პრემიერლიგა. XXXVI ტურის წინ: ვენგერი VS მოურინიო - სერიალის დასასრული

AutoSharing Option
სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ამ წყვილზე ცოტა სხვანაირად დავწერდით, მაგრამ ახლა მოსალოდნელ ჯახს მარილი აკლია. "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" უმასპინძლებს.

პრემიერლიგის ორი "მონსტრი" სხვადასხვა სიტუაციაშია. "არსენალი უკვე შეგუებულია იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ევროპალიგის მოგებით თუ მოხვდება, "მანჩესტერი" კი იმისთვისღა იბრძვის, რომ პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავოს.

და მაინც, ამ წყვილის ნაკლებად სერიოზულად აღქმა არაფრით არ შეიძლება, რადგან ეს ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის დაპირისპირებაა. ამ ორი სპეციალისტის პირადი ჯახი წლების განმავლობაში იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა.

როცა ცნობილი გახდა, რომ
ვენგერი "არსენალს" ტოვებდა, პორტუგალიელი მას ძალიან თბილად გამოემშვიდობა. ხანდახან ფეხბურთშიც ხდება ისე, რომ დიპლომატიას ვერ უღალატებ. არადა, ყველამ იცის, რომ მოურინიოს არ უყვარს არსენი და პირიქით...

ინტრიგა ერთ დეტალშიც დევს - ვენგერი, ალბათ, აღარასოდეს იმუშავებს პრემიერლიგაში, მოურინიო კი "იუნაიტედიდან" წასვლას არ აპირებს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ამ ორი გამორჩეული სპეციალისტის ბოლო დაპირისპირება საფეხბურთო ასპარეზზე...

"ტოტენჰემმა" ბოლო ორ მატჩში 4 ქულა დაკარგა და "ჩელსის" ოცნება გააცოცხლა - ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს და ამისთვის "სუონსის" აუცილებლად უნდა მოუგოს. ეს ამოცანა შეუსრულებელთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება.

"არისტოკრატთათვის" ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი. "ჩელსის" იმედი უნდა ჰქონდეს, რომ "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს" ფეხი დაუცდება. თუმცა ამის წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან "ტოტენჰემი" "უოტფორდს" მასპინძლობს, "ლივერპული" კი - "სტოკს".

თუ "უოტფორდს" არანაირი სატურნირო მოტივაცია არ ამოძრავებს, "სტოკი" გააფთრებით იბრძვის პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ რა უნდა გააწყოს გუნდმა "ენფილდზე"?

ერთადერთი, რისი იმედიც პრემიერლიგის მაჩანჩალას შეიძლება ჰქონდეს, ის არის, რომ მერსისაიდელები შედარებით გადაღლილები შეიძლება იყვნენ "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ...

პრემიერლიგის ფსკერზეც ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. მართალია, ჩემპიონი გამოვლენილია, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგას ინტრიგა ნამდვილად არ აკლია. აქედან გამომდინარე, ჩვენც დაძაბული ფინიშის მოლოდინში ვართ.

ფაქტები
  • "ლივერპულმა" ბოლო 4 შეხვედრა მოუგო "სტოკს".
  • "ბარნლისა" და "ბრაიტონს" შორის უკანასკნელი 4 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "კრისტალ პალასსა" და "ლესტერს" შორის ბოლო სამ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ევერტონმა" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ჰადერსფილდს".
  • "ჩელსიმ" ბოლო 2 მატჩში მოახერხა "სუონსის" დამარცხება.
  • "მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში შანსი არ მისცა "ვესტ ჰემს".
  • "არსენალის" მონაწილეობით გამართულ ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXVI ტური
შაბათი, 28 აპრილი
ლივერპული-სტოკი 15:30
ბარნლი-ბრაიტონი 18:00
კრ. პალასი-ლესტერი 18:00
ჰადერსფილდი-ევერტონი 18:00
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
საუთჰემპტონი-ბორნმუთი 18:00
სუონსი-ჩელსი 20:30

კვირა, 29 აპრილი
ვესტ ჰემი-მან. სიტი 17:15
მანჩესტერ იუნ-არსენალი 19:30

ორშაბათი, 30 აპრილი
ტოტენჰემი-უოტფორდი 23:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული