პრემიერლიგა. II ტური: ბევრი ფულის, კლასისა და ბოღმის ამბავი [VIDEO]

AutoSharing Option
შესაძლოა, პრემიერლიგის მეორე ტურზე ბევრია სათქმელი და იმაზე გვეფიქრა, რითი დაგვეწყო. თუმცა ახლა ამაზე კარგი და სახასიათო ვერაფერი ვნახეთ, მით უფრო, რომ სამატჩო პერიპეტიები შაბათის შემდეგ უნახავი არ დაგრჩებოდათ...

მოკლედ, ის გვინდოდა გვეთქვა, რომ ჟოზე მოურინიო თავის სტიქიაშია. მოსწყინდა კაცს "იუნაიტედის" ბოსებთან უშედეგო ჭიდილი თუ ბუტიაობა და აგერ, "დაბალი" ღობე მოძებნა - მთელი ბოღმა "მანჩესტერ სიტისა" და პეპ გვარდიოლაზე ამოანთხია.

"შეიძლება ბევრი ფეხბურთელი იყო, ბევრი ფული დახარჯო, მაგრამ კლასს მაინც ვერ იყიდი", - თქვა "განსაკუთრებულმა".

შედარებისთვის, საინტერესოა იურგენ კლოპის კომენტარი
იმავე "სიტისთან" დაკავშირებით:

"იდიოტი უნდა იყო, იფიქრო, რომ დე ბრუინის ტრავმის გამო გვარდიოლა თამაშებს ვეღარ მოიგებს".

არც ერთი მათგანის ადვოკატები არ ვართ, მაგრამ ფაქტია - კევინ დე ბრუინის გარეშე "სიტიმ" გუშინ უმოწყალოდ დაარბია "ჰადერსფილდი". პირველი (სულ მეცხრე - პრემიერლიგაში) ჰეთ-თრიკი გაიფორმა სერხიო აგუერომ, რის შემდეგაც პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში უკვე 14 გოლი დაუგროვდა, თავად "სიტიმ" კი გვარდიოლას თავკაცობით ჩატარებულ 39 საშინაო მატჩში 104 გოლი მიითვალა.


"ჩელსიმ" ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მიუხედავად ამისა, "არისტოკრატების" ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული თავისი გუნდის შესაძლებლობებში, ბოლომდე გაუწიოს კონკურენცია "სიტის".

რაც შეეხება "არსენალს", 1986 წლის შემდეგ უნაი ემერი "მეთოფეთა" პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონატი ზედიზედ ორი მარცხით დაიწყო. საინტერესოა, რომ ემერის სამივე გოლი ესპანელებმა გაუტანეს, ედენ აზარმა კი, რომელიც კვლავ სკამიდან ჩაერთო თამაშში, მორიგი საგოლე პასი მიითვალა.


"ტოტენჰემმა", რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი ჰქონდა, პრემიერლიგა ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო. გოლი გაიტანა ჰარი კეინმაც. თითქოს, რა უნდა იყოს ამაში გასაკვირი, მაგრამ აქ სტატისტიკაა საინტერესო - საქმე ისაა, რომ ბოლო ერთ წელიწადში ეს არის კეინის პირველი გოლი აგვისტოში.

იმის "დასამტკიცებლად", რომ მთავარია კლასი და არა ის, თუ რამდენს ხარჯავ, "მანჩესტერმა" "ბრაიტონთან" წააგო - 2:3 ("იუნაიტედმა" "ამექს სთედიუმზე" გასულ სეზონის ბოლოსწინა ტურშიც წააგო - 0:1). სხვათა შორის, პრემიერლიგაში მეათედ მოხდა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვეს, ხოლო 2015 წლის ("არსენალთან") მერე - პირველად.

მოურინიოს გუნდი ძალიან უსახური და უფანტაზიო იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც ოპონენტს ჰქონდა სატრაბახოდ, მაგრამ თამაშის ბედი "თოლიების" მოტივაციამ და ჟინმა გადაწყვიტა.


პრემიერლიგა. II ტური
კარდიფი-ნიუკასლი 0:0
გაძევება: ჰეიდენი (66. ნიუკასლი)
გამოუყენებელი პენალტი: კენედი (90+6. ნიუკასლი)

ევერტონი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 უოლკოტი (15), 2:0 რიჩარლისონი (31), 2:1 ინგსი (54)

ლესტერი-ვულვზი 2:0
გოლები: 1:0 დოჰერტი (29-საკ. კარში), 2:0 მედისონი (45)
გაძევება: ვარდი (66. ლესტერი)

ტოტენჰემი-ფულჰემი 3:1
გოლები: 1:0 ლუკას მოურა (43), 1:1 მიტროვიჩი (52), 2:1 ტრიპიერი (75), 3:1 კეინი (78)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი (64. დემბელე), ვერტონგენი - ტრიპიერი, ერიკსენი, დაიერი (73. ლამელა), ბ. დევისი - ლუკას მოურა, ალი - კეინი (89. უინქსი).

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 1:2
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (33-პენ), 1:1 უილსონი (61), 1:2 კუკი (66)

ჩელსი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 პედრო (9), 2:0 მორატა (20), 2:1 მხითარიანი (37), 2:2 ივობი (41), 3:2 ალონსო (81)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი (60. კოვაჩიჩი) - პედრო, ვილიანი (61. აზარი), მორატა (75. ჟირუ).
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, მონრეალი - გენდუზი, ჯაკა (46. ტორეირა) - მხითარიანი, იოზილი (68. რემზი), ივობი (75. ლაკაზეტი) - ობამეიანგი.

ბარნლი-უოტფორდი 1:3
გოლები: 0:1 ე. გრეი (3), 1:1 ტარკოვსკი (6), 1:2 დინი (48), 1:3 ჰიუზი (51)

მანჩესტ. სიტი-ჰადერსფილ. 6:1
გოლები: 1:0 აგუერო (25), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (31), 3:0 აგუერო (35), 3:1 სტანკოვიჩი (43), 4:1 დავიდ სილვა (48), 5:1 აგუერო (75), 6:1 კონგოლო (84-საკ. კარში)
სიტი (3-4-1-2): ედერსონი - სტოუნზი, კომპანი, ლაპორტი - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (82. ფოდენი), დავიდ სილვა (64. მაჰრეზი), მენდი - ბერნარდო სილვა - გაბრიელ ჟეზუში, აგუერო (76. სანე).

ბრაიტონი-მანჩესტ. იუნ 3:2
გოლები: 1:0 მარეი (25), 2:0 დაფი (27), 2:1 ლუკაკუ (34), 3:1 გროსი (44-პენ), 3:2 პოგბა (90+5-პენ)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ფრედი, ანდრეას პერეირა (46. ლინგარდი), პოგბა - მატა (46. რაშფორდი), მარსიალი (60. ფელაინი), ლუკაკუ.

ორშაბათი. 20 აგვისტო
23:00 კრ. პალასი-ლივერპული

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი); 2 - კალუმ უილსონი (ბორნმუთი), სადიო მანე (ლივერპული), პედრო (ჩელსი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური
25 აგვისტო. ვულვზი-მანჩესტერ სიტი, არსენალი-ვესტ ჰემი, ბორნმუთი-ევერტონი, ჰადერსფილდი-კარდიფი, საუთჰემპტონი-ლესტერი, ლივერპული-ბრაიტონი
26 აგვისტო. უოტფორდი-კრ. პალასი, ფულჰემი-ბარნლი, ნიუკასლი-ჩელსი
27 აგვისტო. მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენიც გინდათ იმდენი დისლაიქი დამიწერეთ,მაგრამ მაინც ვიტყვი,მაურინიო არის აცი რომელიც იუნაიტეტის გულშემატკივრობას ფგადაგაფიქრებინებს...პ.ს..ტინგიცა ანტიპატია
euhh
12:06 20-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული