ფაქტი ისაა, რომ ემერის პირველივე ტურში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს საკუთარ "ემირეითსზე", საიდანაც "მანჩესტერ სიტი" ტიტულის დაცვის კამპანიას შეუდგება. ამ მხრივ, ემერის ნამდვილად არ გაუმართლა...
რა თქმა უნდა, ფავორიტი სწორედ "სიტია", თუმცა განახლების გზაზე მდგარი "არსენალიც" ერთობ საინტერესო საცქერი უნდა იყოს. ინგლისური პუბლიკა ამ
საინტერესო სტატისტიკა - აქამდე ემერი და გვარდიოლა ერთმანეთს 10-ჯერ გადაეყარნენ. აქედან 6-ჯერ გამარჯვებული გვარდიოლა გამოვიდა, ხოლო 4-ჯერ მეტოქეები დაზავდნენ. ეს ყველაფერი "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირებებიდანაა. ერთი სიტყვით, ემერი ეცდება, სავალალო "ნული" როგორმე ამოშალოს მოგებათა გრაფიდან.
"სიტის" მთავარი საზაფხულო შენაძენი "ლესტერის" აწ უკვე ყოფილი ლიდერი რიად მაჰრეზი გახლდათ, "არსენალმა" კი გერმანელი მეკარე ბერნდ ლენო ("ლევერკუზენი"), შვეიცარიელი მარჯვენა მცველი შტეფან ლიხტშტაინერი ("იუვენტუსი"), ბერძენი უკანახაზელი სოკრატის პაპასტატოპულოსი ("დორტმუნდი") და ძალიან საინტერესო ურუგვაელი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა ("სამპდორია") აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "სიტი" და "არსენალი" 3-ჯერ (ერთხელ - ლიგის თასის ფინალში) შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი მანჩესტერელებმა მოიგეს საერთო ანგარიშით - 9:1.
გასაგები მიზეზების გამო ქრონოლოგია დავარღვიეთ. ჯერ ვილაპარაკეთ მატჩზე, რომლითაც პირველი ტური დაიხურება, გახსნა კი "ოლდ ტრაფორდზეა" და თან პრემიერლიგისთვის იშვიათ დღეს - პარასკევს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო ასპარეზზე "ლესტერის" ძლევას შეეცდება. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ უკანასკნელმა დაკარგა მაჰრეზი, ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კი სწორედ "იუნაიტედის" სამიზნეა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი საათით ადრე ჟოზე მოურინიო დარწმუნებული არ იყო, რომ კლუბი მისთვის სასურველ რომელიმე მოთამაშეს შეიძენდა:
"არა მგონია, დღეს სატრანსფერო ბაზარზე რამე გავაკეთოთ, მით უმეტეს, ის უკვე იხურება და დრო ძალიან მცირეა. ასე რომ, ისღა დამრჩენია, კონცენტრირება მოვახდინო არსებულ კონტინგენტზე და ამ რესურსით ვცადოთ წარმატების მიღწევა იმ ფონზე, როცა კონკურენტები საგრძნობლად გაძლიერდნენ".
იმ მომენტისთვის, როცა მოურინიო ამ კომენტარს აკეთებდა, მისი ერთადერთი სოლიდური შენაძენი (52 მილიონი ფუნტი) "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი გახლდათ...
სატრანსფერო ბაზარზე პასიურ "ტოტენჰემს", რომელიც "ნიუკასლს" სტუმრობს, ძირითადად, ძველი კადრებით მოუწევს ფონს გასვლა. რა თქმა უნდა, მაურისიო პოჩეტინოს ხელთ ძალიან კარგი შემადგენლობაა, მაგრამ ვეჭვობთ, ეს საკმარისი იყოს იმაზე მეტისთვის, რასაც გუნდმა გასულ სეზონში (მე-3 ადგილი) მიაღწია.
საკითხავია, მოასწრეს თუ არა ძალების აღდგენა მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა და იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს? ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი შეგახსენებთ - გასულ სეზონში "დეზებმა" "ნიუკასლს" ორივე მატჩი "მშრალად" მოუგეს.
"ჩელსის" რთული გასვლითი მატჩი ელოდება "ჰადერსფილდთან", რომელსაც წინა სეზონში აქ 3:1 მოუგო, შინ კი 1:1 ითამაშა. "არისტოკრატებს" ახალი მწვრთნელი (მაურიციო სარი) ჰყავთ და ერთი მხრივ, ეს პრობლემაცაა, რადგან იტალიელი ახალი დანიშნულია და მცირე დრო ჰქონდა გუნდის სათავისო თარგზე მოსაჭრელად. მეორე მხრივ, დანაკლისია მეკარე ტიბო კურტუას წასვლა. სამაგიეროდ, "ჩელსის" ჰყავს ახალი მეკარე - კეპა არისაბალაგა "ბილბაოდან". თან 23 წლის ნიჭიერი ბასკი გოლკიპერი არ არის უბრალო შენაძენი. ლონდონელებმა მასში 71 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და მსოფლიოს უძვირეს მეკარედ აქციეს. მთლად ახალია მატეო კოვაჩიჩიც "რეალიდან". მოედნის ცენტრში სარის ძალიან სჭირდებოდა ტექნიკური ნახევარმცველი და ხორვატიც სწორედ ასეთია.
ამ ზაფხულს პრემიერლიგის გრანდებიდან ყველაზე მეტად "ლივერპული" გაძლიერდა და ამას ყველა ექსპერტი აღიარებს - ფაბინიო, ნაბი კეიტა, ჯერდან შაჩირი და, რაც მთავარია, მეკარე ალისონ ბეკერი, რომელიც იურგენ კლოპს, წესით, ერთ გვარიან პრობლემას მოუხსნის.
კარგი ფეხბურთელები დაიმატა "ვესტ ჰემმაც" (თუნდაც ჯეკ უილშირი, ფელიპე ანდერსონი, ლუკას პერესი...). ასე რომ, "ენფილდზე" კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში კლოპის გუნდმა "ჩაქუჩებს" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო.
ფაქტები
- "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო 2 მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.
- "ფულჰემსა" და "კრისტალ პალასს" შორის უკანასკნელ ხუთ თამაშში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
- "უოტფორდსა" და "ბრაიტონს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- "ვულვზმა" და "ევერტონმა" ბოლოს 2012 წელს ითამაშეს (0:0).
- ბოლო სამ შეხვედრაში "ლივერპულმა" "ვესტ ჰემს" 4-4 გოლი გაუტანა.
- "საუთჰემპტონს" ბოლო 3 მატჩია, არ დაუმარცხებია "ბარნლი".
- "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო ორი პრემიერლიგური მატჩი მოუგო "არსენალს".
- "ბორნმუთი" და "კარდიფი" ინგლისის მთავარი ლიგის ეგიდით პირველ მატჩს გამართავენ.
პრემიერლიგა. I ტური
პარასკევი, 10 აგვისტო
მანჩესტერ იუნ-ლესტერი 23:00
შაბათი, 11 აგვისტო
ნიუკასლი-ტოტენჰემი 15:30
ბორნმუთი-კარდიფი 18:00
ფულჰემი-კრ. პალასი 18:00
ჰადერსფილდი-ჩელსი 18:00
უოტფორდი-ბრაიტონი 18:00
ვულვზი-ევერტონი 20:30
კვირა, 12 აგვისტო
ლივერპული-ვესტ ჰემი 16:30
საუთჰემპტონი-ბარნლი 16:30
არსენალი-მანჩესტერ სიტი 19:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"