პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ: ორი სხვადასხვა ფეხბურთი

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი ინტრიგა ესაა - დაცვა აჯობებს თუ შეტევა? ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "სიტისთან" საგარეო შეხვედრაში სწორედ ასეთ ტაქტიკას აირჩევს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი "სიტი" კი შეუტევს. ეს იქნება ორი განსხვავებული საფეხბურთო სტილის, განსხვავებული მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ვნახოთ, ვისი აჯობებს.

"ჩელსის" საფიქრალი არ აკლია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" აქვს სათამაშო. რაც შეეხება "სიტის", პეპის გუნდს ყველაფერი მოთავებული აქვს "ბაზელთან" პირველი მატჩის შემდეგ.

"ლივერპული" საშინაო ასპარეზზე შეეცდება "ნიუკასლის" ძლევას, რომელიც ბოლო დროს მერსისაიდელთათვის უხერხულ
მეტოქედ იქცა. მასპინძლებს თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავთ.

საეჭვოა მხოლოდ გეორგინიო ვეინალდუმის თამაში. რა თქმა უნდა, მთავარ საფრთხეს "ჯორდები" მანე-სალაჰი- ფირმინოს ტრიოსგან უნდა ელოდნენ. ეს სამი ფეხბურთელი მოცემულ მომენტში მართლაც რომ დიდებულ ფორმაშია.

"ტოტენჰემი" ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშება "ჰადერსფილდს". ორი აზრი არ არის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა უნდა მოიგოს. ქულების დაკარგვა ოთხეულში მოხვედრისთვის მებრძოლი "დეზებისთვის" არაფრისდიდებით არ შეიძლება.

წესით, "არსენალმა" გასვლითი შეხვედრა უნდა მოუგოს "ბრაიტონს". ცხადია, ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იქნება, "თოლიები" ყოჩაღად თამაშობენ - ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგეს და ორიც ფრედ დაასრულეს. არადა, არსენ ვენგერის თავზე შავი ღრუბლები ჩანს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტურის ყველაზე გვიანდელ შეხვედრაში საქმეს "კრისტალ პალასთან" დაიჭერს. "წითელი ეშმაკები" მინდორზე მხოლოდ 3 ქულისთვის გავლენ. ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსები არ აკლია და ინგლისური გრანდის კიდევ ერთი წაფორხილება მათ ამ კრიტიკისთვის უფრო მეტ მასალას მისცემს. თანაც, "პალასს" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ფაქტები
  • "ბარნლიმ" ბოლო 4-დან 3 შეხვედრა ფრედ ითამაშა.
  • "ბორნმუთის" მონაწილეობით უკანასკნელი 4 მატჩიდან ოთხივეში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "სტოკმა" პრემიერლიგის ბოლო 2 მატჩი მოუგო "საუთჰემპტონს".
  • "სუონსისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • 3 მატჩია, "ლივერპული" ვერ ახერხებს "ნიუკასლის" დამარცხებას.
  • "ბრაიტონი" 3-ჯერ შეხვდა "არსენალს" და ყველა თამაში წააგო.
  • "სიტისა" და "ჩელსის" ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXIX ტური
შაბათი, 3 მარტი
ბარნლი-ევერტონი 16:30
ლესტერი-ბორნმუთი 19:00
საუთჰემპტონი-სტოკი 19:00
სუონსი-ვესტ ჰემი 19:00
ტოტენჰემი-ჰადერსფილდი 19:00
უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ლივერპული-ნიუკასლი 21:30

კვირა, 4 მარტი
ბრაიტონი-არსენალი 17:30
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 20:00

ორშაბათი, 5 მარტი
კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ 23:59

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 23 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული