პრემიერლიგა. IX ტურის წინ: ჟოზე წარსულის წინააღმდეგ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგ ტურში გამორჩეული თამაშის ძიება დიდხანს არ მოგიწევთ. "ჩელსი" საკუთარ ასპარეზზე მიიღებს "მანჩესტერ იუნაიტედს". ეს თამაში ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ცენტრალური, მაგრამ ახლა - მით უმეტეს. ჟოზე მოურინიო, ვინც ამჟამად "იუნაიტედის" სათავეში დგას, წების განმავლობაში წერდა "არისტოკრატთა" თანამედროვე ისტორიას.

რა თქმა უნდა, ეს ისეთი წყვილია, ფავორიტს რომ ვერავინ გამოარჩევს. "ჩელსი" ამ თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ეგებება. ერთადერთი, კითხვის ნიშნის ქვეშაა გერმანიის ნაკრების მცველ ანტონიო რიუდიგერის მინდორზე გასვლა. რაც შეეხება "მანჩესტერს", "წითელ ეშმაკებს" ამ შეხვედრაში ანდერ ერერა, ჯესი ლინგარდი და მარკოს როხო
დააკლდებათ.

ერთი შეხედვით, "ჰადერსფილდთან" იოლი მატჩი უნდა ელოდეს "ლივერპულს", მაგრამ მთლად ასე ალბათ არ იქნება. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თამაშს მერსისაიდელთა ლიდერები - მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე. პირველმა ფეხი იტკინა, მეორეს კი ხელის თითი აქვს მოტეხილი. გვინეის ნაკრებში ყოფნისას დაშავდა ნაბი კეიტაც, ტრავმირებულია ჯეიმს მილნერიც. დიდი ალბათობით მინდორზე ვერ ვიხილავთ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსაც...

ერთი სიტყვით, იურგენ კლოპს სერიოზული თავსატეხი ექნება ძირითადი შემადგენლობის განსაზღვრისას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მერსისაიდელებმა 3 ქულისთვის უნდა იბრძოლონ, ისევე, როგორც "ვესტ ჰემმა" და "ტოტენჰემმა" - ლონდონურ დერბიში. შესაძლოა, "დეზებს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდეთ. მაგალითად, წინასწარი ინფორმაციით გამორიცხულია მინდორზე დელე ალის გასვლა. არ იქნება იან ვერტონგენიც. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დროულად გამოჯანმრთელებას კრისტიან ერიქსენი.

"არსენალი" ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ "ლესტერთან" მატჩში. უნაი ემერის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო შეხვედრებში უაღრესად შინაარსიან, ტექნიკურ ფეხბურთს გვიჩვენებს. კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე მეტოქე ბედს შეტევაში ეძებს.

ფაქტები
  • "ჩელსისა" და "მანჩესტერის" ბოლო 6 მატჩი წყვილის მასპინძელმა მოიგო.
  • "ბორნმუთისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "კარდიფმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "ფულჰემის" დამარცხება.
  • "მანჩესტერ სიტისა" და "ბარნლის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ნიუკასლსა" და "ბრაიტონს" შორის წინა 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ვესტ ჰემსა" და "ტოტენჰემს" შორის უკანასკნელ 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ლივერპულმა" ბოლო 4 შეხვედრა მოუგო "ჰადერსფილდს".
  • "ევერტონისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ლესტერმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "არსენალის" დამარცხება.

პრემიერლიგა. IX ტური
შაბათი, 20 ოქტომბერი
ჩელსი-მანჩესტერ იუნ 15:30
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 18:00
კარდიფი-ფულჰემი 18:00
მანჩესტერ სიტი-ბარნლი 18:00
ნიუკასლი-ბრაიტონი 18:00
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 18:00
ვულვზი-უოტფორდი 18:00
ჰადერსფილდი-ლივერპული 20:30

კვირა, 21 ოქტომბერი
ევერტონი-კრისტალ პალასი 19:00

ორშაბათი, 22 ოქტომბერი
არსენალი-ლესტერი 23:00

ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული