებელი არ ჰქონია. "ტოტენჰემის" 75-პროცენტიანი მაჩვენებელი კი ამ გუნდისთვის ყველაზე მაღალია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • "ჰადერსფილდმა" ბოლო 5 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • ლორან დეპუატრმა ("ჰადერსფილდი") თავის პირველივე პრემიერლიგურ მატჩში (თანაც, სასტარტო შემადგენლობაში) სადებიუტო გოლი გაიტანა.
  • პრემიერლიგაში დაბრუნების (2014/15 წლების სეზონი) შემდეგ "ლესტერმა" 25 პენალტი დაარტყა და 19 გაიტანა. ამავე პერიოდში მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს უკეთესი შედეგი - 20 გოლი 26 პენალტიდან.
  • "ნიუკასლმა" ზედიზედ მესამე პრემიერლიგური მატჩი მოიგო, რაც პირველი შემთხვევაა 2014 წლის ნოემბერის შემდეგ.
  • ჯამაალ ლასელსის ("ნიუკასლი") ოთხივე პრემიერლიგური გოლი კუთხურის შემდეგ თავურ დარტყმას მოჰყვა.
  • "კრისტალ პალასი" გახდა პირველი გუნდი ინგლისური ტოპ-ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონის 5 სასტარტო მატჩიდან ხუთივე წააგო და ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ეს არის ყველა დროის ინგლისური ანტირეკორდი.
  • "კრისტალ პალასმა" 450 წუთის განმავლობაში ვერ გაიტანა გოლი, რაც ყველაზე გრძელი "მშრალი" სერიაა მიმდინარე სეზონის სტარტიდან.
  • 1995 წლის შემდეგ (იგულისხმება პრემიერლიგის მატჩები) ეს "კრისტალ პალასის" ყველაზე გრძელი "მშრალი" სერიაა - ზედიზედ 6 უგოლო მატჩი. 1995 წლის უგოლო სერიამ 9(!) მატჩი მოიცვა.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" "ვესტ ჰემს" ბოლო 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოუგო (9 ფრე, 3 წაგება).
  • "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 11 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ბორნმუთი-ბრაიტონი 2:1
გოლები: 0:1 მერჩი (55), 1:1 სიურმენი (67), 2:1 დეფო (73)


კრისტალ პალასი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ს. დევისი (6)


ჰადერსფილდი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 დეპუატრი (46), 1:1 ვარდი (50-პენ)


ლივერპული-ბარნლი 1:1
გოლები: 0:1 არფილდი (27), 1:1 სალაჰი (30)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, რობერტსონი - მილნერი, ჩანი, კოუტინიო (80. სოლანკე) - სალაჰი, ფირმინო (79. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სტარიჯი.


ნიუკასლი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 ატსუ (19), 1:1 შაქირი (57), 2:1 ლასელსი (68)


უოტფორდი-მანჩესტერ სიტი 0:6
გოლები: 0:1 აგუერო (28), 0:2 აგუერო (31), 0:3 გაბრიელ ჟეზუში (37), 0:4 ოტამენდი (63), 0:5 აგუერო (81), 0:6 სტერლინგი (88-პენ)
სიტი (4-1-3-2): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, მენდი - ფერნანდინიო - დე ბრუინი (66. გიუნდოგანი), დავიდ სილვა (79. სანე), სტერლინგი - გაბრიელ ჟეზუში (65. ბერნარდო სილვა), აგუერო.


ტოტენჰემი-სუონსი 0:0
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო (63. ორიე), დაიერი, სონი (74. ლორენტე) - ერიქსენი, ალი - კეინი.


ჩელსი-არსენალი 0:0
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, დავიდ ლუიზი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - ვილიანი (70. აზარი), პედრო (46. ბაკაიოკო) - მორატა (89. კრისტენსენი).
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - უელბეკი (73. ჟირუ), ივობი (80. ელნენი) - ლაკაზეტი (66. ალექსის სანჩესი).
გაძევება: დავიდ ლუიზი (87. ჩელსი)


მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 4:0
გოლები: 1:0 ვალენსია (4), 2:0 მხითარიანი (83), 3:0 ლუკაკუ (89), 4:0 მარსიალი (90+2. პენ)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, იანგი - ფელაინი, მატიჩი - მატა (77. ერერა), მხითარიანი (88. მარსიალი), რაშფორდი (61. ლინგარდი) - ლუკაკუ.


ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:0


ბომბარდირები: 5 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 4 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ჩელსი); 3 - სადიო მანე (ლივერპული), ალვარო მორატა (ჩელსი), დენი უელბეკი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური
23 სექტემბერი:
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი, ბარნლი-ჰადერსფილდი, ევერტონი-ბორნმუთი, მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ, სტოკი-ჩელსი, სუონსი-უოტფორდი, ლესტერი-ლივერპული

24 სექტემბერი:
ბრაიტონი-ნიუკასლი

25 სექტემბერი:
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული