პრემიერლიგა. XV ტურის წინ: "არსენალს" რევანში სწყურია, "საუთჰემპტონმა" ჰიუზი დაითხოვა

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" მიიღებს.

ჟოზე მოურინიომ თუ გუნდი ისევ არ ჩასვა დაცვაში, თამაში ბევრ საინტერესოს გვპირდება, მით უმეტეს, "არსენალის" დღევანდელი კონდიციებიდან გამომდინარე.

"მეთოფეები" რევანშზე ფიქრობენ. მათ "იუნაიტედთან" ბოლო 2 დაპირისპირება წააგეს და, რა გასაკვირია, რომ ახლა გამარჯვებაზე ფიქრობენ. ამის საფუძველი ნამდვილად აქვთ. კვირას უნაი ემერის გუნდმა დიდებული მატჩი (4:2) ჩაატარა "ტოტენჰემთან". განსაკუთრებით, მისი მეორე ტაიმი, როცა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წალეკეს მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები.

ამ შეხვედრაში, წესით, ვერ უნდა ითამაშოს ალექსის სანჩესმა, ვინც ტრავმირებულია.
ჩილელის გარდა, "იუნაიტედის" ლაზარეთში არიან მცველები - ვიქტორ ლინდელიოფი და მატეო დარმიანი. რაც შეეხება "არსენალს", არ იქნებიან ნაჩო მონრეალი და დენი უელბეკი.

"მანჩესტერ სიტი" სულ უგებს "უოტფორდს" და სასწაული უნდა მოხდეს, ახლაც რომ ვერ აჯობოს. "არსენალის" არ იყოს, "ქალაქელებიც" სასწაულ ფორმაში არიან და მეტოქეთაგან ქვას ქვაზე არ ტოვებენ. "სიტის" ამ შეხვედრაში კევინ დე ბრუინი, ბენჟამინ მენდი და ელიაკიმ მანგალა დააკლდებიან.

"ჩელსის" რთული გასვლითი თამაში ელის "ვულვზთან". პრემიერლიგის დებიუტანტებს კვალიფიციური შემადგენლობა ჰყავთ და თუ ბოლომდე იბრძოლეს, "არისტოკრატები", შესაძლოა, გარკვეული სიძნელეების წინაშე დადგნენ.

მუსა დემბელეს, დავინსონ სანჩესისა და ვიქტორ ვანიამას გარეშე მოთამაშე "ტოტენჰემი" მაინც ფავორიტად ითვლება "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში. "წმინდანები" უმწვრთნელოდ არიან. კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან დაითხოვა მარკ ჰიუზი, რომელსაც დროებით მისი ასისტენტი კელვინ დევისი შეცვლის.

"ლივერპული" ჩადის "ბარნლისთან" სათამაშოდ და, წესით, უნდა მოიგოს. ეს იმის მიუხედავად, რომ ენფილდელები ბოლოს ვეღარ არიან იდეალურ ფორმაში და, აგერ, რაღაც სასწაული გამართლების წყალობით მოუგეს "ევერტონს" ლივერპულური დერბი. გოლით შეგვახსენა თავი დივოკ ორიგიმ, ვინც მიმდინარე სეზონში ყველასგან დავიწყებულია.

ფაქტები
  • "ბორნმუთისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო ორ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "ბრაიტონისა" და "კრისტალ პალასის" უკანასკნელ ორ თამაშში.
  • "ვესტ ჰემმა" მიჯრით 6 შეხვედრა მოუგო "კარდიფს".
  • "სიტიმ" ზედიზედ 8 თამაშში აგემა მარცხი "უოტფორდს".
  • "ბარნლისა" და "ლივერპულის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ევერტონმა" ზედიზედ 5 მატჩი მოუგო "ნიუკასლს".
  • "ფულჰემმა" და "ლესტერმა" ზედიზედ 4 მატჩში გაუშვეს და გაიტანეს.
  • "ჩელსიმ" ზედიზედ 4 მატჩი მოუგო "ვულვზს".
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 2 თამაშში აჯობა "არსენალს".
  • "ტოტენჰემისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XV ტური
სამშაბათი, 4 დეკემბერი
ბორნმუთი-ჰადერსფილდი 23:45
ბრაიტონი-კრ. პალასი 23:45
ვესტ ჰემი-კარდიფი 23:45
უოტფორდი-მანჩესტერ სიტი 23:59

ოთხშაბათი, 5 დეკემბერი
ბარნლი-ლივერპული 23:45
ევერტონი-ნიუკასლი 23:45
ფულჰემი-ლესტერი 23:45
ვულვზი-ჩელსი 23:45
მანჩესტერ იუნ-არსენალი 23:59
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 23:59

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), გლენ მარეი (ბრაიტონი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული