პრემიერლიგა. XII ტურის წინ: ვენგერი მაინც არ იშლის თავისას

AutoSharing Option
შაბათს პრემიერლიგის მორიგი ტური დიდი მატჩით გაიხსნება. "არსენალი" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს დიდ ომს გამოუცხადებენ. ამ გუნდებს ერთმანეთზე დიდი მტერი არ ჰყავთ. ორივე მხარეს არიან ტრავმირებულები. "არსენალს" დააკლდებიან სანტი კასორლა, შკოდრან მუსტაფი და დენი უელბეკი. უდანაკარგო არც "ტოტენჰემია". ვერ ითამაშებს ტრავმირებული ტობიას ალდერვეირელდი, რომელსაც 6 კვირა გაუცდება.

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება უგო ლორისიც, ხოლო ვიქტორ ვანიამას ჯანმრთელობა კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
"ემირეითსზე" მართლაც ფიცხელი უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს, "არსენალის" თავზე აგერ უკვე მერამდენედ მოუყრია თავი შავ ღრუბლებს. არსენ ვენგერი
კი მაინც არ იშლის თავისას და ამტკიცებს, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი სწორ გზაზე დგას...

არადა, ეს "სწორი გზა" "არსენალს" ერთხელაც უქადის ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენას, რაც კლუბისთვის მართლაც უდიდესი კატასტროფა იქნება. თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" მიერ აკრეფილი ტემპის გათვალისწინებით, თუ ჩემპიონობა სურს, "ტოტენჰემს" მხოლოდ მოგება უნდა აძლევდეს ხელს.
"ლესტერი" შინ დაუხვდება მიმდინარე პრემიერლიგის უდავო ფავორიტ "მანჩესტერ სიტის". მასპინძლებს აქვთ გარკვეული საკადრო პრობლემები, მათ შორის - ტრავმირებული რობერ ჰუტი. რაც შეეხება "სიტის", შეიძლება, გუნდს დაუბრუნდეს ბელგიელი ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი. სამაგიეროდ, თითქმის გამორიცხულია ბენჟამინ მენდისა და ნიკოლას ოტამენდის თამაში.

ბოლოდროინდელი ტრანსფერებიდან გამომდინარე, "საუთჰემპტონს" ბევრი "ლივერპულის" ერთგვარ ფარმკლუბად მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, მერსისაიდელები ბოლო დროს ვერ ახერხებენ "წმინდანების" დამარცხებას. "ლივერპულში" საეჭვოა ფილიპე კოუტინიოს თამაში, ადამ ლალანა კი, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, წესით, უნდა დაბრუნდეს.

"ჩელსი" გასვლაზე თამაშობს "ვესტ ბრომვიჩთან". ლონდონელები მოგებისთვის უნდა იყვნენ შემართულები. ანტონიო კონტეს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს. ერთადერთი დანაკლისი ნიგერიელი მარჯვენა მცველი ვიქტორ მოზესია.

"მანჩესტერს" მოგების დრო დაუდგა. ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა პოლ პოგბა, თუმცა მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. სხვა მხრივ, "წითელი ეშმაკების" ტრავმირებულთა სია ძველია. მათ შორისაა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

ფაქტები
* "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ორივემ გაიტანა.
* "ბორნმუთი" და "ჰადერსფილდი" ერთმანეთს პირველად ხვდებიან პრემიერლიგაში.
* ზედიზე ოთხი მატჩია, "სუონსი" "ბარნლის" უგებს.
* ხუთი მატჩია, "კრისტალ პალასს" "ევერტონისთვის" არ მოუგია.
* "ლესტერისა" და "მანჩესტერ სიტის" ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში ორივემ გაიტანა.
* ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 5 მატჩია, "ლივერპული" ვერ უგებს "საუთჰემპტონს".
* 5 თამაშია, "ნიუკასლს" "მანჩესტერისთვის" არ მოუგია.
* "ბრაიტონი" და "სტოკი" ერთმანეთს პირველად ხვდებიან პრემიერლიგაში.


პრემიერლიგა. XII ტური
შაბათი, 18 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი 16:30
ბორნმუთი-ჰადერსფილდი 19:00
ბარნლი-სუონსი 19:00
კრ. პალასი-ევერტონი 19:00
ლესტერი-მანჩესტერ სიტი 19:00
ლივერპული-საუთჰემპტონი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 19:00
მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 21:30

კვირა, 19 ნოემბერი

უოტფორდი-ვესტ ჰემი 20:00

ორშაბათი, 20 ნოემბერი

ბრაიტონი-სტოკი 23:59

ბომბარდირები:
8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული