პრემიერლიგა. XIV ტური: ის, რაც არასოდეს გინახავთ [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტური "მანჩესტერ სიტის" ზეობით გაიხსნა. ხოსეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა "ბორნმუთს" ანგარიშით 3:1 მოუგო.

ეს არ იყო მთლად იოლი გამარჯვება, მაგრამ "ქალაქელებმა" 3 ქულა აშკარად დაიმსახურეს.

ბერნარდო სილვამ ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე გახსნა, ტაიმის ბოლომდე კი კალუმ ვილსონმა თავური დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ნახევარში უკვე რაჰიმ სტერლინგისა და ილქაი გიუნდოგანის ჯერი დადგა. თამაშის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ შემდეგი თქვა:

"პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ იმ რიტმში, როგორშიც გვსურდა. მეორე ნახევარში ვითარება შევცვალეთ. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება", - თქვა შეხვედრის დსარულების შემდეგ
გვარდიოლამ.


არმსტრონგისა და სედრიკ სოარეშის (საჯარიმოდან) გოლებით "საუთჰემპტონი" 2-ბურთიანი უპირატესობით უგებდა "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს - მარკუს რაშფორდმა ჯერ რომელუ ლუკაკუს გაატანინა, მერე კი ანდერ ერერასაც უპასა საგოლედ.

ესპანელს მართლაც რომ ულამაზესი გოლი გამოუვიდა. ეგაა, მეორე ტაიმში "იუნაიტედი" მეტოქეზე უარესი იყო და გამარჯვებას არანაირად არ იმსახურებდა. საბოლოოდ, ლოგიკური ფრე - 2:2.


"ჩელსიმ" ხასიათი გამოიკეთა და საშინაო ასპარეზზე 2:0 მოუგო "ფულჰემს". თამაში ისეთი იყო, "არისტოკრატებს" თავისუფლად შეეძლოთ, ქულა დაეკარგათ. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ. ნგოლო კანტემ კარგად წაიღო ბურთი და პედროს თავისიანები დააწინაურებინა.

ამის შემდეგ "ფულჰემმა" თავისი თამაში იპოვა. სტუმრებს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდათ, განსაკუთრებით - კალუმ ჩემბერსს. შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა კარის დარაჯმა კეპა არისაბალაგამ. წერტილი კი რუბენ ლოფტუს-ჩიკმა დასვა, ვინც შეცვლაზე შევიდა.


"არსენალმა" ლონდონური დერბი მოუგო "ტოტენჰემს". "მეთოფეებმა" განსაკუთრებით მეორე ტაიმში ითამაშეს ისეთი ფეხბურთი, როგორიც ამ სეზონში თვით "მანჩესტერ სიტისაც" არ უთამაშია. უნაი ემერის გუნდი აბსოლუტურად იმსახურებდა ამ გამარჯვებას.

თამაში გარდატეხა თავად ემერის გადაწყვეტილებამ - შესვენების შემდეგ მან ერთდროულად შეუშვა მოედანზე ალექსანდრ ლაკაზეტი და აარონ რემზი. ამის შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც "ემირეითსის" პუბლიკა ისურვებდა.

განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ პიერ-ემერიკ ობამეიანგი. "არსენალის" გაბონელმა შემტევმა მართლაც რომ განსაკუთრებული ფეხბურთი აჩვენა და ორ გოლს ერთი საგოლე გადაცემაც დაუმატა.

"ტოტენჰემი" იგებდა, მაგრამ "არსენალმა" ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მეორე ტაიმი. ამ შეხვედრაში მართლაც რომ ყველაფერი იყო: გოლები სხვადასხვა გემოვნების გულშემატკივრისთვის, დიდი დაძაბულობა, რომელიც ახლავს დერბის და წითელი ბარათი.

ასევე იყო დიდი ჩხუბი "არსენალის" სათადარიგოთა სკამთან... მოკლედ, შოუ აშკარად შედგა.


სასწაული ფინიში ჰქონდა ლივერპულურ დერბის. ორივე გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ მატჩი უგოლო დასასრულისკენ მიდიოდა და ის იყო, არბიტრს საფინალოდ უნდა ჩაესტვინა...

..."ლივერპულმა" ბოლო შეტევა დაიწყო. ვირჯილ ვან დაიკმა უხეიროდ დაარტყა გადმოვარდნილ ბურთს, რომელიც ზემოდან დაეცა ხარიხას და თითქოს გადადიოდა ხაზს მიღმა, მაგრამ... ჯორდან პიკფორდი დაიბნა და ბურთი უკან შემოაბრუნა, იქვე ჩასაფრებულმა დივოკ ორიგიმ კი თავით შეაგდო კარში - 1:0.

"ლივერპული" მეტოქეზე ოდნავ უკეთესი იყო, მაგრამ რამდენჯერმე აშკარად გადარჩა. გოლი კი მართლაც განსაკურებული აღმოჩნდა - ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ...


ფაქტები
  • "ბორნმუთთან" მატჩი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მე-400 გამარჯვება გახლდათ.
  • "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო.
  • სედრიკ სოარეშმა "საუთჰემპტონის" რიგებში მე-100 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.
  • "არსენალმა" ვერც ამჯერად მოიგო მატჩის პირველი ტაიმი.
  • მიმდინარე სეზონში "მეთოფეებმა" პირველად მოახერხეს პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის გუნდის დამარცხება.
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბოლო 10 გოლის გასატანად ამდენივე დარტყმა დასჭირდა.
  • "არსენალს" 19 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა.
  • დივოკ ორიგიმ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და გაიტანა.

პრემიერლიგა. XIV ტური
კარდიფი-ვულვზი 2:1
გოლები: 0:1 დოჰერტი (18), 1:1 გუნარსონი (65), 2:1 ჰოილეტი (77)

კრ. პალასი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 მაკარტური (16), 2:0 თაუნსენდი (77)

ჰადერსფილდი-ბრაიტონი 1:2
გოლები: 1:0 იორგენსენი (1), 1:1 დაფი (45+4), 1:2 ანდონე (69)
გაძევება: მუნიე (32. ჰადერსფილდი)

ლესტერი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ვარდი (12-პენ), 2:0 მედისონი (23)
გაძევება: კაპუ (90. უოტფორდი)

მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (16), 1:1 უილსონი (44), 2:1 სტერლინგი (57), 3:1 გიუნდოგანი (80)
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო (54. დელფი) - ბერნარდო სილვა (87. ბერნარდო სილვა), ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი, სანე, გაბრიელ ჟეზუში (77. დავიდ სილვა).

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 ხავიერ ერნანდესი (11), 0:2 ხავიერ ერნანდესი (63), 0:3 ფილიპე ანდერსონი (90+3)

საუთჰემპ.-მანჩესტერ იუნ 2:2
გოლები: 1:0 არმსტრონგი (13), 2:0 სოარეში (20), 2:1 ლუკაკუ (33), 2:2 ერერა (39)
მანჩესტერი (5-3-2): დე ხეა - იანგი, მაკტომინი, ჯოუნსი, მატიჩი, შოუ (72. დალოტი) - ფელაინი, ერერა, პოგბა - ლუკაკუ (86. ლინგარდი), რაშფორდი (77. მარსიალი).

ჩელსი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 პედრო (4), 2:0 ლოფტუს-ჩიკი (82)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო (78. ძაპაკოსტა) - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (67. ლოფტუს-ჩიკი) - პედრო, ე. აზარი, ჟირუ (70. მორატა).

არსენალი-ტოტენჰემი 4:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (10-პენ), 1:1 დაიერი (30), 1:2 კეინი (34-პენ), 2:2 ობამეიანგი (56), 3:2 ლაკაზეტი (74), 4:2 ტორეირა (77)
არსენალი (3-4-3): ლენო - მუსტაფი (71. გენდუზი), პაპასტატოპულოსი, ჰოლდინგი - ბელერინი, ტორეირა, ჯაკა, კოლაშინაცი - მხითარიანი (46. რემზი), ობამეიანგი, ივობი (46. ლაკაზეტი).
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ლორისი - ორიე, ვერტონგენი, ფოიტი, ბ. დევისი (82. როუზი) - დაიერი, სისოკო - ალი (79. უინქსი) - სონი (79. ლუკას მოურა), კეინი.

ლივერპული-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ორიგი (90+6)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვაინალდუმი, ფაბინიო - შაჩირი (71. კეიტა), ფირმინო (84. ორიგი), მანე - სალაჰი (75. სტარიჯი).

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), გლენ მარეი (ბრაიტონი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ბორნმუთი-ჰადერსფილდი, ბრაიტონი-კრ. პალასი, ვესტ ჰემი-კარდიფი, უოტფორდი-მანჩესტერ სიტი
5 დეკემბერი: ბარნლი-ლივერპული, ევერტონი-ნიუკასლი, ფულჰემი-ლესტერი, ვულვზი-ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი, ტოტენჰემი-საუთჰემპტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული