პრემიერლიგა. XXXV ტურის წინ: გამარჯობა, ჩემპიონო, შენი!

AutoSharing Option
კვირას "მანჩესტერ სიტი" საკუთარ ასპარეზზე ჩემპიონის რანგში მიიღებს "სუონსის".

ამ შეხვედრას პრემიერლიგის ახალი ტრიუმფატორისთვის დიდი სატურნირო დატვირთვა არ ექნება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სტადიონზე მართლაც განუმეორებელი ატმოსფერო იქნება.

"სიტის" ხმაურიანმა ქომაგებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მოაწყონ საჩემპიონო ზეიმი, თავის მხრივ, არ გვგონია, ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ხასიათი გაუფუჭონ. ოღონდ, საკითხავი ისაა, რა შემადგენლობას დააყენებს პეპ გვარდიოლა. არ არის გამორიცხული, მან რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს.

ლონდონურ დერბიში ერთმანეთს "არსენალი" და "ვესტ ჰემი" შეხვდებიან. "მეთოფეების" სატურნირო ამოცანები აღარ არის აქტუალური. არსენ ვენგერის
გუნდი მაინც ვეღარ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაში, შესაბამისად, პრიორიტეტად რჩება ევროპალიგის მოგება, რაც საშუალებას მისცემს "არსენალს", შემოდგომაზე ევროპის უმთავრეს ევროტურნირში ითამაშოს.

ვენგერის კრებული იმდენად არაპროგნოზირებადია (უფრო ნეგატიური კუთხით) ამ სეზონში, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არადა "ატლეტიკოს" სახით მეტოქე მართლაც რომ ურთულესია. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დერბიში რამდენადმე გადახალისებულ "არსენალს" ვიხილავთ.

"ლივერპული" ამ სეზონში ორჯერ შეხვდა "ვესტ ბრომვიჩს" და ერთი თამაშიც ვერ მოუგო, თასზე კი სულაც შინ დამარცხდა (2:3). პირველი წრის მატჩი კი "ენფილდზე" უგოლოდ დასრულდა.

"ლივერპული" მაინც მოსაგებად ითამაშებს, მიუხედავად იმისა, სატურნირო მოტივაცია, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, ხოლო რამდენიმე დღეში "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უწევს. აქედან გამომდინარე, იურგენ კლოპმაც, შეიძლება, გარკვეულწილად გადაახალისოს შემადგენლობა.

"ვესტ ბრომვიჩს" რაც შეეხება, ის თითქმის გავარდნილია პრემიერლიგიდან, მაგრამ მაინც არ ნებდება - აგერ, წინა ტურში "ოლდ ტრაფორდზე" თვით "იუნაიტედი" გააკრა ბეჭებზე.

ამ უქმეებზე ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩებიც ("მანჩესტერი"-"ტოტენჰემი" 21 აპრილს, "ჩელსი"-"საუთჰემპტონი" 22 აპრილს) იმართება. "იუნაიტედმა" ამ ტურის მატჩი "ბორნმუთთან" (2:0) ოთხშაბათს ითამაშა, ხოლო "ტოტენჰემმა" სამშაბათს - 1:1 "ბრაიტონთან". გუშინ "ჩელსიმ" XXXI ტურის გამოტოვებული შეხვედრა ჩაატარა "ბარნლისთან", "ლესტერმა" კი ამ ტურის (XXXV) მატჩში "საუთჰემპტონს" უმასპინძლა.

ფაქტები
  • "უოტფორდმა" ბოლო ორ შეხვედრაში შეძლო "კრისტალ პალასის" დამარცხება.
  • "არსენალსა" და "ვესტ ჰემს შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "სტოკისა" და "ბარნლის" შორის ბოლო 4 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "მანჩესტერ სიტისა" და "სუონსის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXV ტური
შაბათი, 21 აპრილი
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 15:30
უოტფორდი-კრ. პალასი 18:00

კვირა, 22 აპრილი
არსენალი-ვესტ ჰემი 16:30
სტოკი-ბარნლი 16:30
მანჩესტერ სიტი-სუონსი 19:30

ორშაბათი, 23 აპრილი
ევერტონი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 30 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 16 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 15 - რობერტო ფირმინო (ლივერპული).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული