პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: "ლივერპულს" ახსოვს 0:5

AutoSharing Option
"ენფილდზე" დიდი მატჩია. ტრადიცია დიდი ფულის წინააღმდეგ - ასეთი აფიშაც შეიძლება გავუკრათ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას.

იურგენ კლოპის გუნდი არც ერთ მეტოქეს თავს არ დაუხრის. მით უმეტეს, საშინაო ასპარეზზე და თან პირველ წრეში "ეტიჰადზე" განცდილი გამანადგურებელი (0:5) მარცხის გამო. "სიტიმ" კი დიდებულ სპექტაკლებს მიგვაჩვია.

ჩავთვალოთ, რომ მერსისაიდული კლუბისთვის ამ შეხვედრით თვისებრივად ახალი ერა იწყება. ეს ხომ პირველი მატჩი იქნება მას შემდეგ, რაც გუნდის ლიდერი, ბრაზილიელი ვარსკვლავი ფილიპე კოუტინიო"ბარსელონაში" წავიდა...

"ჩელსი" ფავორიტის სტატუსით დაუხვდება ყოჩაღ, მაგრამ ბოლო დროს მისგან ბევრჯერ
გვემულ "ლესტერს". გუნდის ახალწვეული როს ბარკლი ჯერ ვერ არის სათანადო კონდიციებში, მაგრამ ლონდონელთათვის ეს დიდი ვერაფერი დანაკლისია. "ლესტერს" კი რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. საეჭვოა თვით ჯეიმი ვარდის თამაშიც.

საინტერესო უნდა გამოდგეს კიდევ ერთი ლონდონური მატჩი, რომელშიც "ტოტენჰემი" "ევერტონს" უმასპინძლებს. "მამლებს" ვერ დაეხმარებიან დენი როუზი და ტობიას ალდერვეირელდი. "ევერტონს" ტრავმირებული ჰყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, ზოგიერთის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გასვლაზე ძალიან არასტაბილურად მოთამაშე "არსენალს" რთული თამაში ელის ბორნმუთში. ეს გუნდი არავისთვისაა საჩუქარი და, მით უმეტეს, საშინაო შეხვედრებში. არადა, "არსენალს" უეჭველად დასჭირდება მომატება, თუ ოთხეულში მოხვედრაზე ფიქრობს.

ტურის ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერმა" აუცილებლად უნდა მოუგოს "სტოკს". "წითელი ეშმაკები" იდეალურ ფორმაში არ არიან. ჟოზე მოურინიოს გუნდი თითქოს გატყდა მას მერე, რაც საჩემპიონო ბრძოლაში ძალიან ჩამორჩა თანაქალაქელ "სიტის". მაგრამ უჭირს მოწინააღმდეგესაც, რისი დასტურიც გუნდიდან მწვრთნელ მაიკლ ჰიუზის წასვლაა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ მის შემცვლელად მთავარი კანდიდატურა ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი, ზეგამოცდილი მარტინ ონილია.

ფაქტები
  • "ჩელსიმ" "ლესტერთან" ბოლო 11 პრემიერლიგური დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო და მოუგო ბოლო 3 მატჩი.
  • ანტონიო კონტემ, როგორც მწვრთნელმა, პრემიერლიგის პირველი 30 საშინაო მატჩიდან 25 მოიგო. არც ერთ მწვრთნელს თავის პირველ 30 მატჩში ამდენი თამაში არ მოუგია.
  • 2014 წლის აგვისტოს შემდეგ ჯეიმი ვარდიმ ("ლესტერი") "დიდი ექვსეულის" გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 41 მატჩში ყველაზე მეტი - 22 გოლი გაიტანა.
  • მას მერე, რაც მიმდინარე პრემიერლიგის 11 სასტარტო მატჩიდან "კრისტალ პალასმა" 9 თამაში წააგო (1 მოგება, 1 ფრე), მომდევნო 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (4 მოგება, 6 ფრე).
  • "ბარნლის" ლონდონში არ წაუგია ბოლო 3 მატჩი (2 მოგება, 1 ფრე), მაშინ, როცა წინა 15-დან 13 წააგო (2 ფრე).
  • "ბარნლიმ" "კრისტალ პალასს" მოუგო პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩი.
  • "ევერტონისა" და "არსენალის" (12-12) შემდეგ მხოლოდ "კრისტალ პალასმა" მოახერხა ყველაზე მეტი (11) ქულის მოპოვება ისეთ მატჩებში, რომელშიც თავიდან აგებდა.
  • "ვესტ ჰემმა" ბოლო 3 საგარეო მატჩში 5 ქულა (1 მოგება, 2 ფრე) მოიპოვა - ორით მეტი, ვიდრე მიმდინარე პრემიერლიგის პირველ 9 გასვლით მატჩში (3 ფრე, 6 წაგება).
  • "ნიუკასლმა" "სუონსის" ბოლო 2 პრემიერლიგური მატჩი მოუგო, მაშინ, როცა ამ გუნდს მხოლოდ ერთხელ სძლია წინა 9 ურთიერთდაპირისპირებაში.
  • "სუონსიმ" ნიუკასლის მოედანზე ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან 3 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება) - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სტადიონზე.
  • ბოლო გასვლით მატჩში "უოტფორდთან" გამარჯვებით "სუონსიმ" დაასრულა ზედიზედ 7 საგარეო მარცხისგან შემდგარი ციკლი.
  • "უოტფორდმა" "საუთჰემპტონს" შინ ბოლოს 1999 წლის დეკემბერში მოუგო (3:2).
  • "საუთჰემპტონს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩი (4 ფრე, 5 მარცხი). მხოლოდ "ვესტ ბრომვიჩს" აქვს უარესი მაჩვენებელი - 20 მოუგებელი მატჩი.
  • "უოტფორდმა" მიმდინარე პრემიერლიგის საშინაო მატჩების მხოლოდ 48 პროცენტი (12/25) მოიგო, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
  • "ვესტ ბრომვიჩს", ყველა ინგლისური ლიგის მასშტაბით, ყველაზე მეტი (9) მოუგებული საშინაო მატჩი "ბრაიტონის" წინააღმდეგ აქვს ჩატარებული.
  • "ბრაიტონმა" "ვესტ ბრომვიჩს" ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3 მოუგო, მათ შორის - მიმდინარე გათამაშების პირველი წრის მატჩიც (3:1).
  • "ტოტენჰემს" "ევერტონთან" არ წაუგია პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩი (5 მოგება, 5 ფრე). ეს არის ამ გუნდთან "მამლების" ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია 1997-2003 წლების (13 მატჩი) შემდეგ.
  • "ევერტონმა" მიმდინარე პრემიერლიგაში დაგროვილი ქულების მხოლოდ 29.6 პროცენტი (8/27) მოიპოვა სტუმრად. ეს ამ მომენტისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
  • ჰარი კეინმა ("ტოტენჰემი") "ევერტონთან" ბოლო ორ პრემიერლიგურ მატჩში შეძლო თითო დუბლის შესრულება.
  • "ბორნმუთთან" პირველი წრის მატჩში "არსენალმა" შეძლო 3-ბურთიანი დეფიციტის გაბათილება (3:3). ეს იყო პირველი შემთხვევა "მეთოფეთა" პრემიერლიგურ ისტორიაში, როცა 0:3-ის შემდეგ თამაშის გადარჩენა შეძლეს.
  • "ბორნმუთმა" კვირა დღეს ჩატარებული 13 პრემიერლიგური მატჩიდან 10 წააგო (1 მოგება, 2 ფრე).
  • "ლივერპულს" არ წაუგია "მანჩესტერ სიტისთან" პრემიერლიგის ბოლო 14 საშინაო მატჩი (10 მოგება, 4 ფრე), პლუს ამას, ზედიზედ მოუგეს ბოლო 4 დაპირისპირება.
  • პირველი წრის მატჩი "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" 5:0 მოუგო.
  • "ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 13 საშინაო მატჩში (7 მოგება, 6 ფრე) მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.
  • "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებისგან "ლივერპულის" კარში ყველაზე მეტი - 6 (11 მატჩში) გოლი სერხიო აგუეროს აქვს გატანილი, თუმცა არ გაუტანია "ლივერპულის" მოედანზე ბოლო 5 მატჩში.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სტოკთან" პრემიერლიგის საშინაო მატჩებში 27 შესაძლებლიდან 25 ქულა დააგროვა. ერთადერთი ფრე (1:1) გასულ სეზონში დაფიქსირდა.
  • 1976 წლის შემდეგ "სტოკს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ მოუგია "მანჩესტერ იუნაიტედთან" 17 საგარეო მატჩი (2 ფრე, 15 წაგება).

პრემიერლიგა. XXIII ტური
შაბათი, 13 იანვარი
ჩელსი-ლესტერი 19:00
კრ. პალასი-ბარნლი 19:00
ჰადერსფილდი-ვესტ ჰემი 19:00
ნიუკასლი-სუონსი 19:00
უოტფორდი-საუთჰემპტონი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-ბრაიტონი 19:00
ტოტენჰემი-ევერტონი 21:30

კვირა, 14 იანვარი
ბორნმუთი-არსენალი 17:30
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 20:00

ორშაბათი, 15 იანვარი
მანჩესტერ იუნ-სტოკი 23:59

ბომბარდირები: 18 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 10 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული